კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-773-769(კს-17) 25 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. შ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2011წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2011წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. შ-ის წარმომადგენლის მ. ჯ-ის განცხადება სარჩელის გახმობის შესახებ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.04.2009წ. გადაწყვეტილება და განუხილველად დარჩა ნ. შ-ის სარჩელი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ (მესამე პირი ვ. ქ-ი), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 17.10.2007წ. N158829/1007 ჩანაწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.08.2008წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანის გზით მხარეებისათვის განჩინების ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.03.2011წ. განჩინება ნ. შ-ის წარმომადგენელს მ. ჯ-ეს პირადად ჩაბარდა 05.04.2011წ. აღნიშნული განჩინება ნ. შ-მა 12.06.2017წ. გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2011წ. განჩინების ასლი ნ. შ-ის წარმომადგენელს მ. ჯ-ეს სსკ-ით დადგენილი წესით გაეგზავნა 04.04.2011წ. და პირადად ჩაბარდა 05.04.2011წ. (ტ.2, ს.ფ. 109). ამრიგად, 31.03.2011წ. განჩინების გასაჩივრების ვადა ნ. შ-ის წარმომადგენლის - მ. ჯ-ისათვის, სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, 06.04.2011წ. დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 18.04.2011წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. ნ. შ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ კერძო საჩივარი წარმოადგინა 12.06.2017წ., სსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. შ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რის გამოც მისი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. შ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2011წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი