საქმე # 330310015001120771
საქმე №ბს-245-243(კ-17) 20 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა 2015 წლის 13 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 22 სექტემბრის №04/71553 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. გ-ისთვის 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე 6 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 22 სექტემბრის №04/71553 წერილი; დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნ. გ-ისთვის 2013 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე 6 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო არ იყენებს ზოგადი და სპეციალური ნორმების კოლიზიის დროს უპირატესი გამოყენების პირობებს. საქართველოს პარლამენტის დადგენილების „ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებულის)“ და მისი დანართის რატიფიცირების თაობაზე, მიხედვით საქართველოს პარლამენტმა დაადგინა "რატიფიცირებულ იქნეს სტრასბურგის 1996 წლის 3 მაისის „ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული)“ და მისი დანართი და ამავე ქარტიის III ნაწილის A მუხლის შესაბამისად საქართველო სავალდებულოდ აღიარებს ქარტიის შემდეგ მუხლებსა და პუნქტებს: 1-ლი მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები; მე-2 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-5 და მე-7 პუნქტები; მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები; მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი; მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები; მე-7 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები; მე-8 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები; მე-10 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები; მე-11 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები; მე-12 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები; მე-14 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები; მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი; მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი; მე-18 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები; მე-19 მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები; მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი; 26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები; 27-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები; 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტი. თბილისი, 2005 წლის 1 ივლისი. №1876-რს. შესაბამისად სასამართლოს მითითება აღნიშნული ქარტიის 1-ლი ნაწილის 23-ე პუნქტზე და მე-2 ნაწილის 23-ე მუხლზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, კერძოდ მუხლი 6 - პ. 1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და პ. 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება, შეესაბამება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.
აღნიშნული გარემოებების გარდა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 22 სექტემბრის №04/71553 უარი მოსარჩელის მიმართ, გასული პერიოდის 2013 წლის ივნისიდან 2013 წლის ნოემბრის პერიოდის ჩათვლით, მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
რაც შეეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საკითხს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნათა შესაბამისად „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“ (601). მოსარჩელის მიმართ კი პენსიის შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ: საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო არის – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ 2013 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით „საჯარო საქმიანობა წარმოადგენს–ადმინისტრაციულ ორგანოში ან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა“. მოსარჩელე თავადაც აღნიშნავს სარჩელში, რომ იგი მრავალი წელია მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე სს „საქართველოს რკინიგზა-ში“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით კი საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის). საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწეროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ასევე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი" მოთხოვნათა მიხედვით სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემის მეშვეობით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედება, მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის ორგანიზებასთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედი (2013 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კანონმდებლობის მოთხოვნებს და სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება მიღებულია საკანონმდებლო აქტების არასწორი განმარტების შედეგად და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რადგან ადმინისტრაციული ორგანო არის – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებით და ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 22 სექტემბრის №04/71553 უარი მოსარჩელის მიმართ, გასული პერიოდის 2013 წლის ივნისიდან 2013 წლის ნოემბრის პერიოდის ჩათვლით, მიუღებელი საპენსიო თანხების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიზენებისათვის საჯარო საქმიანობის განმარტება სრულ შესაბამისობაშია ადინისტრაციულ კანონმდებლობასთან, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს ცნების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მისი ფუნქციონალური გაგება, რომელიც აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს და ამ მიზნით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. „ნებისმიერ სხვა პირში“ იგულისხმება როგორც კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირები, ასევე საწარმოები. კერძო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების დელეგირების (გადაცემის) საფუძველზე. სწორედ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კერძო სამართლის იურიდიული პირები განიხილებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად და ამ დროს არიან ვალდებულნი მიიღონ გადაწყვეტილებები ან განახორციელონ ქმედებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთანავე, საგულისმოა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე შეზღუდვა წესდება იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება ორი ფულადი გასაცემლის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის მიმღებ სუბიექტებს. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოაღნიშნულ გარემოებას და ასევე არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რის გამოც უსაფუძვლოდ შეუწყდა მოსარჩელეს დანიშნული სახელმწიფო პენსია. რამდენადაც, კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის კონკრეტული საჯარო ფუნქციის განხორციელების დელეგირება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არც სადავო პერიოდში (2013 წელს) მოქმედი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ ქმნიდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ მასში დასაქმებული პირის საქმიანობა მიჩნეული ყოფილიყო საჯარო საქმიანობად.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე