საქმე №ბს-651-626(კ-13) 2 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. კ-ისა და ი. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოვალე - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. პ-ისა და ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 28 თებერვლის №1-123 ბრძანება და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის № 1-121 ბრძანება; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ი. კ-ი აღდგენილ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; ი. პ-ი აღდგენილ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; ი. პ-სა და ი. კ-ს აუნაზღაურდეთ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაზე 2014 წლის 4 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეს წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2014 წლის 1 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ 2014 წლის 2 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა გორის მუნიციპალიტეტი, ხოლო ახალი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ ჩამოყალიბდა ორი ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი ქალაქი - გორის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი თემი - გორის მუნიციპალიტეტი. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისათვის გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი. აღნიშნული დადგენილებით არ განსაზღვრულა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში ლიკვიდირებული გორის მუნიციპალიტეტის უფლებამონაცვლეობის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რამდენადაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები სახეზე არ იყო, ხოლო უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხი სცილდებოდა გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
2015 წლის 24 აპრილს ი. კ-მა და ი. პ-მა განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინებით ი. კ-ისა და ი. პ-ის განცხადება, მოვალის უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ მოცემულ სადავო სამართალურთიერთობასთან მიმართებაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლედ უნდა დადგინდეს თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 9 თებერვლის მიმართვით კრედიტორებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად უნდა მიემართათ სასამართლოსათვის ვალდებული ორგანოსა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც ამჟამად, ასევე მანამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. ორივე ერთეულს აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერის, გამგეობა) ორგანოები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულებაზე, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის გაყოფისა და გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი თემის - „გორის მუნიციპალიტეტის“ შექმნის შესახებ, ადმინისტრაციული ცენტრით ქალაქ გორში. ახლად შექმნილი თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს შესაბამისი დასახლებების, ქალაქების არსებული საზღვრების გამოკლებით.
,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილების თანახმად, ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტი გაიყო, გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი.
მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კრედიტორები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ გაუქმებული მუნიციპალიტეტის - გორის გამგეობასთან (ი. პ-ი დასაქმებული იყო გორის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიულ ორგანოში, ხოლო ი. კ-ი - ... ტერიტორიულ ორგანოში). მოსარჩელეებთან შორმითი ურთიერთობა შეწყდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, რის გამოც მოპასუხე მხარედ საქმეში მონაწილეობდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით არარად იქნა აღიარებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები ი. კ-ისა და ი. პ-ის გათავისუფლების შესახებ. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „არარა აქტი გამოცემისთანავე არარაა, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ანუ იურიდიული ძალის არმქონეა, არ შეუძლია, შეცვალოს სამართლებრივი მდგომარეობა“. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა იმ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე. საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მითითებას, რომ „ი. კ-ი აღდგენილ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; ი. პ-ი აღდგენილ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე; ი. პ-სა და ი. კ-ს აუნაზღაურდეთ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამონაცვლის დადგენა, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას გადაწყვიტოს ი. კ-ისა და ი. პ-ის შრომით უფლებებში აღდგენის საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №363 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულ იქნა მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი. ამ წესმა მოაწესრიგა მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტებისთვის გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების (გადაცემა/უფლებამონაცვლის განსაზღვრა) ძირითადი პრინციპები და პროცედურები. მოცემული წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, გარდა ძირითადი ადმინისტრაციული შენობისა/შენობებისა და შესაბამისი მიწის ნაკვეთისა, საკუთრების უფლება გადაეცა იმ ახალ მუნიციპალიტეტს - თვითმმართველ თემს/თვითმმართველ ქალაქს, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც ექცევა შესაბამისი უძრავი ნივთი, თუ ამ წესით განსხვავებული რეგულირება არ არის დადგენილი.
ამავე წესმა დაარეგულირა ვალდებულებების განაწილების წესიც, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მოექცევა შესაბამისი უძრავი ნივთი, ხოლო გასაუქმებელ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ვალდებულების უფლებამონაცვლეა ახალი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ მოსახლეობასაც უკავშირდება/უკავშირდებოდა მომსახურების გაწევა. ამავე დადგენილებით მოწესრიგდა გაუქმებული მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებისა და ვალდებულებების განაწილების სხვადასხვა საკითხები თვითმმართველ ქალაქსა და თვითმართველ თემის მუნიციპალიტეტებს შორის. საგულისხმოა, რომ მოცემული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნტის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სხვა ვალდებულებების უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართველი თემი, თუ შეუძლებელია უფლებამონაცვლის განსაზღვრა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ანუ აღნიშნული ნორმის დანაწესით, თუ შეუძლებელია ტერიტორიული პრინციპით პასუხისმგებლობისა და ვალდებულების განაწილება, მაშინ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს თვითმმართველი თემი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო სამართალურთიერთობასთან მიმართებაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ უნდა იქნეს თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგინდეს თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე