Facebook Twitter

საქმე # 160310015001192272

საქმე №ბს-107-106(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

მესამე პირები: მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ რუსთავის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ემ 2015 წლის 11 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 18 სექტემბრის №882015523969-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №882015523969-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2015 წლის 11 ნოემბრის №272360 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის დავალება გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ნ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთისა №3370, ფართობი-900 კვ.მ, რომელიც მდებარეობს ... ტერიტორიაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მე-3 პირებად ჩაბმულ იქნენ ქ. რუსთავის მერია, სსიპ ქონების მართვის სააგენტო და მარნეულის მუნიციპალიეტის გამგეობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 18 სექტემბრის №882015523969-03 და 2015 წლის 20 ოქტომბრის №88205523969-06 გადაწყვეტილებები და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 ნოემბრის №272360 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, რომელმაც, თავის მხრის, დავის გადასაწყვეტად საჭირო კონკრეტული მითითებებით დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, თუმცა ამავდროულად სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას მოიძია დამატებითი მტკიცებულებები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან, გამოიყენა სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილება. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოსაც. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი მტკიცებულებების მოძიება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ცალსახად მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებებისა და არსებული მტკიცებულებების არასრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიღებულია სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რაც ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, სააგენტოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის სამართლებრივი საკითხის გასარკვევად დავალების გაცემის პირობას და რაც მთავარია, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლეოდა გასაჩივრებული აქტების კანონიერება-უკანონობის საკითხის გასარკვევად.

კასატორი განმარტავს, რომ მარეგსტრირებელ ორგანოში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები არ მოიცავდა სრულ ინფორმაციას კომლის თაობაზე საქართველოში მიწის რეფორმის მიმდინარეობის და რეფორმის დასრულების შემდგომ მთელ ეტაპზე ქრონოლოგიის მიხედვით. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კი მოსარჩელე მხარეს (ნ. ბ-ეს) 18.09.2015 წლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, კომლის შესახებ უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას კომლის თაობაზე.

კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მოიაზრებული ჩამონათვალიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოუმენტები არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2013 წლის 4 ივლისის №AA2013022708-03 საარქივო ცნობაში მითითებულია, რომ ... მიწის ნაკვეთების განაწილების სიებში №224 რიგით ირიცხება ბ-ე ნ.დ. მცხოვრები მე-... მ.რ 21-16-ში 900კვ.მ. ფართობის ნაკვეთი №3370. აღნიშნული ინფორმაცია გარდა იმისა, რომ არ შეიცავს მითითებას თუ ვის მიერ არის გამოცემული აღნიშნული სია, ასევე არ მოიცავს სრულ ინფორმაციას კომლის თაობაზე საქათველოში მიწის რეფორმის მიმდინარეობის და რეფორმის დასრულების შემდგომ მთელ ეტაპზე ქრონოლოგიის მიხეევით, ასევე არ შეიცავს მიწის ნაკვეთის შესახებ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა ადმინისტრაციული ორგანოდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების გამოთხოვის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება. ამდენად, აღნიშნული უფლებამოსილების პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოუყენებლობა იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა არ ქმნიდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე