Facebook Twitter

#ბს-409-406(2კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 20 მარტს გ. მ-ემ, ე. დ-ემ და ქ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელეებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 17 აპრილის #01-10/1782 მიმართვის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის); გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 სექტემბრის #1/1-754 ბრძანების; გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 სექტემბრის #56 განკარგულების; გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 9 სექტემბრის #01-10/4028 მიმართვის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 23 დეკემბრის #01-10/5595 წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) და გ. მ-ის, ე. დ-ისა და ქ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 24 თებერვლის #48 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეებმა ე. დ-ემ და ქ. მ-ემ 2014 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., ზონა , სექტორი, კვარტალი , ნაკვეთი 197, 2500 კვ.მ მიწის ნაწილში) ყადაღის დადება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით ე. დ-ის და ქ. მ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (ს/კ 245429200) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონებიდან, დაზუსტებული ფართობით: 3320.00 კვ.მეტრიდან - 2500 კვ.მეტრი ფართის გასხვისება, რომლის საკადასტრო კოდია: #....

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. მ-ის, ე. დ-ისა და ქ. მ-ის მიერ აღძრულ დავაში, მოპასუხეების - აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის, ე. დ-ის, ქ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2012 წლის 17 აპრილის #01-10/1782 მიმართვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ, გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 სექტემბრის #1/1-754 ბრძანება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 6 სექტემბრის #56 განკარგულება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 9 სექტემბრის #01-10/4028 მიმართვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 3320 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 610.90 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ ...) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ, გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 24 თებერვლის #48 ბრძანება „გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“; გ. მ-ის, ე. დ-ის და ქ. მ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #04 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, მათ მასზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის უნდა მიემართათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, ხოლო თუ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული წარმოების დროს დაადგენდა, რომ მათი მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ შეესაბამება „ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მათ მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფო/ადგილობრივი თითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, მათი კომლის წევრების საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით და თუ თანხმობა არ გასცა შესაბამისმა ორგანომ მხოლოდ ეს შეიძლება იყოს დავის საგანი.

კასატორი აღნიშნავს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ უკრძალავს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოითხოვოს სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთში მოცემული იქნება ვინმეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, კასატორის მითითებით, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემას, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობას იმაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოება არასრულფასოვნად ჩატარდა, კასატორი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდან წარმოების პროცესში რომც აღმოჩენილიყო რომ სადავო მიწის ნაკვეთი ვინმეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა, მაინც მოხდებოდა მისი რეგისტრაცია, ვინაიდან კანონმდებელი რეგისტრაციისთვის ითვალისწინებდა მესაკუთრის მიერ თანხმობის გაცემას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღიარებასთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელეები მოითხოვენ საკუთრების უფლების აღიარებას, წარმოადგენს სახელმწიფო ობიექტებით დაკავებულ მიწის ნაკვეთს, კერძოდ, მასზე განლაგებული იყო ფერმა, შესაბამისად, ის არ ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მოიცავს თუ არა სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. საქმეში არ მოიპოვება და ვერც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტი, რითაც მოხდებოდა ნაკვეთის საზღვრების დადგენა და მისი ამ გზით იდენტიფიცირება. შესაბამისად, უცნობია, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი სწორედ იმ კონფიგურაციის, ფართობისა და საზღვრების მატარებელი იყო, როგორც ეს მოსარჩელემ აზომვით ნახაზში მიუთითა და წარადგინა საჯარო რეესტრში. სწორედ მოსარჩელის მითითებით შედგენილი აზომვითი ნახაზით დაფიქსირდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან ზედდებაში. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს წინააღმდეგობის დადგენა მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებსა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების დაზუსტებულ უფლებას შორის, შეუძლებელი იყო, რამდენადაც მოსარჩელის მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არსად არ ყოფილა აღრიცხული.

კასატორი მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებაზე: ... მშრომელთა საერთო კრების 25.09.1997 წლის #4 საოქმო გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურში, სოფ...., ყოფილი მეღორეობის ფერმის წინ ფ. მ-ის ოჯახს გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლის თაობაზეც საჯარო რეესტრს ინფორმაცია არ ჰქონია და შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნებოდა სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება. ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მიწის რეფორმის ფარგლებში 1992 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ფ. მ-ე წარმოადგენდა თუ არა კომლის წევრს და ერიცხებოდა თუ არა მას მიწის ნაკვეთი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 სექტემბრის #1/1-754 ბრძანების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სხვადასხვა დასახელების უძრავი ქონება, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ... მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართით - 610,90 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი - 3320 კვ.მ. (საკადასტრო კოდი #...). შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...).

განსახილველ შემთხვევაში გ. მ-ე, ე. დ-ე და ქ. მ-ე მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით უთითებენ 1997 წლის 25 სექტემბერს გაცემულ სოფელ ... მშრომელთა საერთო კრების #4 ოქმზე, რომლის თანახმად, ხელვაჩაურში, სოფელ ..., ყოფილი მეღორეობის ფერმის წინ ფ. მ-ის ოჯახს გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ერთი მხრიდან ესაზღვრება ... გზა, მეორე მხრიდან - კ-ძის საკარმიდამო, მესამე მხრიდან - შ-ის საკარმიდამო, ხოლო მეოთხე მხრიდან - მდინარე ... . აღსანიშნავია, რომ საკომლო ჩანაწერების მიხედვით, მითითებული უძრავი ქონება ირიცხებოდა ფ. მ-ის კომლის ქონებად.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შორისაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საკასაციო სასმართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მართლზომიერი მფლობელობა დაცულია მესაკუთრის მსგავსად (სკ-ის 161-ე მუხ.), მას აქვს მფლობელობის პერიოდში ნივთის ფლობასთან დაკავშირებით მესაკუთრის იდენტური უფლებები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებელი შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს ანიჭებს ამ უფლების საკუთრების უფლებად ტრანსფორმირების შესაძლებლობას, რომლის რეალიზაციის დაუსაბუთებელი შეზღუდვა გაუმართლებელია და არ ემსახურება თავად კანონმდებლის ნებას, გამოხატულს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაში.

დადგენილია, რომ სოფელ ... მშრომელთა საერთო კრების #4 ოქმი დამოწმებულია უფლებამოსილი პირის ბეჭდით, ამასთან, შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობის, პარამეტრების და მოსაზღვრეების შესახებ. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის, ქ. მ-ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ დასახელებული უძრავი ქონება არის შემოღობილი და იყენებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ დასახელებული კრების ოქმი, ასევე საარქივო ცნობა და მიწის გადასახადის გადახდის ქვითრები ადასტურებენ ხელვაჩაურში, სოფელ ..., ყოფილი მეღორეობის ფერმის წინ მდებარე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე ფ. მ-ის ოჯახის მართლზომიერ მფლობელობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი