საქმე #190310114603321
#ბს-335-333(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 25 სექტემბერს გ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელსა და ვ. მ-ს შორის 1994 წლის 15 აპრილს უძრავ ქონებაზე გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეგისტრაციის #1-206) ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხე ვ. მ-ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.რუსთავი, მე-... მ/რ #16-75) გასხვისების აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გ. ლ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ვ. მ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.რუსთავი, მე-... მ/რ #16-75; ს/კ ...) გასხვისება; განჩინება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ვ. მ-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 1994 წლის (1992 წლის) 15 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომრით #1-206, გაფორმებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელსა და ვ. მ-ს შორის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ვ. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წინაშე 2017 წლის 6 იანვარს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქმეზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კასატორის მტკიცებით, მან საკუთრების უფლება მოიპოვა კანონით დადგენილი წესით, მის სახელზე 1992 წლის 15 აპრილს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელსა და ვ. მ-ს შორის 1994 წლის 15 აპრილს უძრავ ქონებაზე გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (რეგისტრაციის #1-206) ბათილად ცნობა წარმოადგენს.
დადგენილია, რომ 1993 წლის 30 აპრილს გ. კ-ს (ლ-ეს) და ვ. მ-ს შორის შედგა გარიგება ბინების გაცვლის შესახებ (მდებარე - ქ. რუსთავი, ... #33-72 და ქ. რუსთავი, მე-... მ/რ #16-75). აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ იქნა გაცვლის ორდერი, რომელიც გადაეცა ორივე მხარეს და ორივე მხარის მიერ იგი წარდგენილ იქნა შესაბამის ორგანოებში სარეგისტრაციოდ, ანუ განხორციელებულია ყველა ის სამართლებრივი მოქმედება, რასაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა. ამასთან, დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნული გაცვლის ორდერი იქნა შემდგომში გამოყენებული ვ. მ-ის მიერ ქ. რუსთავში, ... #33-72-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისას. ამდენად, დადგენილია, რომ ვ. მ-მა ჯერ გაცვალა ქ. რუსთავში, მე-... მ/რ #16-75–ში მდებარე ბინა ქ. რუსთავში, .... #33-72–ში მდებარე ბინაზე, ხოლო შემდეგ ქ. რუსთავში, .... #33-72–ში არსებული ბინა გაყიდა. შესაბამისად, მას არა აქვს არც საკუთრების უფლება და არც სარგებლობის უფლება ქ. რუსთავში მე-... მ/რ #16-75–ში მდებარე ბინაზე. ვ. მ-ი პრეტენზიას აცხადებს იმ ბინაზე, რომელიც გაცვალა სხვა ბინაში და იმ ბინაზეც, რომელიც გაცვლის შედეგად მიიღო და გაასხვისა.
ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო 1992 წელს, კასატორი ვ. მ-ი მაინც ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას ქ. რუსთავში, მე-... მ/რ #16-75–ში მდებარე ბინაზე, ვინაიდან მან აღნიშნული ბინის გაცვლით სხვა ბინაზე მოიპოვა უფლება და შესაბამისად, დაკარგა უფლება სადავო ბინაზე და აღნიშნული გარემოება ვერ გახდება პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ. მ-ის საკასაციო საჩივარზე მ. ა-ეს 2017 წლის 16 მაისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. ვ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ა-ის მიერ 2017 წლის 16 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი