#ბს-390-387(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 24 აგვისტოს ს. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ს. ე-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 მარტის #812 ბრძანების და ს. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის MOD21500002406 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ს. ე-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე -საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 მარტის #812 ბრძანება ს. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივლისის NMOD21500002406 ბრძანება ს. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ს. ე-ის აღედგინა დაევალა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს. ე-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 10 მაისიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის; გადაწყვეტილება ს. ე-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ს. ე-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის #MOD21500000138 ბრძანება, რომლის თანახმადაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 დეკემბრის #978 ბრძანება და დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი #8/1134/01 შესაბამისად. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად მოხდა ძველი შტატების გაუქმება და ახალი შტატების დამტკიცება შემცირებული რაოდენობით. დასახელებული ბრძანებით გაუქმდა ის შტატი, რომელ თანამდებობაზეც იყო დანიშნული ს. ე-ე.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო იძულებულია თანამდებობიდან გაათავისუფლოს ის პირი, რომელსაც დღეის მდგომარეობით დაკავებული აქვს ის ახალი საშტატო თანამდებობა, რომელზეც სასამართლომ მოახდინა ს. ე-ის აღდგენა. ასევე, ს. ე-ის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისას, სამინისტროს მოუწევს გაუთვალისწინებელი/დაუგეგმავი ხარჯების გაწევა, რომლის ოდენობა წინასწარ უცნობია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 მარტის #812 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსი ს. ე-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2015 წლის 10 მარტიდან სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ასევე, დადგენილია, რომ კადრების განყოფილებას ფუნქციონალური თვალსაზრისით ცვლილება არ განუცდია, მას მხოლოდ სახელწოდება და დეპარტამენტის სტრუქტურაში ადგილმდებარეობა შეეცვალა, კერძოდ, ... განყოფილება ... სამმართველოს დაქვემდებარების ნაცვლად ... სამმართველოს დაექვემდებარა სახელწოდებით - ... განყოფილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნიდა, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული გაუქმდებოდა. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის მარტში განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე გაუქმდა ს. ე-ის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული, კერძოდ, დეპარტამენტის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსის თანამდებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დაწესებულებაში შტატების შემცირება საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე კასატორს აძლევდა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს შტატების შემცირების საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევა, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, ... განყოფილების ფუნქციები (საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 18 მარტის #51 ბრძანება და 2015 წლის 1 ივნისის #MOD11500000128 ბრძანება) არსობრივად იდენტურია ... განყოფილების ფუნქციებისა, ისევე, როგორც არ შეცვლილა განყოფილების უფროსის ფუნქციები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციით არ განხორციელებულა რა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ლიკვიდაცია ან შემცირება, რეორგანიზაცია არ ქმნიდა მისი გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 13 მარტის #812 ბრძანების 137-ე პუნქტი ეფუძნება არსებული ფაქტობრივი ვითარების არასწორად შეაფასებასა და სამართლის ნორმების არასწორად გამოყენებას, რაც მის უკანონობას განაპირობებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი