#ბს-399-396(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 12 ივნისს მ. ქ-მა, გ. ჩ-მა და ხ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 19 მაისის #05-01/06/13112 და 2015 წლის 4 მაისის #01-02/08/11687 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის მოსარჩელეთა ადეკვატური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის, გ. ჩ-ის და ხ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 4 მაისის #01-02/08/11687 და 2015 წლის 19 მაისის #05-01/06/13112 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა მ. ქ-ის, გ. ჩ-ის და ხ. ბ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით აპელანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა ნამსჯელი იმ ფაქტობრივ უსწორობებსა თუ სამართლებრივ გარემოებებზე, რაც იძლეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ასეთი გარემოებების მრავლად არსებობის მიუხედავად.
კასატორის განმარტებით, მ. ქ-ის ოჯახის ადგილზე შესწავლა-გადამოწმების მიზნით, განხორციელდა მონიტორინგი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ განაცხადში მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მარტო, ხოლო შვილი, რძალი და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობენ სხვა მისამართზე, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების ფაქტს. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, ამ პირთა ერთ ოჯახად დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით წინააღმდეგობაში იქნებოდა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანების „ა“ პუნქტით განმარტებულ ოჯახის ცნებასთან.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებულ იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიღებულ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
კასატორი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მ. ქ-ს, მის მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების შემდეგ, გააჩნდა თუ არა სხვა დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან ჰყავდა თუ არა სხვა ოჯახის წევრი და ამასთან, თავად გ. ჩ-ს, ხ. ბ-ასა და მცირეწლოვან შვილებს, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დახურვის შემდეგ, სადაც ჩასახლებულ იყვნენ მართლზომიერად, როგორც დევნილებს, ჰქონდათ თუ არა რაიმე საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ქ-ს, გ. ჩ-ს, ასევე გ. ჩ-ისა და ხ. ბ-ას არასრულწლოვან შვილებს - ნ. ჩ-ს, ქ. ჩ-ს მინიჭებული აქვთ ერთი სარეგისტრაციო #076-00717; აღნიშნული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილია ქ. ხობი, მისამართის გარეშე; მითითებული ოჯახი 1999 წლიდან 2012 წლის იანვრის თვის ჩათვლით რეგისტრირებული იყო ქ. ხობში, ... ქ. #196, „...“ შენობაში და სარგებლობდა კომუნალური შეღავათებით. ასევე, 2015 წლის 22 იანვარს შედგენილი მონიტორინგის ფორმაში ასახული მონაცემების მიხედვით, სამინისტროს თანამშრომელმა ჩაატარა დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გადამოწმების პროცედურა. ქ. ხობში, ყოფილი „...“ შენობაში განთავსებულ ოთახში გასაუბრება მოახდინა მხოლოდ მ. ქ-თან. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ შვილი, რძალი და შვილიშვილები იმჟამად იმყოფებოდნენ ქ. ხობში (მულის სახლში). ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 16 დეკემბრის #006884114 ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა ქ. ხობში, ... ქუჩაზე #196-ში მდებარე ოთახი; ოთახი მდებარეობს ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე; ოთახის ფართი შეადგენს 11,06 კვ.მეტრს; ოთახის შიდა მოსახვა დაზიანებულია, კედლების შეერთების ადგილებში არის საშიში ბზარები; წარმოდგენილი სახით ოთახი საცხოვრებლად უვარგისია. დასკვნას თან ერთვის ფოტომასალა.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 6 მარტის სხდომის #22 ოქმით დევნილთა განცხადებების განხილვამდე და საკითხის გადაწყვეტამდე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა რაიმე მოქმედება მ. ქ-ისაგან ინფორმაციის მისაღებად, ან სხვა რაიმე გარემოების დასადასტურებლად არ განუხორციელებია. სამინისტრომ მხოლოდ მოიძია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის თანახმად, მ. ქ-ის ოჯახი ქ. ხობში, ძველი „...“ შენობაში რეგისტრირებულია ერთი წევრის შემადგენლობით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დადგენილი და შეფასებული ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი, რაც განაპირობებდა მ. ქ-ის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემას; ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული არ არის, არ ქმნის იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ აღნიშნული პირები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მით უფრო იმ პირობებში, რომ დედა-შვილის ოჯახს დევნილთა სარეგისტრაციო ბაზაში, დღიდან დევნილობისა აქვს ერთი სარეგისტრაციო ნომერი, ერთ მისამართზე. ამის მიუხედავად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მ. ქ-ი და მისი შვილი ოჯახით, ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება მოხდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისათვის. ის გარემოება, რომ ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ განხორციელებულა და ეს ვალდებულება სახელმწიფოს მათ მიმართ გააჩნია, სადავო არ არის.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული მ. ქ-ის და მისი შვილისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი