Facebook Twitter

#ბს-427-424(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 24 სექტემბერს თ. ვ-ემ, ნ. ს-ემ, თ. ს-ემ, შ. ბ-ემ და თ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოპასუხისთვის მათი გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხების გაცემა, კერძოდ: მოსარჩელეების - თ. ვ-ისა და თ. ს-ისათვის სამი წლის გამოუყენებელი შვებულებისათვის თითოეულზე 2100 ლარის, ნ. ს-ისა და შ. ბ-ისათვის კი ორი წლის გამოუყენებელი შვებულებისათვის თითოეულზე 1400 ლარის გადახდის, ხოლო თ. თ-ისათვის, ორი წლის გამოუყენებელი შვებულებისათვის, 1600 ლარის გადახდის დავალება და მოპასუხისათვის ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის შესაბამისი ფულადი თანხის დაკისრება მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ის, შ. ბ-ისა და თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა: თ. ვ-ის სასარგებლოდ 700 ლარი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით და 184,24 ლარი, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის; თ. ს-ის სასარგებლოდ - 700 ლარი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით და 184,24 ლარი, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის; შ. ბ-ის სასარგებლოდ - 700 ლარი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით და 184,24 ლარი, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის; თ. თ-ის სასარგებლოდ - 800 ლარი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით და 210,56 ლარი, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის. თ. ვ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ის, შ. ბ-ისა და თ. თ-ის სარჩელის დანარჩენი ნაწილი, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება თ. ვ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ის, შ. ბ-ის და თ. თ-ისათვის ანარიშწორების დაყოვნებისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაზე თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ვ-ის, ნ. ს-ის თ. ს-ის, შ. ბ-ის და თ. თ-ის მოთხოვნა ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი თვისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელეების მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეებისთვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის 23 ოქტომბერს, ამიტომ მათ სარჩელი უნდა წარედგინათ სასამართლოში არაუგვიანეს 2014 წლის 23 ნოემბრისა, სარჩელი კი წარდგენილია ამ ვადის გასვლის შემდგომ, 2015 წლის 25 სექტემბერს.

კასატორისთვის დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეების გათავისუფლების შესახებ ბრძანებით გაითვალისწინა მათთვის კომპენსაციის მიცემის საკითხიც, რაც გახდა სასამართლო დავის საგანი, კერძოდ, ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს გათავისუფლების დროისათვის მიეცემოდათ მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია, ხოლო რაც შეეხება გამოუყენებელ შვებულებას გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ ითვალისწინებდა. კასატორის განმარტებით, გამოუყენებელი შვებულება, როგორც კომპენსაცია არ განიმარტება და ასეთ განმარტებას არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისად, ბრძანება ითვალისწინებდა მხოლოდ იმ სახის კომპენსაციას, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და რაც გადახდილი იქნა მოსარჩელეებისთვის. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეთა მოთხოვნას გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს საშვებულებო ანაზღაურებას იმ შემთხვევებისთვის, როცა პირი არ გამოიყენებს შვებულების მოთხოვნის უფლებას. ასევე, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ კომპენსაციის მოთხოვნა, ვინაიდან შვებულება არის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მიიღწევა მისი მიზანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 5 სექტემბრიდან თ. ვ-ე, ნ. ს-ე, თ. ს-ე, შ. ბ-ე და თ. თ-ე გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან შტატების შემცირების მოტივით, მაგრამ დღემდე არ გასწორებიათ საბოლოო ანგარიში. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მათზე გაიცა მხოლოდ 2 თვის სარგოს ტოლი კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების ბრძანების მე-2 პუნქტით, მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს დაევალა საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით (მათ შორის კომპენსაციის ჩათვლით).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშია რეგლამენტირებული, დიდწილად გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან.

„ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს.

ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“-„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, როდესაც ის გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან, რადგანაც დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ შემთხვევაში არ არსებობს დასვენების ხანგრძლივი პერიოდით (შვებულების) გამოყენების შესაძლებლობა, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა, მაგრამ დასაქმებულს რჩება უფლება, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი სამართლებრივი რეგულაცია სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა მხოლოდ 2014 წლის, ანუ იმ წელს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში, რომელ წელსაც თ. ვ-ე, ნ. ს-ე, თ. ს-ე, შ. ბ-ე და თ. თ-ე გათავისუფლდნენ სამუშაოდან.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თ. ვ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ის, შ. ბ-ისა და თ. თ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მე-2 პუნქტით, მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურს დაევალა საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით (მათ შორის კომპენსაციის ჩათვლით). ამდენად, კასატორმა გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით იკისრა კომპენსაციის (მოიაზრება საშვებულებო კომპენსაციაც) გადახდის ვალდებულება და შესაბამისად, მოცემულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასაჩივრების ვადა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი