Facebook Twitter

საქმე #330310015001174202

საქმე №ბს-287-285(კ-17) 13 ივნისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ო. ნ-ი (მოსარჩელები)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ნ-მა 2015 წლის 3 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 10 ნოემბრის №719 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ო. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ო. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ნ-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს თხოვდა ყურადღება გაემახვილებინათ საკუთრების უფლებასა და ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ პროცედურებს შორის უპირატესობაზე. იმაზე, თუ რომელი უფრო ღირებულია. მისი ეს მითითება აისახა კიდევაც განჩინების 3.2. პუნქტში, თუმცა მასზე პასუხი არც ერთ ინსტანციას არ გაუცია. კასატორის მოსაზრებით სახეზე გვაქვს საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რამეთუ მასზე განმარტება არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაუკეთებია და დაუსაბუთებიათ, თუ რატომ შეეზღუდა საკუთების უფლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი 1 თვიანი გასაჩივრების ვადის 4 დღით დაგვიანების გამო (ჩაბარებას კასაციაში სადავოდ არ ხდის, რამეთუ არ გააჩნია სათანადო მტკიცებულებები).

სწორედ იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში გაუმართლებლად მიაჩნია საკუთრების უფლების შეზღუდვა, ფიქრობს, რომ სადავო გადაწყვეტილება/განჩინება ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ სასამართლო პრაქტიკას.

მართალია დავის საგანს არ წარმოადგენდა აქტის შინაარსობრივი მხარე, თუმცა ორივე ინსტანციაში მიუთითებდა სასამართლოს, თუ რამდენად პერსპექტიული იყო პრივატიზების საქმე, რომ არა გასაჩივრების ვადის გაშვება. პრივატიზებაზე უარის მიზეზი გახდა აშკარა მექანიკური შეცდომა, სადაც ციფრი „4-ის“ ნაცვლად წერია ციფრი „5“, სხვა ყველა გარემოებიდან კი ირკვეოდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო ციფრი „4“, თუმცა. ასევე სასამართლოს განუმარტეს, რომ თუ არა ამ დავის წარმატებით დასრულება, სხვა გზა კუთვნილი ბინის პრივატიზების არ არსებობდა. არც ახლად აღმოჩენილი გარემოება არსებობდა, რომლის გამოც ხელახლა შეძლებდნენ გამგეობისათვის მიმართვას. მერიას მორიგებაც კი შეთავაზეს, თუმცა ამაოდ.

ამ ეტაპზე საკასაციო საჩივრის მიზანია, რომ საკასაციო პალტამ მაინც განმარტოს, თუ რამდენად გამართლებულია ფორმალური პროცედურის დარღვევის გამო საკუთების უფლების შელახვა. აშკარად დაუსაბუთებელი და გასაუქმებელი აქტის გასაჩივრების ვადის გაშვება ისეთი ღირებულების მქონეა, რომ მის გამო ღირდეს საკუთრების უფლების შელახვა. ისეთი შელახვა, რომ ფაქტიურად შეუძლებელია მისი სხვა გზით დაკმაყოფილება.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საპრივატიზებო ბინაში უკვე დიდი ხანია პრივატიზების უფლების მქონე პირის ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ შეჭრილები, მათ გამოსახლებას კასატორი ვერასოდეს ვერ მოახერხებს, თუ ჯერ არ მოახდინა საკუთების უფლების მოპოვება. იმ უფლების მოპოვება, რომელიც ეკუთვნის. ამ მომენტისათვის, კასატორს შეზღუდული აქვს როგორც სარგებლობა, ისე ფლობის უფლება ზემოღნიშნული შეჭრილების გამო, განხვავებით იმ ხალხისაგან, ვინც საპრივატიზებო ბინებში ცხოვრობენ მაინც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით ო. ნ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2015 წლის 10 ივლისის N12/14065642-43 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ო. ნ-მა 2015 წლის 19 აგვისტოს და შემდგომ 29 სექტემბერს წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 10 ნოემბრის №719 ბრძანებით, ო. ნ-ის 2015 წლის 29 სექტემბრის №35753/12 და 2015 წლის 19 აგვისტოს №4926/12 ადმინისტრაციული საჩივრები დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაიბარა 2015 წლის 15 ივლისს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა 2015 წლის 19 აგვისტოს, აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთ თვიანი ვადის გასვლის შემდგომ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციისა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს. ამავე კოდექსის 177-180-ე ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ამასთან, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების გზით იმსჯელოს და შეფასება მისცეს გასაჩივრებული აქტის, როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ კანონიერებას და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობაზე. კერძოდ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გაშვებული ვადა უნდა აღადგინოს, თუ მისი გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით. ამდენად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის უფლებამოსილება განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისას ადმინისტრაციულ ორგანოს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა სამართლებრივი კონტროლი განახორციელოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე. ვადის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება და აფასებს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები, რამაც ვადის გაშვება გამოიწვია.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც კასატორიც აღიარებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევით საჩივრის წარდგენის ფაქტს და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში საკითხზე მსჯელობისას შესაძლოა გამხდარიყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით გავალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი. საკასაციო პალატისათვის ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე