საქმე # 330310015690958
საქმე ¹ბს-830-822(კ-16) 12 ოქტომბერი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი(მოსარჩლე) - ც. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2016წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. დ-მა 06.01.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2016წ. N1/40 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, დ. ლ-ი იყო ... რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 10.09.2007წ. სასამართლოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დ. ლ-ი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება. 11.09.2007წ. დ. ლ-ი კომატოზურ მდგომარეობაში მოთავსებულ იქნა მე-... კლინიკური საავადმყოფოს ნეირორეანიმაციის განყოფილებაში, სადაც გაუკეთდა თავის ქალის სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ ოპერაციის დროს მოხდა ანევრიზმის განმეორებით გასკდომა და მიუხედავად ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობისა, მისი გამოყვანა კომატოზური მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ 11 თვის განმავლობაში იგი იმყოფებოდა კომაში ანუ სრულიად დაკარგული ჰქონდა შრომის უნარი. 28.07.2008წ. დ. ლ-ი გარდაიცვალა. გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად დაფიქსირდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა. მოსარჩელის განმარტებით თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა ოპერაციის დღეს (11.09.2007წ.) მოხდა. ც. დ-მა 30.10.2013წ. განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლითაც „მოსამართლეთა სოცილური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ„ კანონის 14.1 მუხლის საფუძველზე დ. ლ-ის გარდაცვალების გამო ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2014წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დ. ლ-ის გარდაცვალების გამო მოსამართლის 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემის თობაზე არ დაკმაყოფილდა და დადგინდა მისთვის შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო მოსამართლის 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დახმარების გაცემა. განცხადების ნაწილობრივი დაკმაყოფილების თობაზე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით დაირღვა „მოსამართლეთა სოცილური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ„ კანონის 14.1 მუხლის მოთხოვნა, რომლითაც სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2015წ. გადაწყვეტილებით ც. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2014წ. გადაწყვეტილება დ. ლ-ის გარდაცვალების გამო მისი 10 წლის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავალა 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი გარდაცვალების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის შრომისუნარიანობის დაკარგვისა და/ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემის საკითხი დარეგულირებული იყო „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონით. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლი დახმარების გაცემის საფუძვლად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარ კონკრეტულ გარემოებას ადგენს, თუმცა შესაბამისი გარემოების შეფასება მისგან უშუალოდ გამომდინარე შედეგის მხედველობაში მიღების გარეშე დაუშვებელია, რამეთუ ამგვარი მიდგომა წარმოადგენს ურთიერთობის ფორმალურ განხილვას მისი არსის უგულებელყოფით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი სამართლის ნორმით განსაზღვრულ ფაქტებთან მიმართებით კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკისა და კანონით გარანტირებული უფლების ხასიათის მხედველობაში მიღებით უნდა იქნეს დადგენილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დ. ლ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 10.09.2007წ. მომხდარ ფაქტს - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლასა და ანევრიზმის გასკდომას - კომატოზური მდგომარეობა და რამდენიმე თვის შემდეგ გარდაცვალება მოჰყვა. ის, რომ კომატოზური მდგომარეობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტის - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის შედეგია, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და ამ მხრივ სრულიად მართლზომიერად იქნა შეფასებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ფაქტი, როგორც შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის განმაპირობებელი გარემოება. თუმცა გარდაცვალებამდე არსებული მდგომარეობა, რაც დ. ლ-ის სიცოცხლისუნარიანობას მეტად პირობითად აქცევდა და მიზეზობრივი კავშირის სრული ბმა, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული არ ყოფილა, შეფასება არ მისცემია გარდაცვალების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს - სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლასა და კომატოზურ მდგომარეობას, რაც დ. ლ-ის გარდაცვალების უშუალო მიზეზი გახდა. ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რაც მათ სათანადო შეფასებასა და კანონის ნორმის არასწორად გამოყენებას განაპირობებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ც. დ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2016წ. გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ც. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, აქტი კანონიერია და იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მიერ სრლყოფილად იქნა გამოკვლეული დ. ლ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც მოსარჩელეს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეთქვა უარი ერთჯერადი დახმარების სახით 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და რომელი კონკრეტული მტკიცებულებებისა და გარემოებების შესწავლა დაევალა მას თავიდან.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლი ცალსახად ადგენდა, რომ მოსამართლის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით მიეცემოდა მხოლოდ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსამართლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მიეცემოდა არა 10 წლის, არამედ შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის მიხედვით 1 ან 5 წლის თანამდებობრივი სარგო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსამართლე დ. ლ-თან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა არა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტს, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის ფაქტს, რის გამოც მის ოჯახს სწორად მიეცა 5 წლის ერთჯერადი დახმარება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის N... მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ-ას მიერ დ. ლ-ის მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ზე, რომლის მიხედვითაც, სიკვდილის მიზეზად დაფიქსირებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა. ამასთანავე, დ. ლ-ის გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა არის დაფიქსირებული. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ დ. ლ-ის გარდაცვალების მიზეზი გახდა სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა, რასაც ადგილი არ ჰქონია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას. პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ 10.09.2007წ. დ. ლ-ის მიმართ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა, არ იძლევა დ. ლ-ის მიმართ 11.09.2007წ. დამდგარ შედეგთან ზემოაღნიშნული ფაქტის დაკავშირების შესაძლებლობას. მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დ. ლ-ის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა საფუძვლად დაედო მეორე დღეს, 11.09.2007წ., თავის ტვინში შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „...“ დასკვნაში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა არა ე.წ. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლას, როგორც ეს დ. ლ-ის სიკვდილის სამედიცინო მოწმობაშია მითითებული, არამედ ოპერაციის დროს განვითარებულ განახლებულ სისხლდენას, რომელიც თავის ტვინის დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შედეგი იყო. პალატამ მიუთითა, რომ დასკვნა ეფუძნება დ. ლ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სამედიცინო დოკუმენტაციას, აღნიშნული პირველადი დოკუმენტაციით, კერძოდ, თბილისის N... მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ-ას მიერ დ. ლ-ის მიმართ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის ყუა N112-ითა და დ. ლ-ის გარდაცვალების მოწმობით ცალსახად არის დადგენილი, რომ დ. ლ-ის გარდაცვალების მიზეზი გახდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. დ-მა.
კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მას, რადგან საქმე ეხება მისი მეუღლის გარდაცვალებას და აღნიშნულიდან გამომდინარე კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. ც. დ-ის განმარტებით, სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოხდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, 11 თვის განმავლობაში დ. ლ-ი იმყოფებოდა კომაში და კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა. დ. ლ-ის შეუძლოდ გახდომასა და მის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი დადასტურდა როგორც მოწმისა და მკურნალი ექიმის ჩვენებებით, ისე ექსპერტის დასკვნით. საწინააღმდეგო დოკუმენტაცია მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც ექსპერტის დასკვნა და მოწმის ჩვენება გაუხდია სადავოდ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარში ცალსახად განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციის ნაწილი მისთვის ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, ზოგიერთი გარემოება კი უცნობი. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა გარემოების გარკვევის შემთხვევაში სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება იმის თაობაზე, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.06.2003წ. N296 ბრძანებულებით დ. ლ-ი დაინიშნა ... რაიონული სასამართლოს მოსამართლედ ათი წლის ვადით. 10.09.2007წ. 16:15 საათზე სასამართლოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე დ. ლ-ი ცუდად გახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას თან ახლდა ძლიერი თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იქნა გამოძახებული. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ დ. ლ-ს დაუდგინდა დიაგნოზი - ქალასშიდა სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა. მეორე დღეს (11.09.2007წ.), დილით დ. ლ-ს მაღალი არტერიული წნევის ფონზე მარჯვენა კიდურების სისუსტე განუვითარდა და თანდათან გონება დაებინდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სტაციონარში გადაიყვანა, სადაც კლინიკური დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა დაუდგინდა ტვინის ნივთიერებაში დიდი ზომის სისხლჩაქცევით, რაც გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიზეზი გახდა. ოპერაციის დროს ანევრიზმიდან განახლდა სისხლდენა და მიუხედავად ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობისა, მისი გამოყვანა კომატოზური მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ 11 თვის განმავლობაში იგი იმყოფებოდა კომაში, უგონოდ ანუ სრულიად ჰქონდა დაკარგული შრომის უნარი. 28.07.2008წ. დ. ლ-ი გარდაიცვალა.
დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი გარდაცვალების პერიოდში, აგრეთვე, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე დახმარების გაცემის მოთხოვნის დასმის მომენტში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის შრომის უნარის დაკარგვისა და/ან მისი გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემის საკითხს აწესრიგებდა „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 03.12.2003წ. კანონი, რომლის მე-14 მუხლი, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახისათვის ითვალისწინებდა ერთჯერად ფულად დახმარებას 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემას შესაბამისად 5 ან 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ხსენებული კანონი გაუქმდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ 12.04.09წ. ორგანული კანონით, რომლის 71-ე მუხლი ითვალისწინებს კომპენსაციის ნაკლებ ოდენობას, კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მისი ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთდროული კომპენსაციის გაცემას 25 000 ლარის ოდენობით, ხოლო სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესების შემთხვევაში, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას - 10 000 ლარის ოდენობით). ვინაიდან განსხვავებული ოდენობის ფულადი დახმარება უკავშირდება კანონით გათვალისწინებულ განსხვავებულ წინაპირობებს, დავის გადაწყვეტა საჭიროებს იმის გარკვევას, თუ 03.12.2003წ. კანონით გათვალისწინებულ რომელ გარემოებას ჰქონდა ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში ც. დ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა საჭიროებს დ. ლ-ის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს ჯანმრთელობის მოშლასა და მის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის გარკვევას. სადავო აქტით მოპასუხე კოლეგიურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი დ. ლ-ის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებასა და მისი შრომის უნარის სრულად დაკარგვას შორის. „მოსამართლე დ. ლ-თან დაკავშირებით დახმარების გაცემის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2014წ. N1/40 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 10.09.2007წ. ... რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ. ლ-ი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იმყოფებოდა ... რაიონულ სასამართლოში, გახდა შეუძლოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მას დაუდგინდა დიაგნოზი - ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ეთანხმება იმას, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა კავშირშია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, მოპასუხე ეთანხმება აგრეთვე იმას, რომ სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლას მოჰყვა დ. ლ-ის შრომის უნარის სრული დაკარგვა. ამდენად, პათოლოგიური პროცესის დაწყებას ადგილი ჰქონდა დ. ლ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ამასთანავე, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტს, სახეზეა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის შემთხვევა, რომლის დადგომის პერიოდისათვის მოქმედი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლე დ. ლ-ის შრომის უნარის სრულად დაკარგვის გამო, საბჭოს სადავო აქტით გაიცა დახმარება მისი 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საბჭომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამართლე დ. ლ-თან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვალების ფაქტს, შესაბამისად, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრული დაკარგვის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსამართლის ოჯახისათვის 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით დახმარების გაცემის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს დ. ლ-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული რიგ გარემოებებს შორის (სამსახურში ცუდად გახდომა, ანევრიზმის გასკდომა, შრომის უნარის დაკარგვა) ერთიანი მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვის არსებობის გარკვევას, ერთიანი მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვის უარსაყოფად და მათი ერთმანეთთან დამოუკიდებლად განვითარების დასადასტურებლად უნდა გაირკვეს მათი გამომწვევი ფაქტორები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის აუცილებელ თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირის დადგენა ინდივიდუალურად ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით. კაუზალობაზე მსჯელობისას უნდა შეფასდეს არა ობიექტური შესაძლებლობა შედეგის დადგომისა, არამედ უკვე დამდგარი შედეგის კავშირი კონკრეტულ გარემოებებთან. შესაბამისად, მიზეზობრიობის მთავარი ასპექტია არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს, რომლის ნიშნები მოცემულ შემთხვევაში იკვეთება. საქმეში დაცული დ. ლ-ის გარდაცვალების მოწმობის თანახმად, გარდაცვალება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლამ გამოიწვია. გარდაცვალების იმავე მიზეზებს მიუთითებენ შპს ... საავადმყოფოს ხელმძღვანელი - გ. მ-ი და ექიმ-ნევროპათოლოგი - ლ. გ-ა, თუმცა არც ერთი მათგანი არ უარყოფს ერთიანი პათოლოგიური პროცესის განვითარებას, პროცესის ეტაპებს შორის მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვს. საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ 11.09.2007წ. ჩატარებული ოპერაციის დროს განმეროებით მოხდა სისხლის მიმოქცევის მოშლა ანუ განახლდა სისხლდენა ანევრიზმიდან და შემდგომში, მიუხედავად ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებებისა, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. განმეორებით სისხლდენა დაფიქსირდა უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას და მისი წარმოშობა რაიმე დამოუკიდებელ გარემოებას ან არასწორ მკურნალობას არ გამოუწვევია, ყოველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს ანევრიზმიდან სისხლდენის განახლების რაიმე დამოუკიდებელ ფაქტორს, ასეთი არც საქმის მასალებით დასტურდება.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დ. ლ-მა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის შედეგად შრომის უნარი სრულად დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ გარდაცვალების ფაქტი კავშირშია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლასთან, ფაქტობრივად უარყოფილია გარდაცვალების კავშირი ანევრიზმის გასკდომასთან. ასეთ პირობებში საფუძვლიანია სადავო აქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ გარდაცვალების გამო დახმარების გაცემაზე უარს ფაქტობრივად საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ანევრიზმის გასკდომას პირდაპირ ლეტალური შედეგი არ გამოუწვევია, გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა 28.07.2008წ., 11-თვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დროის ხანგრძლივი შუალედი არ აქარწყლებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ლ-ი ოპერაციის შემდეგ აღარ გამოჯანმრთელებულა, 11.09.2007წ. ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ დ. ლ-ი 52 დღის განმავლობაში გადიოდა ინტენსიურ თერაპიას, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა სახლში ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესების გარეშე, კომატოზურ მდგომარეობაში. დ. ლ-ი გარდაცვალებამდე (11 თვის განმავლობაში) იმყოფებოდა კომატოზურ, უგონო მდგომარეობაში. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 17.06.2008წ. N1922/26-116 დასკვნის თანახმად, დ. ლ-ს სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ფონზე განუვითარდა ტეტრაპლეგია და კომატოზური მდგომარეობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.07.08წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 28.07.08წ. Nგ/35 გადაწყვეტილებით დ. ლ-ს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე) დაენიშნა. დ. ლ-ი გარდაცვალებამდე 11 თვის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, მდგომარეობის გაუმჯობესების რაიმე ნიშანს ადგილი არ ჰქონია. ის გარემოება, რომ დ. ლ-მა ჯერ შრომის უნარი დაკარგა მთლიანად, ხოლო შემდეგ გარდაიცვალა, ვერ აქარწყლებს სიკვდილის ფაქტთან მიზეზობრივი კავშირის არსებობას, უფრო მეტიც, აღნიშნული მიზეზობრივი კავშირის ორდინალური განვითარების მაჩვენებელია.
ანევრიზმის გასკდომის მომენტი და იქიდან სისხლდენის განახლების მომენტი დროის მოკლე პერიოდით არის დაცილებული ერთმანეთისგან (პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იქნა მიყვანილი კლინიკურ საავადმყოფოში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში პაციენტის მოთავსებისთანავე პაციენტს დაუდგინდა თავის ტვინის მარჯვენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომის დიაგნოზი), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის როგორც თავდაპირველი, ისე განმეორებითი მოშლიდან გასულია 11 თვე, ამ გარემოებამ არ გამორიცხა 11 თვის წინ მომხდარი მოვლენის (სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა) სიკვდილის მიზეზად ცნობა. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ დ. ლ-ის შრომის უნარის დაკარგვა და მისი გარდაცვალება გამოწვეულია ერთი და იმავე მიზეზით, კერძოდ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, რაც, თავისმხრივ, ანევრიზმის გასკდომის უშუალო თანმდევი პროცესის მაჩვენებელია. სასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება მიზეზობრივი კავშირის არარსებობის მტკიცების ტვირთი. საქმეში დაცულ მასალებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა 10.09.2007წ. დ. ლ-ის შეუძლოდ გახდომასა და 28.07.2008წ. მის გარდაცვალებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირი, დავის გადაწყვეტა საჭიროებს 10.09.2007წ. სასწრაფო დახმარების მიერ დასმულ დიაგნოზს - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლას, 11.09.2007წ. მე-... კლინიკური საავადმყოფოს ნეირორეანიმაციის განყოფილებაში დასმულ დიაგნოზს - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომას, ამავე დღეს ჩატარებული ოპერაციის დროს ანევრიზმის დაზიანებული კედლიდან სისხლდენის განახლებას, დ. ლ-ის ხანგრძლივი კომატოზურ მდგომარეობასა და მის გარდაცვალებას შორის ერთმანეთთან დამოკიდებულების გარკვევას. არ არის დასაბუთებული სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს მომხდარი შემთხვევის დაკავშირება მხოლოდ შრომის უნარის სრულ დაკარგვასთან და იმავდროულად გარდაცვალების ფაქტთან მისი კავშირის უარყოფა, რადგან გარდაცვალება უშუალოდ ებმის შრომის უნარის დაკარგვას, არ არის დასაბუთებული მიზეზობრივი კავშირის გაწყვეტა, არ დასტურდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლის გამოწვევა ანევრიზმის მეორე გასკდომით (საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა ტექნიკური წუნის გარეშე, პოსტოპერაციულ პერიოდში ტარდებოდა ინტენსიური თერაპია სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების მიზნით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით; N01-04/21 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ. ლ-ს ჩაუტარდა ადეკვატური ოპერაციული და კონსერვატიული მკურნალობა, აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე გარემოება არ სახელდება) ან/და მიზეზობრივი კავშირის ატიპიური განვითარებით, ამ მიმართულებით რაიმე არგუმენტაციას არც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და არც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ შეიცავს. სააპელაციო პალატის მიერ არ არის დასაბუთებული ალტერნატიული მიზეზობრიობის ანუ ისეთი შემთხვევის არსებობა, როდესაც შედეგს იწვევს ორი ან მეტი პირობა, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული საკმარისი იქნებოდა შედეგის დადგომისათვის. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლის გამოწვევა ანევრიზმის მეორე გასკდომით არ დასტურდება, არ დასტურდება აგრეთვე კუმულატიური მიზეზობრიობის არსებობა ანუ შედეგის დადგომა ორი ან მეტი პირობის ერთობლივი მოქმედებით.
საქმის მასალებით, სადავო აქტით არ დასტურდება ხარვეზი მიზეზობრივი კავშირის განვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დამაჯერებლად უარყოფილი ე.წ. უპრობლემო მიზეზობრიობა, ანუ შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირობა იწვევს კონკრეტულ შედეგს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ლ-ი N... კლინიკურ საავადმყოფოში 11.09.2007წ. მოთავსდა მძიმე მდგომარეობაში, ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევით დაუდგინდა თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმა და მისი გასკდომის შედეგად დიდი ზომის ინტრაცერებრული ჰემატომა, თავის ტვინის შეშუპება. ასეთ მოცემულობაში სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობა, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის საექსპერტო კომისიის 07.12.2015წ. N01-04/21 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ძალზედ დაბალი იყო, რის გამო ოპერაციის ჩატარება გადაწყდა მხოლოდ პაციენტის ოჯახის წევრების წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის შემდგომ. ექიმ-ნეირორეანიმატოლოგ რ. გ-ის 14.04.2014წ. განცხადებით ნეიროქირურგიის რეანიმაციულ განყოფილებაში 11.09.07წ. დასმული დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა, დიდი ზომის სისხლჩაქცევით ტვინის ნივთიერებაში, თავისთავად უკვე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო. შესაბამისად, შრომის უნარის სრული დაკარგვის, როგორც დამოუკიდებელი შედეგის, დადგომა არც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და არც სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა, არ იძლევა დ. ლ-ის მიმართ მეორე დღეს (11.09.2007წ.) დამდგარ შედეგთან დაკავშირების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის კავშირის შესაძლებლობას 11.09.2007წ. დამდგარ შედეგთან, გიგანტური ანევრიზმის გასკდომასთან. საქმეში დაცული დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „...“ N01-04/21 დასკვით დასტურდება, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა 11.09.2007წ. ოპერაციის დროს განვითარებული ანევრიზმის უკვე დაზიანებული კედლიდან განახლებული სისხლდენა, რომელიც თავის ტვინის დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შედეგი იყო და არა დამოუკიდებელი გარემოება. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება თავისი შედეგებითურთ პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია 10.09.2007წ. თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომასთან. შესაბამისად, რომ არა 10.09.2007წ. ანევრიზმის გასკდომა, 11.09.2007წ. არ ჩატარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია და არც სისხლდენა განახლდებოდა ანევრიზმიდან. სასამართლო ექსპერტიზის ცენტრს შპს „...“ N01-04/21 დასკვის თანახმად, სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა ანუ სისხლძარღვის დაზიანებული კედლიდან სისხლდენის განახლება 10.09.07წ. განვითარებულმა დარღვევამ განაპირობა, დასკვნის თანახმად, სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლა 10.09.07წ. თავის ტვინის დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო. საექსპერტო დასკვნა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ გაიცა და მოპასუხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ შეფასებულა, საექსპერტო დასკვნა სათანადოდ არც სააპელაციო პალატის მიერ იქნა შეფასებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (სსკ-ის 105-ე მუხლი), მათ შორის საექსპერტო დასკვნას, რომელიც სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და ფასდება სსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (სსკ-ის 172-ე მუხლი), ამასთანავე სასამართლოს მიერ უნდა დასაბუთდეს ექსპერტის დასკვნის გაზიარებაზე უარის თქმა (სსკ-ის 172-ე მუხლი). სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საექსპერტო დასკვნის არგუმენტირებული უარყოფის დასაბუთებას. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - შპს „...“ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციის დროს განვითარებული განახლებული სისხლდენა იყო ერთიანი პათოლოგიური პროცესის შედეგი. ექსპერტიზის დასკვნის უარსაყოფად სააპელაციო პალატამ მიუთითა N... მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმ-ნევროპათოლოგის - ლ. გ-ას მიერ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად მითითებულია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით განმეორებით მოშლას ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლის მითითება ვერ უარყოფს მიზეზობრივ კავშირს ანევრიზმის გასკდომასა და სისხლდენის განახლებას შორის. მიზეზობრივი კავშირი მოვლენათა ისეთი თანმიმდევრობაა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ამ მოვლენებს შორის უბრალოდ დროში თანმიმდევრობას, არამედ აუცილებელ კავშირს მათ შორის. უმართებულოა მოვლენათა ჩვეულებრივი რიგითობის მიზეზობრივ კავშირად მიღება. საქმეზე არ დასტურდება მეორედ ანევრიზმის გასკდომა, სისხლდენის განმეორებითი მოშლა არის შედეგი გიგანტური ანევრიზმის გასკდომის, უკანასკნელი თავისთავად წარმოადგენდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაზიანებას, მის გარეშე არ ექნებოდა ადგილი სისხლის მიმოქცევის მეორედ მოშლას, სისხლჩაქცევას და, შესაბამისად, სასიკვდილო შედეგის დადგომას. სააპელაციო პალატა ექიმ-ნევროპათოლოგ ლ. გ-ას მიერ გაცემული სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის, გარდაცვალების მოწმობაში მითითებული გარდაცვალების მიზეზის - თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლის საფუძველზე ასკვნის, რომ გარდაცვალების მიზეზს - ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლას ადგილი არ ჰქონია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას. საგულისხმოა, რომ გარდაცვალების მოწმობაში და გარდაცვალების აქტის ჩაწერის ფორმაში გარდაცვალების მიზეზის მითითება, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ 15.10.1998წ. კანონში 20.04.2010წ. N2952 კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, არ ხდება. უკეთუ, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება სავალდებულო წესით მოითხოვდა დამატებით გარდაცვალების მოწმობაში მითითებული სიკვდილის მიზეზის შეცვლას, სასკ-ის 281 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დახმარება უნდა გაეწია მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს. ამასთანავე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის გაცემის დროს მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.03.03წ. N54/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის შევსების და გაცემის ინსტრუქციის“ (გაუქმებულია მინისტრის 14.01.11წ. N8/ნ ბრძანებით) 3.8 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობაში, რომლის საფუძველზეც ხდებოდა გარდაცვალების რეგისტრაცია (იმჟამად მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 881 მუხლის „გ-ა“ ქვეპუნქტები, ამჟამად მოქმედი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 7.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), სისკვდილის მიზეზის ამსახველი შესაბამისი გრაფის „ა“ ქვეპუნქტში სიკვდილის უშუალო მიზეზად ჩაიწერება პათოლოგიური პროცესი, ივსება შემდეგი ქვეპუნქტებიც, მათში აისახება ავადმყოფობა, მისი მიმართულებები და პათოლოგიური პროცესები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ეტიმოლოგიურად და პათოგენეზურად. მოცემულ შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ 28.07.08წ. გაცემულ სამედიცინო მოწმობაში (ფორმა N106/ს-4) სიკვდილის მიზეზად მითითებულია „თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა (ანევრიზმის გასკდომა), კომატოზური მდგომარეობა“, სიკვდილის აღნიშნული მიზეზი მითითებულია შესაბამის გრაფის (9პ.) ყველა ქვეპუნქტში („ა“, „ბ“, „გ“), რაც ადასტურებს პათლოგიური პროცესის შედეგად პაციენტის გარდაცვალებას. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე მკურნალი ექიმის - ლ. გ-ას 11.02.14წ. ახსნა-განმარტებით, რომლის თანახმად, პაციენტი კომატოზურ მდგომარებაში იქნა მიყვანილი საავადმყოფოში, მას დაუდგინდა თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომის დიაგნოზი, რომელიც თავისთავად სიცოცხლესთან შეუთავსებელია, პაციენტს სასწრაფოდ გაუკეთდა ოპერაცია, ჩაუტარდა ანევრიზმის კლიპირება, მაგრამ განმეორებით მოხდა სისხლის მიმოქცევის მოშლა ანუ განახლდა დენა ანევრიზმიდან, რის გამოც გარდაცვალების მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეროებითი მოშლა მიეთითა. მკურნალი ექიმის ლ. გ-ას 11.02.14წ. ახსნა-განმარტებაში ცალსახადაა ხაზგასმული, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებითი მოშლა გამოწვეული იყო თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის თავდაპირველი მოშლით, რომ არ ყოფილიყო პირველი, არ იქნებოდა მეორე შემთხვევა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს (ეკვივალენტურს) წარმოადგენს, თუკი დადგინდა, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. ეკვივალენტურობის მიზეზობრივი კავშირის არსებობა 10.09.2007წ. დაფიქსირებული თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომასა და 28.07.2008წ. დ. ლ-ის გარდაცვალებას შორის არ არის უარყოფილი სადავო აქტში და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. ადმინისტრაციული ორგანო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსამართლე დ. ლ-ის მიერ შრომის უნარის დაკარგვა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას დახმარების გაცემის თაობაზე სასამართლო უფლებამოსილების განხორიელებისას შრომის უნარის სრული დაკარგვის საფუძვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია საბჭოს სადავო აქტში მოყვანილი მოსაზრება, რომ ადგილი აქვს სამასახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შრომის უნარის სრულად დაკარგვის შემთხვევას და არა გარდაცვალების ფაქტს. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ დ. ლ-ი მკურნალობდა ჰიპერტონიულ დაავადებას, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტაციულმა ორგანომ თავად აღიარა შრომის უნარის სრული დაკარგვის კავშირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან. ამასთანავე, მხედეველობაშია მისაღები, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლისა და გარდაცვალების პერიოდში მოქმედი „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 03.12.03წ. კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის გადამწყვეტი ფაქტორი იყო მოსამართლის გარდაცვალება სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას, ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ 12.04.09წ. ორგანული კანონის 71-ე მუხლი მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის პირობად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ერთად მითითებულია აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კავშირი მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებასთან. ამდენად, დ. ლ-ის გარდაცვალების დროს მოქმედი კანონმდებლობა ერთჯერადი დახმარების გაცემის პირობად ითვალისწინებდა უფლებამოსილების განხორცილების პერიოდს და არა გარდაცვალების კავშირს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორცილებასთან (ე.წ. „გადაწყვეტილი მიზეზობრიობა“). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გარკვევას საჭიროებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს დაწყებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლის კავშირი გარდაცვალებასთან და არა მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით გამოწვეული მიზეზები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მწვავე პათოლოგიური პროცესის განვითარება, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა, დაიწყო დ. ლ-ის სამსახურში ყოფნის პერიოდში.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ანევრიზმის გასკდომა მოხდა 10.09.2007წ., ხოლო ექიმ-ნევროპათოლოგის - ლ. გ-ას ახსნა-განმარტების მიხედვით ანევრიზმის გასკდომა და ხელმეორედ სისხლდენა 11.09.2007წ. მოხდა, საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით კლინიკაში პაციენტის მოთავსებისთანავე მას იმთავითვე დაუდგინდა გიგანტური ანევრიზმა, სისხლჩაქცევა, ადგილი ჰქონდა მწვავე პათოლოგიური პროცესის განვითარებას, რომლის ეტაპების დეტალურ შეფასებას, ურთიერთკავშირის გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ზუსტად უნდა დადგინდეს თუ რას ჰქონდა ადგილი - ანევრიზმის განმეორებით გასკდომას (ექიმ-რეანიმატოლოგის - გ. ხ-ას 11.04.2014წ. განცხადება), თუ უკვე გამსკდარი გიგანტური ანევრიზმიდან ხელმეორედ სისხლდენას (კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის - გ. მ-ის 21.02.2014წ. ახსნა-განმარტება). მხედველობაშია მისაღები, რომ ოპერაციის ოქმის მიხედვით უშუალოდ ოპერაციის მსვლელობაში და არა ოპერაციის შემდგომ პერიოდში გაგინტური ანევრიზმის პარკის გამოცალკავების პროცესში ანევრიზმის უკვე დაზიანებული კედლიდან განახლდა სისხლდენა, ადგილი ჰქონდა არა ანევრიზმის განმეორებით გასკდომას, არამედ სახელდობრ ოპერაციის დროს განვითარებულ განახლებულ სისხლდენას, რომელიც თავის ტვინის დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შედეგი იყო. გარკვევას საჭიროებს აგრეთვე ანევრიზმის გასკდომის მომენტი. სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე გაკეთებული ხსენებული კომისიური საექსპერტო დასკვნის თანახმად, ანევრიზმის გასკდომა მოხდა 10.09.07.წ, სააპელაციო სასამართლო აქსპერტიზის ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად სათანადო არგუმენტაცია არ მოუყვანია.
საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სადავო აქტი არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შეცილებითი სარჩელი (სასკ-ის 22-ე მუხლი), რომლის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის არსებობა (სასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სარჩელის აღძვრის უფლება არ არის საყოველთაო, სარჩელის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს. უკეთუ სარჩელი არ პასუხობს დასაშვებობის მოთხოვნებს, აღიშნული ქმნის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაუშვებლობის გამო სარჩელზე წარმოების შეწყვეტის (სასკ-ის 262 მუხლის მე-2 ნაწილი) და არა საქმის არსებით განხილვის შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამომდინარეობს სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მოსაზრებებიდან. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო აქტი არანაირ პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის 14.1 მუხლით გათვალისწინებული კომპესაციის მიღებაზე. აღნიშნული კომპენსაციის გაცემა მიზნად ისახავს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის წევრებისათვის მატერიალური დანაკლისისა და მორალური ტრავმის შემსუბუქებას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის გარდაცვლილის ოჯახის წევრი - მეუღლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს მისი, როგორც გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახის წევრის, კანონით გათავალისწინებულ უფლებაზე - მიიღოს მეუღლის გარდაცვალებიდან გამომდინარე სათანადო ოდენობის ერთჯერადი ფულადი დახმარება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ხსენებული მითითება საფუძველს არის მოკლებული.
ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეყრდნობა „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დანაწესს ერთჯერადი ფულადი დახმარების (10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით) შესახებ. სადავო აქტით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლე დ. ლ-ის შრომის უნარის სრულად დაკარგვის გამო, „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრი დაცვის განატიების შესახებ“ კანონის 14.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უკვე გაიცა დახმარება 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ხსენებული კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთჯერადი ფულადი დახმარების მიმღები არის სამსახურებრივი უფლებამოსიელების განხორცილებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების სუბიექტია მოსარჩელე, რომელმაც შრომის უნარი დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორცილებისას. შრომის უნარის დაკარგვის გამო გასაცემი დახმარების სუბიექტია მოსამართლე, რომელმაც შრომის უნარი გაკარგა და არა ოჯახის წევრი, ხოლო სადავო აქტით შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის საფუძვლით დახმარება გაიცა მოსამართლის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება კანონის 14.1 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახისათვის, შესაბამისად, მოსარჩელესთან ერთად გარდაცვლილის ოჯახის დანარჩენ წევრებს აქვთ უშუალო, პირდაპირი ინტერესი მოცემული დავის მიმართ, მით უფრო, რომ საქმის მასალების თანახმად, დაკმაყოფილებული თანხის ნაწილში გარდაცვლილის მემკვიდრეების (ნ. და ნა. ლ-ების) განცხადების საფუძველზე მოხდა მათ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ დავაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, რის გამოც სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ოჯახის წევრები სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად უნდა იქნენ ჩაბმული დავაში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის საამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო აქტის ბათილად ცნობით ადმინისტრაციულ ორგანოს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, ც. დ-ი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის გაზრდა არ დაიშვება (სსკ-ის 407-ე მუხლი), შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ უსაფუძვლოა, მოთხოვნა შესაძლოა ეხებოდეს ახალი გადაწყვეტილებით სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ შრომის უნარის დაკარგვისათვის დადგენილი ერთჯერადი დახმარების მიღების გამო, სადავო აქტის ამ ნაწილის ძალაში შესვლის მხედველობაში მიღებით, გამოირიცხება გარდაცვალების გამო გათვალისწინებული დახმარების კომპენსაციის მოთხოვნა. გარდაცვალების გამო დახმარების მიღების მოთხოვნა მოიცავს შრომის უნარის დაკარგვის გამო გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად დახმარებას (5 წლის თანამდებობრივ სარგოს) და აღემატება მას (10 წლის თანამდებობრივი სარგო), მოთხოვნა ეხება არა დახმარების ხსენებული კომპონენტების ცალ-ცალკე გაცემას, არამედ ერთიანი დახმარების თანხის მიღებას. სადავო აქტი წარმოადგენს ერთიან აქტს, სახეზეა შერეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის ერთი ნაწილი არის აღმჭურველი, ხოლო მეორე ამკრძალავი. ვინაიდან მოთხოვნა მოიცავს უკვე გაცემული ერთჯერადი დახმარების თანხას, აღნიშნული გარემოება ადასტურებს არა სადავო აქტის ძალაში შესვლას, არამედ იმას, რომ მოპასუხისათვის აქტის გამოცემის დავალების შემთხვევაში ვერ მოხდება მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესება, გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისთვის.
სასკ-ის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯის ორივე მხარის გათავისუფლების შემთხვევაში ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთანავე, სააპელაციო პალატის 01.07.2016წ. დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. დ-ს უკან დაუბრუნდა სასარჩელო განცხადებაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, არ გასაჩივრებულა და ძალშია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი