საქმე # 010332017900009435
საქმე №ბს-609-606(კს-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. ა-ა (წარმომადგენელი - ლ. ზ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი
მესამე პირები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ახლად აღმოშენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 9 დეკემბერს ე. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 29 აგვისტოს საბაჟო №601/1577/08 შეტყობინების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 2 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და მხარეს განესაზღვრა ვადა. კერძო საჩივრის ავტორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ე. ა-ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული ხარვეზი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-ამ, რომითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მის მიერ სახელმწიფო ბაჟი ვადაში იქნა გადახდილი, მაგრამ ხარვეზის გამოსწორების თაობაზე საბუთების წარდგენა სასამართლოში ვადაში ვერ მოხერხდა ე. ა-ას ავადმყოფობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ე. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინება.
ე. ა-ას წარმომადგენელმა ლ. ზ-მა 2017 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით ე. ა-ას წარმოამდგენლის ლ. ზ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით ე. ა-ას დაუდგინდა ხარვეზი, რის გამოსასწორებლადაც მიეცა ვადა 5 დღე. ამავე განჩინებით ე. ა-ას კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველი. 2017 წლის 15 მაისის განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ე. ა-ას წარმომადგენელს, ლ. ზ-ს, რომელიც მას პირადად ჩაბარდა 2017 წლის 19 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 15 მაისის განჩინების ასლის 2017 წლის 19 მაისს პირადად ჩაბარდა ე. ა-ას წარმომადგენელს ლ. ზ-ს. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 20 მაისს და ამოიწურა 2017 წლის 24 მაისს 24:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 29 მაისს შევიდა (ფოსტაში ჩაბარების თარიღი - 27.05.17წ.) ე. ა-ას წარმომადგენლის ლ. ზ-ის განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, ხოლო 2017 წლის 30 მაისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი - 27.05.17წ.) სააპელაციო სასამართლოს ნაცელარიას ჩაბარდა ე. ა-ას წარმომადგენლის ლ. ზ-ის განცხადება თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა განჩინების ასლი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ამ განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და ამ ვადაში არც საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ა-ას წარმომადგენელმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს, რომ 2017 წლის 15 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების პერიოდში ჰქონდა ოჯახური პრობლემები მისი არასრულწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამასთან, საქმეს ართულებდა ის გარემოებაც, რომ მას არ ჰქონდა თანხა, ე. ა-ი კი იმყოფებოდა საფრანგეთში, რომელიც გამგზავრებისას იმედოვნებდა, რომ საფრანგეთიდან მალევე დაბრუნდებოდა და მის მიერ საჭიროების შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟი.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შვილის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო ე. ა-ას ახლობლების მოძიება, რის გამოც 2017 წლის 24 მაისს შეადგინა განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ. მოსამართლე ამ თარიღს არ აღნიშნავს და ვადა აითვალა განცხადების სასამართლოში შესვლიდან. მოსამართლემ არ გამოიყენა სამოქაქლაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმად, „სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ე. ა-ას წარმომადგენლის ლ. ზ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები. 427-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით ე. ა-ას ხარვეზის აღმოსაფხვრელად - სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადასახდელად განესაზღვრა ვადა - 05 (ხუთი) დღე ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 15 მაისის განჩინების ასლი 2017 წლის 19 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით პირადად ჩაბარდა ე. ა-ას წარმომადგენელს - ლ. ზ-ს. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 20 მაისს და 2017 წლის 24 მაისს 24:00 საათზე ამოიწურა. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2017 წლის 24 მაისს შედგენილი განცხადება ე. ა-ას წარმომადგენელმა ლ. ზ-მა 2017 წლის 27 მაისს ჩააბარა ... ფოსტის ... განყოფილებას, რაც დასტურდება განცხადებაზე დართულ საფოსტო კონვერტზე დასმული შტემპელითა და №... შტრიხკოდით. შესაბამისად, განცხადების ავტორმა 3 დღით გადააცილა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადას, რის გამოც სასამართლოს აღარ გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა 427-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლში მოცემულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის საბოლოო მიზანს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინების, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლსი 23 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება წარმოადგენს. ე. ა-ას წარმომადგენელი ლ. ზ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია განსახილველი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების შემთხვევაშიც, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე. ა-ას სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (16.12.2009წ.) 5 წელზე მეტია გასული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ა-ას წარმომადგენლის ლ. ზ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ა-ას წარმომადგენლის - ლ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე