საქმე # 330310014602864
ბს-265-263(კ-17) 21 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,...“ 24.09.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 22.08.2014 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2015 წ. გადაწყვეტილებით სს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 22.08.2014წ. № 32/1 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2016წ. განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად დაადგინა სადავო გარემოებები, არსებობს აბსოლუტური კასაციის წინამძღვრები და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას აქტის კანონიერება უნდა შეეფასებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებთან, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ კანონთან, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონთან, მომხმარებელთა უფლებების რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. სარჩელით არ დასტურდება სადავო აქტის საფუძველზე სს ,,...“ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვა, სადავო აქტის მოქმედებით მოსარჩელეს არ მიდგომია პირდაპირი და უშუალო ზიანი. თბილისში, ... გამზ. N... და N...-ში მდებარე მრავალსართულიანი შენობის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 70-მდე პირი და დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი, სს ,,...“ მიმართ ელექტროენერგიის დავალიანება გააჩნია მხოლოდ შპს ,,...“, თუმცა მოსარჩელემ შპს-ს დავალიანების გამო ელექტროენერგია შეუწყვიტა არა მხოლოდ მას, არამედ დავალიანების არმქონე აბონენტებსაც, რაც არამართლზომიერია. შესაბამისად სს ,,...“ უკანონოდ შეუწყვიტა ელექტროენერგია 70-მდე აბონენტს და ცდილობდა მათ გამოყენებას შპს ,,...“ ზემოქმედების მოსახდენად.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 06.03.2014წ. №6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების“ 4.9 მუხლის თანახმად, კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი, რომლის საქმიანობას, ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი. იგი კომისიაში შემოსული წერილების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის პროცესში, საკითხის კომისიისათვის მომზადების მიზნით, ახორციელებს შუალედურ მიმოწერას მხარეებთან და ხელს აწერს რიგ დოკუმენტებს. ნებისმიერ კოლეგიურ ორგანოს დაკისრებული უფლება-მოვალეობებისა ქმედითად შესასრულებლად გააჩნია აღმასრულებელი ინსტიტუტები, კომისიის შემთხვევაში აღმასრულებელ ფუნქციებს ასრულებენ კომისიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. საკითხის კომისიისათვის მომზადების შესახებ აღმასრულებელი დირექტორის ფუნქცია არ შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ პროცედურული კუთხით, დირექტორს შეუძლია გაარკვიოს შინაარსობრივი საკითხებიც. განსახილველ შემთხვევაში სს ,,...“ გაგზავნილი წერილი მიჩნეულ უნდა იქნეს შუალედურ მიმოწერად. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კომისიამ მოიწონა აღმასრულებელი დირექტორის წერილი, დაეთანხმა მის შინაარსობრივ მხარეს და გაუტოლა კომისიის მიერ მიღებულ აქტს.
კასატორმა მიუთითა, რომ კომისიის მიერ რეგულირებადი სფეროებიდან გამომდინარე მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და განსაკუთრებულ საჯარო ადმინისტრაციული მმართველობით ფუნქციას წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი შედეგები აისახება როგორც კომისიის საქმიანობის კანონიერებაზე, ასევე კომპანიებისა და მომხმარებლების უფლებების ობიექტურ დაცვაზე. 22.08.2014 წ. სხდომის ჩატარების შემთხვევაში კომისია მოქმედებდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, რადგანაც იმ პერიოდში მაღალი ტემპერატურისა და სს ,,...“ მხრიდან უკანონოდ შეწყვეტილი ელექტროენერგიის გამო თბილისში, ... გამზ. N... და N...–ში მდებარე მრავალსართულიანი შენობის მესაკუთრეები, მათი მოიჯარეები და ფართების დამქირავებლები - 500-ზე მეტი ფიზიკური პირი აღმოჩნდა გაუსაძლის პირობებში. შესაბამისად, კომისიამ მათი კანონიერი უფლებების და სამართლიანი ინტერესების დაცვა გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნია და გადაწყვეტილება მიიღო სს ,,...“ შეუტყობინებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა არ უარყოფს კომისიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ნორმატიულად განსაზღვრული დოკუმენტაციის ხელმოწერის შესაძლებლობას, თუმცა ეს არ აღჭურავს დირექტორს უფლებამოსილებით კომისიის, როგორც კოლეგიური ორგანოს, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონითა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 06.03.2014წ. N6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“ დადგენილია კომისიის მიერ სხდომების მოწვევის, ჩატარების, გადაწყვეტილების მიღების წესები. აღმასრულებელი დირექტორი კოორდინაციას უწევს კომისიის აპარატის ფუნქციონირებას და აწარმოებს შუალედურ მიმოწერას მხარეებთან (დებულების 4.10 მუხ.), რაც არ გულისხმობს კომისიის მიერ მისაღები გადაწყვეტილების აღნიშნული მიმოწერით ჩანაცვლებას. მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში კომისია და არა მისი აღმასრულებელი დირექტორი, არის უფლებამოსილი დაავალოს განაწილების ლიცენზიანტს მიწოდების აღდგენა (კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 12.3 მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ კომისიის აღმასრულებელი დირექტორის 20.08.2014წ. წერილი არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სზაკ-ის 162-ე, 165-ე მუხლების მიხედვით, როგორც იძულებითი აღსრულება, ასევე აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში, კომისიის სადავო აქტით განხორციელდა აღმასრულებელი დირექტორის 20.08.2014წ. იმ წერილის აღსრულების უზრუნველყოფა, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც წინააღმდეგობაშია სზაკ-ის 162 - 171-ე მუხლებთან. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას სს ,,...“ მიერ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის უკანონობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია კომისიის აქტის მართლზომიერება და არა სს ,,...“ მიერ განხორციელებული ქმედებების კანონშესაბამისობის შემოწმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს.კ. 204400200) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2017წ. N108 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.2016წ. განჩინება;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს.კ. 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.02.2017წ. N108 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი