საქმე # 330310015001344588
საქმე №ბს-373-370(კ-17) 18 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირი - ბმა „...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჯ-მა 2015 წლის 18 მაისის სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის N88215070763-03 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 მაისის N116968 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 17.46 კვ.მ. ფართის ავტოფარეხზე ჯ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე №3/3704-15 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის N882015070763-03 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 14 მაისის N116968 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. N… მდებარე 17,46 კვ.მ. ავტოფარეხზე ჯ. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2015 წლის 3 დეკემბრის №MOD 1 15 01015608 წერილის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისში, … ქუჩა №…, მათ შორის ამ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხი, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის (აღმოსავლეთ) ბალანსზე რიცხულ ს/ქ №…-ის ტერიტორიას. ს/ქ №…-ის ტერიტორია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მიერ საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე გადაცემულია 1993 წლის 14 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით და წარმოადგენს დახურულ სამხედრო ქალაქს. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები. აღნიშნული დებულებით, ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფიზიკურმა პირმა შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოს მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობა ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებებისა და შესაბამის ბინაზე საქართველოს თავდაცის სამინისტროს მონაწილეობით სასამართლო დავის არარსებობის თაობაზე“.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენილი იქნება: ა) საბინაო კომისიის გადაწყვეტილება ბინის სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ბ) საბინაო ორდერი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ, გ) სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს პირის სარგებლობის უფლებას, დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მიერ ბინის ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე ფაქტობრივად დაკავების ფაქტს და შეიძლება გამოიცეს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში“.
კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და შემდეგ ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ზემოთ მითითებული სამხედრო ქალაქი №22 თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების თანახმად, ექცევა განსაკუთრებული რეგულაციის სფეროში. შესაბამისად, იმისათვის რომ ჯ. ჯ-ს მოეხდინა საჯარო რეესტრში ავტოფარეხის საკუთრებაში რეგისტრაცია, მას უნდა უნდა წარედგინა თავდაცვის სამინისტროდან 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით გათვალისწინებული ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის ავტოფარეხის ადგილი, არ გამოიყენება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო დანიშნულების კუთხით, იგი დღეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენს. ქ. თბილისში, ... რაიონში, ... ქ. N...-ში მდებარე კორპუსისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრები, ფართობით -1687.1 კმ.მ. ამხანაგობა „...“ საკუთრების უფლება დადგენილია თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 დეკემბრის N5033 ბრძანებით, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის N882012035637-07 გადაწყვეტილებით განხორციელდა თბილისში, ... ქ. N...-ში ამხანაგობა „...“ საკუთრებაში წითელი ხაზების რეგისტრაცია, რაც საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს დღემდე სადავოდ არ გაუხდია. ბინათმესაკუთრეთა ხანაგობა „...“ მიერ ქ. თბილისში, ... რაიონში, ... ქ. N...-ში კორპუსისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი (ნაკვეთის ფართობი: 1687.1) ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 8 დეკემბრის N5033 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა და ამავე ბრძანებით განისაზღვრა დამზადებულიყო ... რაიონში, ... ქ. N... კორპუსის მიწის ნაკვეთების საზღვრების გეგმა, რომლის საფუძველზეც კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 თებერვლის N882012035637-07 გადაწყვეტილებით განხორციელდა თბილისი, ... ქ, N...-ში ამხანაგობა „...“ საკუთრებაში წითელი ხაზების რეგისტრაცია, ამდენად, თბილისში, ... ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს (ნაკვეთის ფართობი – 1687.00, ს.კ.N...), წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
„...“. სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს – 17,46 კვ.მ. ფართობის სადავო ავტოფარეხი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების ზემოთ მოცემულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტის არარსებობაზე, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ იძლევა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვტილებებით სარჩელზე გამოტანილი შედეგის შეცვლის შესაძლებლობას, რამდენადაც გარდა იმისა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბმა „…“ საკუთრების უფლება. ასევე, გასათვლისწინებელია ის გარემოებაც, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე
უსწორობის გასწორების შესახებ
საქმე №ბს-373-370(კ-17) 11 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ 2017 წლის 18 ივლისს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე.
მითითებულ განჩინებაში, კერძოდ: განჩინების სამოტივაციო ნაწილში, მე-6 გვერდის პირველი აბზაცის ბოლო წინადადების წინ დაშვებულ იქნა ტექნიკური უსწორობა. კერძოდ, „ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“. წინადადების შემდეგ გამოტოვებულია წინადადება, რომლის შინაარსია: „თუმცა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე“, ხოლო დღემდე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტი მიღებული არ არის, ვფიქრობთ აღნიშნული აქტის (ახალი) არსებობა მნიშვნელოვნად გააადვილებდა ანალოგიური შინაარსის დავებზე ცალსახად ერთგვაროვანი სამართლებრივი მიდგომის შემუშავებას“.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზით. კერძოდ, განჩინება დაბეჭდილია კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რა დროსაც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა და არასწორად მოხდა განჩინების მე-6 გვერდზე პირველი აბზაცის ბოლო წინადადების ფორმულირება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული უსწორობა სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება გასწორებას, შესაბამისად, უნდა შესწორდეს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სამოტივაციო ნაწილში, მე-6 გვერდზე, პირველ აბზაცში „ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“ წინადადების შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „თუმცა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე“, ხოლო დღემდე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტი მიღებული არ არის, ვფიქრობთ, აღნიშნული აქტის (ახალი) არსებობა მნიშვნელოვნად გააადვილებდა ანალოგიური შინაარსის დავებზე ცალსახად ერთგვაროვანი სამართლებრივი მიდგომის შემუშავებას“.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ a:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში, მე-6 გვერდზე, პირველ აბზაცში „ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“ წინადადების შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „თუმცა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე“, ხოლო დღემდე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტი მიღებული არ არის, აღნიშნული აქტის (ახალი) არსებობა ვფიქრობთ მნიშვნელოვნად გაადვილებდა ანალოგიური შინაარსის დავებზე ცალსახად ერთგვაროვანი სამართლებრივი მიდგომის შემუშავებას“.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე