საქმე #010310015001034740
#ბს-430-427(2კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ი-ის, ნ. ხ-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 13 ივლისს ე. ზ-ემ, ც. ზ-ემ და ტ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 24 ივნისის #01/797 და #01/798 წერილების ბათილად ცნობა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ე. ზ-ის და ც. ზ-ის საკუთრებაში არსებულ 22.09 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე - ქ. ბათუმი, ... ქ. #34 „ა“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) და 5.20 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე - ქ. ბათუმი, ... ქ. #34 „ა“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) და ტ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ 28.36 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. #34 „ა“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) I კლასს მიკუთვნებული, კარისა და კიბის მშენებლობის ქალაქმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. ხ-ი, მ. ხ-ი, ი. ი-ი და ნ. ბ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ზ-ის, ც. ზ-ის, ტ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 24 ივნისის #01/797 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ... ქ. #34 „ა“-ში ე. ზ-ის საკუთრებაში არსებულ 22,09 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ბინაში და ც. ზ-ის საკუთრებაში არსებულ 5,20 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ბინაში I კლასს მიკუთვნებული, კარისა და კიბის მშენებლობის ქალაქმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 24 ივნისის #01/798 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ... ქ. #34 „ა“-ში ტ. ხ-ის საკუთრებაში არსებულ 28,36 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ბინაში I კლასს მიკუთვნებული, კარისა და კიბის მშენებლობის ქალაქმშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ი. ი-მა, ნ. ხ-მა და მ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი. ი-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ი. ი-მა, ნ. ხ-მა და მ. ხ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ორი გარემოება: 1.რომელ კლასს მიეკუთვნება მშენებლობა, რომელსაც აწარმოებენ მოწინააღმდეგე მხარეები და 2.მშენებლობა საჭიროებს თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამგანაგობის წევრთა ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას.
კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას პროექტის ავტორმა დაადასტურა, რომ მშენებლობის შედეგად ექსტერიერი არსებითად იცვლება. აღნიშნული კი არ გაითვალისწინა სასამართლომ და არც გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მისი გაზიარების ან უარყოფის თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მშენებლობის მიმართ ნებართვის გაცემემის პროცედურა უნდა წარიმართოს, როგორც მე-2 კლასს მიკუთვნებული მშენებლობა.
კასატორის მოსაზრებით, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის უნდა გაირკვეს ფართი, რომელსაც იყენებს მოსარჩელე წარმოადგენს თუ არა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანასაკუთრებას. კასატორი მიუთითებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ საერთო საკუთრების მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის არ იმყოფებოდეს ინდივიდუალურ საკუთრებაში. შესაბამისად, მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობის ნაწილები და მასში არსებული ნებისმიერი ფართი, რომელიც არ არის ინდივიდუალურ საკუთრებაში, ითვლება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაა. უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფართის გამოყენებით ის მოექცევა ინდივიდუალური საკუთრებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ ფართის გამოყენებით, რომელიც არ არის მოსარჩელეების საკუთრება, მნიშვნელოვნად შეიცვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, ხოლო რაც შეეხება მის გამოყენებას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მშენებლობის წარმოებით საერთოდ შეუძლებელია შემდგომში მისი გამოყენება. მენებლობის არარსებობის შემთხვევაში სწორედაც რომ შესაძლებელია მისი გამოყენება კარის მოწყობით და იატაკის ნიშნულის დაწევით.
კასატორები - ი. ი-ი, ნ. ხ-ი და მ. ხ-ი აღნიშნავენ, რომ უსწოროა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეემოწმებინა სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოებები. კასატორების მითითებით, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებს და შედეგად არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, თითქოს სადავო ფართს არ გააჩნია ფუნქციური დანიშნულება, ღიობი, შესასვლელი კარი, ამასთან, არ გამოიყენება სათავსოდ, სადგომად ან სარდაფად და მასში შეღწევა შეუძლებელია.
კასატორები ასევე არ ეთანხმებიან იმ დასკვნას, რომ საპროექტო დოკუმენტებში მითითებული მშენებლობა განეკუთვნება პირველი კლასის მშენებლობას. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის განხორციელებით ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი ფართის ფასადის მოსარჩელეთა სარგებლობაში მოქცევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისისა და 9 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ი-ის, ნ. ხ-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ი-ის, ნ. ხ-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება, არ დაყრდნობოდა მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და თავად მიეღო გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე სათანადო დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განუხორციელებია, რის გამოც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ი-ის, ნ. ხ-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე ვ. გ-ეს 2017 წლის 1 ივნისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ვ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. ი-ის, ნ. ხ-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინება;
3. ვ. გ-ეს დაუბრუნდეს ი. ი-ის, ნ. ხ-ისა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2017 წლის 1 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი