Facebook Twitter

#ბს-436-433(კ-17) 13 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 7 ივლისს ე. და ა. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის ე. და ა. ს-ების სასარგებლოდ 1326,547 ლარის, 2500 ევროს, 205 აშშ დოლარის და 25 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით მოსარჩელეების - ე. და ა. ს-ების სარჩელი მოპასუხე შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს-ის და ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ე. ს-ის და ა. ს-ის სასარგებლოდ 1326,547 ლარის, 2500 ევროს, 205 აშშ დოლარის და 25 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ს-ების კუთვნილი ოქროს ნაკეთობების და ფულადი თანხის განადგურება არ მომხდარა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ბრალეული ქმედების შედეგად, არამედ გამოწვეულ იქნა 2009 წლის 24 ივნისს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში მომხდარი ხანძრით. კასატორის განმარტებით, შენობაში მომხდარი ხანძრის დროს არ არის გამოკვეთილი მიზეზობრივი კავშირი სამმართველოს ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ხანძარი არ ყოფილა გამოწვეული სამმართველოს ბრალეულობით, შესაბამისად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამმართველოს მიერ მოქმედების განუხორციელობით ანუ უმოქმედობით მიადგა ზიანი ე. და ა. ს-ებს. კასატორის მითითებით, ს-ების კუთვნილი ნივთები ინახებოდა სპეციალურ საცავში. კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან სამმართველოს ბრალეულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

კასატორის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში მომხდარი ხანძრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, სასამართლო თავისივე გადაწყვეტილებით წინააღმდეგობაში მოდის სადავო ფაქტობრივ გარემოებების დადგენა/შეფასებისას და სცილდება ადმინისტრაციული წესით საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოზარებას, რომ ს-ების კუთვნილი ოქროს ნაკეთობები და ფულადი თანხა ინახებოდა საპროცესო ნორმების დარღვევით. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსი და ის ფაქტი, რომ ოქროს ნაკეთობები და ფულადი თანხა არ ინახებოდა ბანკის საცავში არ წარმოადგენს საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას, ვინაიდან სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ნივთიერი მტკიცებულება შეიძლება ინახებოდეს ასევე სხვა ადგილას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის საფუძველზე ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან, ხოლო სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, წარმოშობილი ზიანი, ამასთან, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას.

საქმის მასალებით დადგენილია და კასატორიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ა. ს-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული და პროცესის მწარმოებელ ორგანოსთან შენახული ოქროს ნივთების ნაწილი და ფულადი თანხა, რაც სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის საფუძველზე ექვემდებარებოდა დაბრუნებას, განადგურდა 2009 წლის 24 ივნისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში მომხდარი ხანძრის შედეგად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვანას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების ორგანოს მხრიდან ვერ იქნა უზრუნველყოფილი მათი, როგორც ნივთიერი მტკიცებულების ისეთ პირობებში შენახვა, რაც გამორიცხავდა განადგურებას, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი