Facebook Twitter

საქმე # 160310015762007

საქმე №ბს-257-255(კ-17) 20 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე. ი-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. რ-ი; ი. რ-ა (მოსარჩელეები)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. რ-მა და ი. რ-ამ 2015 წლის 18 თებერვალს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ნოემბრის №882014627107-03 გადაწყვეტილებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის №13688 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთზე კონფიგურაციის 2007 წლის მდგომარეობით აღდგენის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. რ-ისა და ი. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლს 27 ნოემბრის №882014627107-03 გადაწყვეტილება; დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; უარი ეთქვათ მოსარჩელეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის №13688 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ი-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში 2014 წლის 21 ნეომბერს დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით, სპეციალისტების მიერ შესრულებული ზუსტი აზომვითი ნახაზის საფუძველზე. რეგისტრაციისას მას სახელმწიფო ან კერძო პირის საკუთრება რომ მიესაკუთრებინა, რეგისტრაციის დროს დაფიქსირდებოდა გადაფარვა (ზედდება) და მის სარეგისტრაციო

წარმოებას საჯარო რეესტრი შეაჩერებდა. მოსარჩელეებს უძრავი ქონების მისაკუთრების დადასტურების მიზნით სასამართლოში უნდა წარედგინათ უძრავი ნივთის მიტაცების დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზი და მათი საკუთრების საჯარო რეესტრში ამ მიზეზით დაურეგისტრირებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო თუ მოსარჩელეები რეგისტრაციას სადავოდ ხდიან იმის გამო, რომ ამ რეგისტრაციით მან მოსარჩელეებს ჩაუკეტა სარწყავი არხი და მათ ამით ეზუღუდებათ კუთვნილი მიწის ნაკვეთის მორწყვის საშუალება, ამ შემთხვევაში საქმეში

უნდა წარმოედგინათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 27 ნოემბრის რეგისტრაციით საწყავი არხი მოხვდა მის საკუთრებაში, მოსარჩელებს ჩაუკეტა სარწყავი

არხი და ამით ხელს უშლის მიწის ნაკვეთის მორწყვაში.

კასატორი მიუთითებს, რომ დაზუსტებული რეგისტრაციის დროს მისი მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ნაწილობრივ შეცვლა არ შეიძლება საფუძველი გახდეს რეგისტრაციის ბათილად ცნობისათვის, როდესაც საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინებით ე. ი-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია, რომ ე. რ-ისა და ი. რ-ას სახელზე რეგისტრირებულია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს.კ ... და ს.კ. .... უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის - 4,7 ჰა. ოდენობის (ს.კ ...) მომიჯნავედ. ე. ი-ის საკუთრებაში არსებული 4,7 ჰა. მიწის ნაკვეთი, მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე სახელმწიფოსგან 2006 წლის 25 მაისს შეიძინა გ. ნ-მა, მანამდე მიწის ნაკვეთი აღნიშნულ ფიზიკურ პირზე გადაცემული იყო იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის გეგმა, რომელშიც ასახულია საიჯარო მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს სარწყავი არხი ემიჯნებოდა მხოლოდ სამხრეთით. მიწაზე შენობა ან/და ხაზობრივი ნაგებობა დაფიქსირებული არ არის.

ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი - ს.კ ..., 2007 წელის 11 იანვარს გ. ნ-ისაგან შეიძინა ე. ი-მა და 2007 წლის 11 აპრილს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის საკუთრებად. საკადასტრო გეგმით დასტურდება, რომ ე. ი-ის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვის მომენტისათვის ნაკვეთზე განთავსებული არ იყო რაიმე სახის ხაზობრივი ნაგებობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასთან მიმართებაში, რომელიც აღმოსავლეთ მხარეს არის არასწორხაზოვანი და შეჭრილია ამავე მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, 2014 წლის 21 ნოემბერს ე. ი-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს და განცხადების საფუძველზე მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება. განცხადებას თან ერთვოდა აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, რომლის საფუძველზეც დაზუსტდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და საჯარო რეესტრში მიწა აღირიცხა ს.კ. ... იმგვარად, რომ ნაკვეთის ჩრდილო - აღმოსავლეთით არსებულმა მონაკვეთმა შეიცვალა ფორმა და გადაიწია აღმოსავლეთისაკენ.

სააპეაციო პალატამ საქმეში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოდან დაადგინა, რომ სადავო არხი მოქცეულია მე-3 პირის საკუთრებაში. ამდენად, ნაკვეთის კონფიგურაციის მკვეთრი ცვლილება, პირველადი რეგისტრაციის პროცესში აზომვით ნახაზზე არხის არარსებობა და ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი ორთოფოტო, ნაკვეთზე გამავალ არხზე შესაბამისი მინიშნებით, გამორიცხავს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სარწყავი არხი არ გადის მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა ე. ი-ის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვის და გადაწყვეტის პროცესში სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ მოახდინა წარდგენილი აზომვითი ნახაზის ელ. ვერსიისა და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენა, რითიც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნები, რომელიც ადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს პასუხისმგებლობას რეგისტრირებულ მონაცემებსა და მასთან დაცულ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე (იხ. სუს. #ბს-367-363(კ-12) საქმეზე, 28.02.13წ. გადაწყვეტილება).

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 05.05.2017 წლის №1 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე