Facebook Twitter

საქმე #330310114499806

#ბს-396-393(2კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 15 მაისს კ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის #MOD 2 14 00001138 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კ. შ-ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოს ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და სამსახურიდან დათხოვნის დღიდან აღდგენამდე კ. შ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის #MOD 214 00001138 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადაგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ იზიარებს სააპელაციო სასმართლოს მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლთან მიმართებით, ვინაიდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 23 დეკემბრის #87974 წერილი, რომელიც იყო გრიფით „საიდუმლო“, დაედო საფუძვლად მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გაყვანას, ხოლო შემდგომში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის #1138 ბრძანებით მის სამსახურიდან გათავისუფლებას.

კასატორი - კ. შ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებებზე, წარმოდგენილი მასალებით არსებობდა თუ არა კ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის განხილვისას ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დასაბუთებული და დამტკიცებული ვერ იქნა. კასატორი აღნიშნავს, რომ თუ მისი სამსახურიდან დასათხოვნად და შესაბამისად ბრძანების კანონიერების დასამტკიცებლად მაინც არსებობდა „მასალები“, მოპასუხეს სრული უფლება ჰქონდა, მტკიცებულების სახით წარმოედგინა საქმის განხილვისას, აღნიშნული კი, როგორც საქმის მასალებიდან და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ირკვევა არ მომხდარა. პირიქით, კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა სახალხო დამცველის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ კ. შ-ის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივი გარემოება არ არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესრულება ვერ მოხდება, რადგან სამსახურიდან მისი დათხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ბუნებაში არ არსებობს. კასატორის მოსაზრებით, სადავო ბრძანება გამოცემულია არა საქმისათვის არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არამედ საერთოდ ფაქტობრივი გარემოებების არარსებობისას, რაც სახალხო დამცველის დასკვნითაც მტკიცდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. შ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის #MOD 1 1300098349 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე კ. შ-ი 2013 წლის 27 დეკემბერს გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს მე-... სამმართველოს ... თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #582 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის #1/4/614,616 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, გ. ბ-ის და კ. შ-ის კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #583 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სამსახურებრივი გადაადგილების (მოსამსახურის კადრების განყოფილებაში გადაყვანის) წესი (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #582 და #583 ბრძანებების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) არ არის განჭვრეტადი, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს იმ პირობებში, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლება ხდება კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან და არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები. სადავო რეგულაცია იწვევს საჯარო მოხელის კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, რაც, ამავდროულად, აისახება არსებული კანონმდებლობის მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირთა ნდობის რყევაში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, სადავო რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო მოსამსახურის დაცვას მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო საქმიანობის კონსტიტუციური უფლების არსს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებას სადავო ბრძანების კანონიერების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის #1/4/614,616 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #582 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეიძლება მოსარჩელე გათავისუფლებულიყო სამსახურიდან თუ არ იარსებებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, არსებოდა თუ არა კ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, მოცემული საკითხი ექვემდებარება გამოკვლევას თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კერძოდ, უნდა გაირკვეს არსებობს თუ არა სამსახურიდან გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიცეს შესაბამისი აქტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - კ. შ-ის მოსაზრებას სადავო აქტის არებითად ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმეზე დადგენილი გარემოებები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, ისევე როგორც თანამდებობაზე დანიშვნა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი