საქმე #330310016001436826
#ბს-387-384(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 18 ივლისს თ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 15 მარტის #04-00-ვ/10056 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის #04/51935 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ა-ისთვის 2016 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 15 მარტის #04-00-ვ/10056 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 ივლისის #04/51935 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ. ა-ეს დაენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით, 2016 წლის 1 იანვრიდან; გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, დათქმულ ვადაში (2016 წლის 12 მარტი) არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან და არც თ. ა-ის მიერ არ იქნა წარდგენილი მისი მოსამართლეობიდან გათავისუფლების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე–საბურთალო) 2016 წლის 15 მარტის #04-00-ვ/10056 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნაზე. ამავდროულად მას განემარტა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახემწიფო კომპესაციის დანიშვნისა და გაცემის წესში“ 2016 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილების შედეგად, მე–15 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილების შეწყვეტის/დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა“.
კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილში დამატებით დაფიქსირებულია, რომ მ. ღ-ის საქმეზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის #ბს-707-693(კ–14) გადაწყვეტილება (მ. ღ-ე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ), რითაც დაკმაყოფილდა კასატორის (მ. ღ-ე) მოთხოვნა კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე (მ. ღ-ე) არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის #ბს-707-693(კ-14) გადაწყვეტილება, ამ პრეცენდენტების გათვალისწინებით, მსგავსი დავების ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის ინდივიდუალურ დავაზე და როგორც ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები თ. ა-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის მე–3 ნაწილის დანაწესი, რომელიც ადგენს, რომ „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას“. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც სასამართლოსთვის ცნობილია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას.
კასატორს მიაჩნია, რომ 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და ამგვარი განმარტება წარმოშობს სააგენტოს მიმართ დამატებით ვალდებულებებს თანხის ანაზღაურების ნაწილში. გაცემული საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვით, სააგენტოსათვის გამოწვეული ზარალის ზუსტად გამოთვლა, შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აპრილის #197 ბრძანებულებით თ. ა-ე დაინიშნა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ 10 წლის ვადით. თ. ა-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან 1999 წლის 15 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მაისის #624 განკარგულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე თ. ა-ე გათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა მიექცეს თავად კომპენსაციის ბუნებასა და მისი დანიშვნის მიზნებს და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე #ბს-707-693(კ-16)) გაკეთებულ განმარტებებზე, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. აღნიშნული სოციალური დაცვის გარანტია მოსამართლისთვის უზრუნველყოფილია ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით (77-ე მუხ.). სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა მათი დამსახურების ერთგვარ კომპენსირებას ახდენს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, რა დროსაც კომპენსაციის მისაღებად მოსამართლე კანონით დადგენილ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მოსამართლისთვის კომპენსაციის დანიშვნის წესს ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, აღნიშნული კანონის საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ა-ეს აქვს მოსამართლედ მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მოსარჩელე თ. ა-ეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილების ვადა. კერძოდ, მოსარჩელე თ. ა-ე 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს ლიკვიდაციის გამო, გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, აღნიშნული კი მისთვის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველია, ამასთან, ამ დროისათვის თ. ა-ეს ჰქონდა მოსამართლედ მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი. ასევე, იმ დროისათვის, როდესაც მან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მას შესრულებული ჰქონდა 65 წელი.
რაც შეეხება, უფლებამოსილების შეწყვეტის/დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით თ. ა-ისათვის კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნული ვერ იქონიებს გავლენას სასამართლოს ლიკვიდაციის საფუძვლით კომპენსაციის მოპოვების უფლებაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი