საქმე #330310015001022499
#ბს-384-381(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 30 ივნისს ლ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 მაისის #813 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ლ. ფ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანო და შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 მაისის #813 ბრძანება იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. სასამართლო გარდა მოწმეთა დაკითხვისა, ვერ ასახელებს ვერც ერთ პროცედურას, თუ რა უნდა მოემოქმედა დამატებით სამინისტროს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვერც ერთ ინფორმაციას თუ დოკუმენტაციას რაც გამოთხოვილ და გამოკვლეულ უნდა ყოფილიყო სამინისტროს მიერ და რაც არ შესრულებულა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. ფ-ე მთელი მისი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში, მისივე განცხადებით, სულ მუშაობდა ქ.თბილისში. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენა მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ლ. ფ-ე უწყვეტად სწავლობდა ჯერ სკოლაში ..., შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში და მუშაობდა ქ.თბილისში, არაა საკმარისი. კასატორს მიაჩნია, რომ სწორედ ეს გარემოებებია ლ. ფ-ის ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების დამადასტურებელი ქ.თბილისში. კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე არ ყოფილა დღეისათვის არსებული ოკუპირებული ტერიტორია.
კასატორი იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, თუმცა არ იზიარებს იმას, რომ სამინისტროს მიერ არასრულყოფილად და არასწორად მოხდა მოცემული მტკიცებულებების შეფასება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ლ. ფ-ე დაიბადა ... წელს, რუსეთში. იგი გათხოვდა 1963 წელს ა. ტ-ზე. სკოლა დაამთავრა ..., ხოლო 1954 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ქ. თბილისში. 1971-1998წწ. მუშაობდა თბილისში, მშენელობის ბანკში და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ... ქ. #11, ბ.23-ში. 1998 წელს გავიდა პენსიაში და მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად სოფ. .... იგი ეწეოდა სოფლის მეურნეობას მეუღლესთან და დასთან ერთად. მოსარჩელის განცხადებით, საცხოვრებელი ადგილი დატოვა 2008 წლის აგვისტოში, საომარი მდგომარეობის გამო. საომარი მდგომარეობის შემდეგ ქ.თბილისში, გამომცემლობა „...“ შენობაში, გამოსახლების შემდეგ კი იგი თბილისში, ... #62-ში ნათესავის ბინაში გადავიდა. ამჟამად მის საცხორებელ ადგილს წარმოადგენს ქ.თბილისი, ... #11.
ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების ვ. მ-ის (მეზობელი) და რ. ფ-ის (ლ. ფ-ის და) მიერ გაკეთებული განმარტებების მიხედვით, ლ. ფ-ე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. .... მოწმე ვ. მ-მა აღნიშნა, რომ ხშირად ხედავდა ლ. ფ-ეს, ის ეწეოდა სოფლის მეურნეობას, რასაც ადასტურებს სხდომაზე წარმოდგენილი მოწმე, რ. ფ-ეც. ამასთან, ვ. მ-მა აღნიშნა, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აწარმოებდნენ სარემონტო სამუშაოებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ლ. ფ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვენლობის გარემოების - კერძოდ, აგვისტოს ომამდე სოფ.... მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტის სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო აქტს, არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე, ლ. ფ-ის ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მუდმივი ცხოვრების საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ისეთ გარემოებებზე დაფუძნებით, რომელიც არ ყოფილა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის სოფ. ... ფლობდა საცხოვრებელ ფართს (2 სართულიანი სახლი), ამასთან, გასაუბრებისას მოსარჩელე 2008 წელს სოფლის დატოვების მიზეზად აგვისტოს ომს ასახელებს. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეესწავლა და გამოეკვლია 2008 წლის აგვისტოს ომამდე, 2007-2008 წლებში, ლ. ფ-ის სოფ. ... მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რომელიც აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ 2008 წელს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუხდათ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით (2008 წლის აგვისტოს ომი). აქვე, აღსანიშნავია საქმეში წარმოდგენილი ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 31 დეკემბრის #0284 ცნობა და ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2014 წლის 29 დეკემბრის დასკვნა, რომელთა თანახმად, ლ. ფ-ე 2008 წლის რუსეთთან ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონი, სოფ. ..., სადაც ჰქონდა მცირე ფერმერული მეურნეობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული ლ. ფ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი