Facebook Twitter

#ბს-421-418(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…“ (შპს „ქ…“) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 10 ნოემბერს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 5 ივნისის #119156 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, შპს „…“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის #25462 ბრძანებისა და შპს „…“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე შპს „...“ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 5 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი #119156, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის #25462 ბრძანება შპს „…“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „…“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ (შპს „ქ...”) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „… (შპს „ქ…“), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სამრეწველოდ გადაუმუშავებელი, სოფლის მეურნეობის პროდუქტის - ხორცის ტრანსპორტირებას. სამრეწველო გადამუშავების დეტალურ განმარტებას იძლევა საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაზე, რომელზე დაყრდნობითაც იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვინაიდან საქონელი დანაწევრებული იყო, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს სამრეწველო დაგამუშავებად და შესაბამისად ამით ხსნის ზედდების გამოწერის სავალდებულოობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ქ...“ (შპს „...“) ახდენდა სამრეწველოდ გადაუმუშავებელი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირებას, ის არ იყო ვალდებული გამოეწერა ზედნადები პროდუქციის ტრანსპორტირებისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „…“ (შპს „ქ…“) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ (შპს „ქ…“) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ხოლო მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე-სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-61 ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა; ხოლო ამავე მუხლის მე-62 ნაწილის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის #241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“, რომლის მე-2 ჯგუფის (ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები) მიხედვით, „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტით მიიღება „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაუფეშხოებელი ნაკლავი“, რაც გულისხმობს დაკლული ცხოველების მთლიან ნაკლავს სისხლის დაცლის, გამოშიგვნის და გატყავების შემდეგ, თავით ან თავის გარეშე, ფეხებით ან უფეხებოდ. სხვა მოუცილებელი სუბპროდუქტებით ან მათ გარეშე. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (სიცოცხლის პროცესის შეწყვეტის (დაუფეშხოებელი ნაკლავი) შემდგომი დამუშავებით, რაც გულისხმობს დაუფეშხოებელი ნაკლავის კისრის, მკერდის, წელისა და გავის ხერხემლის, აგრეთვე მკერდის ძვლისა და საჯდომ ბოქვენის შენაზარდის ცენტრებზე სიმეტრიულ გაჩეხვას, მიიღება „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაფეშხოებული ნაკლავი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტის შედეგად მიღებული და დაუფეშხოებელი ნაკლავი.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქონელი დანაწევრებულია, აღნიშნული ითვლება სამრეწველო გადამუშავებად (საქონლის კოდის შეცვლად) და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაფეშხოებული ხორცის ტრანსპორტირება ქმნიდა ვალდებულებას სასაქონლო ზედნადების გამოწერისათვის და მისი ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში პირის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...“ (შპს „ქ...“) საკასაციო საჩივარზე ბ. ყ-ს 2017 წლის 20 მარტს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. ყ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ (შპს „ქ...“) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ბ. ყ-ს დაუბრუნდეს შპს „...“ (შპს „ქ...“) საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2017 წლის 20 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი