Facebook Twitter

№ბს-930-922(2კ-16) 30 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. მ-ის შუამდგომლობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 8 იანვარს ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ამხანაგობა „...“ დამფუძნებელი წევრები - ი. გ-ი, ნ. ჩ-ი, ბ. ზ-ი, ი. დ-ე, ა. მ-ი, მ. ნ-ე, ლ. ჭ-ე, მ. ზ-ი, გ. ჯ-ა, თ. კ-ე, ა. ჭ-ა, მ. ა-ი, ნ. კ-ო, მ. ბ-ი, ქ. ჩ-ე, გ. ა-ი, გ. ბ-ე, ვ. ვ-ი, რ. გ-ი, ი. ჩ-ე, მ. წ-ე, ს. ზ-ი, მ. ნ-ე, შ. ბ-ი, მ. წ-ე, თ. ა-ა, ი. ფ-ი, მ. ო-ე, ნ. ვ-ა, დ. ქ-ე, დ. ს-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულება, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტების გამოცემა დაევალათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა „...“ და დ. ს-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა „...“ და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები.

საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. მ-ემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთება-საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. მ-ის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი. მ-ე ითხოვს გასაჩივრებული - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანების (რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ... №16-ში, ... ქ. №17-ში, ... ქ. №19-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №...) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და დადგინდა მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემა) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების (რომლითაც ქ. თბილისში, ..., №16-სა და ... ქუჩა №17-19-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) მრავალფუნქციური შენობის განსათავსებლად, განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ1=0,5; კ2=8,0) მოქმედების შეჩერებას. გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა მოქმედების შეჩერებას ითხოვს კასატორი, შედის იმ შემთხვევათა ჩამონათვალში, როდესაც სარჩელის მიღება სასამართლოში ავტომატურად არ აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.2 მუხლი).

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებისას სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უფლების დროებით დაცვაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულება, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტების გამოცემა დაევალათ.

ი. მ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, რაც გახდა მისთვის საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გასაჩივრებული აქტების შეჩერების მოთხოვნით შუამდგომლობის აღძვრის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის არა არქიტექტურული პროექტის თავდაპირველი შეთანხმების შესახებ აქტის, არამედ სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდისა და კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო აქტების გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, გასაჩივრებული აქტების საფუძველზე მიმდინარეობს მშენებლობა, ამდენად, ი. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედება.

ამასთან, ი. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დიმიტრი გაბუნიას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. შეჩერდეს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

3. ი. მ-ეს დაუბრუნდეს წარმოდგენილ შუამდგომლობაზე დ. გ-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი