№ბს-930-922(2კ-16) 13 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობები სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერებით ამხანაგობა „...-ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 8 იანვარს ი. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ამხანაგობა „...-ის“ დამფუძნებელი წევრები - ი. გ-ი, ნ. ჩ-ი, ბ. ზ-ი, ი. დ-ე, ა. მ-ი, მ. ნ-ე, ლ. ჭ-ე, მ. ზ-ი, გ. ჯ-ა, თ. კ-ე, ა. ჭ-ა, მ. ა-ი, ნ. კ-ო, მ. ბ-ი, ქ. ჩ-ე, გ. ა-ი, გ. ბ-ე, ვ. ვ-ი, რ. გ-ი, ი. ჩ-ე, მ. წ-ე, ს. ზ-ი, მ. ნ-ე, შ. ბ-ი, მ. წ-ე, თ. ა-ა, ი. ფ-ი, მ. ო-ე, ნ. ვ-ა, დ. ქ-ე, დ. ს-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულება, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტების გამოცემა დაევალათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა „...-მა“ და დ. ს-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა „...-ის“ და დ. ს-ის საკასაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. მ-ემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2017 წლის 24 იანვარს ამხანაგობა „...-მა“ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებით ამხანაგობა „...-ს“ მიადგება ზიანი, კერძოდ, ამხანაგობა ვერ შეძლებს მშენებლობის დასრულებას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც ამხანაგობა ვერ ისარგებლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით და ამხანაგობას მოუწევს დღგ-ს და მოსაკრებლის ზედმეტად გადახდა. ასევე ამხანაგობას გააჩნია ვადიანი და პროცენტიანი სასესხო ვალდებულებები. ამასთან, გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების პირობებში, დავის მათ სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში ამხანაგობას ფინანსური სახსრების გამო მშენებლობის დასრულების შესაძლებლობა აღარ ექნება. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 199-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ რამდენადაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ზიანს აყენებს ამხანაგობა „...-ს“, მხარეთა ინტერესების გათანაბრების მიზნით, აუცილებელია ი. მ-ემ წარმოადგინოს უზრუნველყოფის გარანტია, რათა ამხანაგობამ შეძლოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებით მიყენებული ზიანის რეალურად ანაზღაურება, იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელი გამოდგება გამოყენებული ღონისძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობა „...-მა“ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერებით ამხანაგობა „...-ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ი. მ-ისთვის 9 341 227.98 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დავალება მოითხოვა.
2017 წლის 26 იანვარს ამხანაგობა „...-მა“ კვლავ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობები სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერებით ამხანაგობა „...-ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ სახეობას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).
ამხანაგობა „...“ წარმოდგენილი შუამდგომლობით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 199-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერებით ამხანაგობა „...-ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ი. მ-ისთვის 9 341 227.98 ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დავალებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი. მ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე და შუამდგომლობა სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე ეფუძნებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას; ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე დააკმაყოფილა ი. მ-ის შუამდგომლობა და შეაჩერა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის დაშვება, აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმება და ა.შ. ამასთან, მითითებული ნორმა არ უშვებს აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, რაც გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე ამხანაგობა „...-ის“ სასარგებლოდ ი. მ-ისთვის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის დავალებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. როდესაც ესა თუ ის საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის მოწესრიგებული იგი შეიძლება გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, თუმცა, აუცილებლად ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების დაცვით. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთოდ არ იცნობს აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში 29-ე მუხლთან მიმართებაში აღნიშნული ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 199-ე მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ შემთხვევებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.10.2011წ. განჩინება საქმეზე №1468-1450(3კ-უს-11), 09.01.2012წ. განჩინება საქმეზე №1295-1280(კ-11), 06.02.2012წ. განჩინება საქმეზე №98-98(უს-12)) საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევებზე მიუთითებდა, სადაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე იყო მოთხოვნილი და არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 31-ე მუხლების შესაბამისად.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული აქტების მოქმედება შეჩერდა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ი. მ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანების (რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ... №16-ში, ... ქ. №17-ში, ... ქ. №19-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №...) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და დადგინდა მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემა) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების (რომლითაც ქ. თბილისში, ..., №16-სა და ... ქუჩა №17-19-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) მრავალფუნქციური შენობის განსათავსებლად, განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ1=0,5; კ2=8,0) მოქმედების შეჩერება. გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა მოქმედების შეჩერებას ითხოვდა კასატორი, შედის იმ შემთხვევათა ჩამონათვალში, როდესაც სარჩელის მიღება სასამართლოში ავტომატურად არ აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.2 მუხლი).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად.
საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებისას სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უფლების დროებით დაცვაზე.
ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას; ინტერესთა ბალანსი დგინდება სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე ინტერესის უპირატესობა აშკარაა, თუ სარჩელს აქვს წარმატების ნაკლები პერსპექტივა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება, რათა მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ამასთან, მხარემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეექმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
ი. მ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა სამშენებლო პროცესი, რაც გახდა მისთვის საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გასაჩივრებული აქტების შეჩერების მოთხოვნით შუამდგომლობის აღძვრის საფუძველი. საკასაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია ი. მ-ის დასაბუთება და ჩათვალა, რომ სადავო აქტების გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებდა მხარეს, ამიტომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობის საფუძველზე სადავო აქტების შეჩერება მართლზომიერია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამხანაგობა „...“ წარმოდგენილ შუამდგომლობაში არ მიუთითებს რომელ ნორმაზე დაყრდნობით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შემთხვევებს, კერძოდ, 29-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ხოლო 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებულია მხარის უფლება მოითხოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების გაუქმება 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი შეჩერებულია ავტომატურად 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებდა მხარეს, გასაჩივრებული აქტების საფუძველზე მიმდინარეობდა მშენებლობა, ამდენად, ი. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედება. ამდენად, სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წანამძღვრები.
ამასთან, მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია რომელიმე ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის შესახებ, რაც გამორიცხავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამხანაგობა „...-ის“ შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1176181 ბრძანებისა და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 8 ივნისის №1184 განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე