Facebook Twitter

საქმე #330310015001014115

#ბს-215-213(კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – კ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 22 ივნისს კ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან, კერძოდ, ქ. გაგრიდან დევნილი. 1984 წელს იგი ქ. მარტვილიდან საცხოვრებლად გადავიდა ქ. გაგრაში ბიძასთან გ. ჭ-ის ოჯახში, სადაც ცხოვრობდა 1992 წლის აგვისტომდე, გაგრის დაცემამდე. 1992 წლის აგვისტოდან იგი ცხოვრობდა ქ. მარტვილში მშობლებთან ერთად და დაამთავრა მარტვილის ... საშუალო სკოლა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2003 წელს მას მიენიჭა დევნილის სტატუსი. ამავე წელს კ. ბ-ა დაქორწინდა და 2007 წლის 27 დეკემბერს შეეძინა შვილი ნ. ბ-ა, რომელსაც ასევე მიენიჭა დევნილის სტატუსი. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 19 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში მას ჩაუტარდა გასაუბრება, რის საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის #621 და #622 ბრძანებებით, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, კ. ბ-ას და მის შვილს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 აპრილის #621 და #622 ბრძანებების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის კ. ბ-ასა და ნ. ბ-ასთვის დევნლის სტატუსის აღდგენის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის #622 და #621 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმების განმარტების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. სასამართლოს განმარტებით, მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ნორმის განმარტების თანახმად, პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების ერთ-ერთ უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენს პირადობის მოწმობა, რადგან რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით განსაზღვრულია იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესი. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლში მოცემულია დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, დეპარტამენტის უფროსის დასკვნაში კ. ბ-ასა და ნ. ბ-ასათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლად აღნიშნულია, რომ 2014 წლის 19 ივნისს ჩატარებული გასაუბრებისას კ. ბ-ამ აღნიშნა, რომ ქ. გაგრაში ცხოვრობდა ბიძასთან - გ. ჭ-ესთან და ბიცოლასთან - ფ. ჭ-ესთან და ბიძაშვილთან - ა. ჭ-ესთან ერთად, ამასთან, კ. ბ-ას მიერ დასახელებული მეზობლები არ იძებნებიან დევნილთა ელექტრონული მონაცემების ერთიან ბაზაში. მისი განცხადებით გაგრაში სახლი იყო ბიძის საკუთრება და ჩაწერილი იყო ბიძასთან. მშობლებს აფხაზეთში არ უცხოვრიათ. გაგრა დატოვა 1992 წლის აგვისტოს. ამჟამად ცხოვრობს ბიძასთან გ. ჭ-ესთან ერთად.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული #50124/01 წერილის შინაარსის მიუხედავად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კ. ბ-ას მუდმივად ცხოვრების ფაქტი დევნილობამდე არსებულ მისამართზე გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, არ დასტურდება. იმის გათვალისწინებით, რომ კ. ბ-ა 1983 წელს შევიდა გაგრის საშუალო სკოლაში. ისწავლა 7 კლასი (დაახლოებით 1990-1991წწ) გააგრძელა მარტვილის რაიონის სოფელ ... საშუალო სკოლაში. გაგრაში ჩაწერილი იყო ბიძის საკუთრებაში. მშობლებს არ უცხოვრიათ აფხაზეთში. დევნილობის დადგომის დროს კ. ბ-ა იყო არასრულწლოვანი, ხოლო მის მშობლებს არ აქვთ დევნილის სტატუსი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მითითებულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

თუმცა, ამ მტკიცებულების საპირისპიროდ სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 5 ნოემბრის #1305/01-28 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ კ. ბ-ა 1992 წლამდე ფაქტიურად ცხოვრობდა ქ. გაგრაში, ბიძასთან - გ. ჭ-ესთან.

სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ადმინისტრაციული ერთეულისაგან კ. ბ-ას შესახებ, საიდანაც სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს #205 წერილობით აცნობეს, რომ კ. ბ-ა 1984-დან 1992 წლამდე ფაქტიურად ცხოვრობდა ქ. გაგრაში მისი ბიძის ოჯახში, რასაც ადასტურებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრები კ. ბ-ას მეზობლები.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 26 სექტემბრის #16/16962 წერილით დასტუდება, რომ კ. ბ-ა მარტვილის რაიონის სოფელს ... საშუალო სკოლის მოსამზადებელ კლასში ჩარიცხულია 1983 წლის #1 ბრძანების საფუძველზე, თუმცა 1994-1995 წლების ბრძანების წიგნები არქივში დასაცავად არ შემოსულა, რის გამოც არ არსებობს ინფორმაცია კ. ბ-ას მიერ აღნიშნული სკოლის დამთავრების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ კ. ბ-ას ქ. გაგრაში ცხოვრების ფაქტს 1984 წლიდან 1992 წლამდე ასევე ადასტურებენ საქმეში მოწმის სახით დაკითხული პირები. ამდენად, ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დგინდება დევნილის სტატუსი ჩამორთმევის საფუძვლის არსებობა, ამ სტატუსის ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიღების გამო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით ვერ დასტურდება უტყუარად კ. ბ-ას მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ქ. გაგრა, ... ქ. #27) ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალ გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ბ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ დევნილობის დადგომის დროს კ. ბ-ა იყო არასრულწლოვანი, 13-14 წლის; მის მშობლებს არ უცხოვრიათ აფხაზეთში, არა აქვთ დევნილის სტატუსი და ცხოვრობდნენ მარტვილის რაიონში. ასევე, სადავოს არ წარმოადგენს, რომ კ. ბ-ა შვილად აყვანილი არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, არც მზრუნველობა/ მეურვეობა ყოფილა მის მიმართ დადგენილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20.2 მუხლზე, რომლის მიხედვით, ისევე როგორც იმ დროს მოქმედი 1964 წლის კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა და ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი. იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა იცნობდა ჩაწერის ინსტიტუტს, მუდმივს და დროებითს, რასაც თავისი საფუძვლები გააჩნდა. შესაბამისად, კ. ბ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იმ პერიოდისათვის (1990-1992 წელი) მშობლების საცხოვრებელი ადგილი - მარტვილის რაიონი წარმოადგენდა და თუნდაც აფხაზეთში ბიძის ოჯახში დროებითი ცხოვრება ვერ იქნება მოაზრებული, რომ მან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა იძულებით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მასალები ქმნიდა მოსარჩელისთვის სტატუსის გაუქმების საკმარის საფუძველს და გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ კ. ბ-ას მიერ ვერც სამინისტროში მის მიმართ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს და ვერც სასამართლოში ვერ იქნა დამაჯერებლად და არგუმენტირებულად დადასტურებული აფხაზეთში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სასამართლოზე გამოკვლეული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს აძლევდა საფუძველს გაეზიარებინა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გზით, რაც არ ქმნიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსი. ასევე, სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა და კ. ბ-ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით არ იხელმძღვანელა სპეციალური სახის მტკიცებულებებით, როგორსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა საქმის მასალებში არსებული ბ-ას სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა #..., მაშინ, როცა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ცალსახად ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ავალდებულებს ყველა ორგანოს და დაწესებულებას პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით იხელმძღვანელონ პირადობის მოწმობის მონაცემებით. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ იხელმძღვანელა საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით და სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის #50124/1 წერილი, რომელიც ასევე შეიცავს ცნობას დევნილობამდე კ. ბ-ას საცხოვრებელი ადგილის შესახებ და უტყუარად ადასტურებს ფაქტს მისი ქ. გაგრაში, ... #27-ში ცხოვრების ფაქტს.

ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ეწინააღმდეგება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განმარტებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-1896-1849(კ-10)).

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გაებათილებინა მის მიერვე გამოცემული აღმჭურველი აქტი, რომლის საფუძველზე მინიჭებული უფლებითაც კ. ბ-ა სარგებლობდა 10 წლის განმავლობაში და რომლის მიმართაც მას, როგორც დაინტერესებულ პირს, გააჩნდა კანონიერი ნდობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით კ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ბ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: კ. ბ-ას (დაბადებულს მარტვილში) და მის შვილს ნ. ბ-ას მინიჭებული ჰქონდათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. 2013 წლის ოქტომბერში დევნილთა რეგისტრაცია გაიარა კ. ბ-ამ, რომელიც დევნილად რეგისტრირებული იყო 2003 წლიდან და მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართად უფიქსირდებოდა ქ. გაგრა, ... ქ. #27. სარეგისტრაციო კომისიამ კ. ბ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ხელახალი იდენტიფიცირების თაობაზე 2014 წლის 15 ივლისს წერილით მიმართა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 5 ნოემბრის #50124/01 წერილის თანახმად, კ. ბ-ა 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ბიძის - გ. ჭ-ის ოჯახში ქ. გაგრაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 19 ივნისს კ. ბ-ას ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას კ. ბ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს მარტვილში. 1983 წელს შევიდა გაგრის #1 საშუალო სკოლაში. ისწავლა 7 კლასი და დაამთავრა 1994 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ... საშუალო სკოლა. 2003 წელს დაქორწინდა ქ. თბილისში. როგორც თავად აღნიშნა გაგრაში ცხოვრობდა ბიძასთან - გ. ჭ-ესთან ერთად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის #622 და #621 ბრძანებებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 19 მარტის #01-01/06-3317 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, კ. ბ-ასა და ნ. ბ-ას ჩამოერთვათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

ასევე დადგენილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 5 ნოემბრის #1305/01-28 წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ კ. ბ-ა ც. ძე 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ბიძასთან - გ. ჭ-ის ოჯახში ქ. გაგრაში. ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების, ა. ჭ-ისა და ი. ფ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ კ. ბ-ა 1992 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ქ. გაგრაში, ბიძის - გ. ჭ-ის ოჯახში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ახდენს დევნილის ცნების დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს კასატორის – კ. ბ-ას მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია დადგენილია, რომ დევნილობის დადგომის დროს კ. ბ-ა იყო არასრულწლოვანი და მის მშობლებს არ უცხოვრიათ აფხაზეთში, არა აქვთ დევნილის სტატუსი და ცხოვრობდნენ მარტვილის რაიონში, ასევე, ის ფაქტი, რომ კ. ბ-ა შვილად აყვანილი არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, არც მზრუნველობა/მეურვეობა ყოფილა მის მიმართ დადგენილი, თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილისა და იმ დროს მოქმედი 1964 წლის კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა და ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, კ. ბ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იმ პერიოდისათვის (1990-1992 წელი) მშობლების საცხოვრებელი ადგილი - მარტვილის რაიონი წარმოადგენდა და თუნდაც აფხაზეთში ბიძის ოჯახში დროებითი ცხოვრება ვერ იქნება მოაზრებული, რომ მან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა იძულებით.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი არის სპეციალური სამართლებირვი აქტი, სადაც კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად აუცილებელია, რომ მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.

საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კ. ბ-ა 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ბიძასთან - გ. ჭ-ის ოჯახში ქ. გაგრაში და მან იძულებით დატოვა აღნიშნული ტერიტორია. კ. ბ-ას აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ იგი 1983 წელს შევიდა გაგრის #1 საშუალო სკოლაში, სადაც ისწავლა 7 კლასი და 1994 წელს დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფელ ... საშუალო სკოლა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვერ დგინდება დევნილის სტატუსის ჩამოერთმევის საფუძვლის არსებობა, ამ სტატუსის ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიღების გამო, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით ვერ დასტურდება უტყუარად კ. ბ-ას მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ქ. გაგრა, ... ქ. #27) ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტი.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის #622 და #621 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კ. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის #622 და #621 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი