Facebook Twitter

საქმე # 330310015001177811

ბს-295-293(2კ-17) 28 სექტემბერი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-მა, ვ. მ-მა და ს. ს-მა 07.12.2015წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 10.08.2015წ. №000319 დადგენილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 07.04.2015წ. №170 ბრძანების ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ჯარიმისა და დემონტაჟისაგან გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოპასუხეებად მიეთითნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.08.2015წ. №000319 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 30.10.2015წ. N660 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016 წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის, ვ. მ-ისა და ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის, ვ. მ-ისა და ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ა-ის, ვ. მ-ისა და ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.08.2015წ. №000319 დადგენილება, ბათილად იქნა ასევე ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 30.10.2015წ. №660 ბრძანება, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისერათ მათ მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8000 ლარით. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო გადაწყვეტილების მიღებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სრულად და ობიექტურად შეისწავლა და დაადგინა მშენებლობის უნებართვობა. სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს კანონიერი ნდობა წარმოეშვათ არქიტექტურის სამსახურის აქტების მიმართ, არ ადასტურებს სანქციის დაკისრების არამართლზომიერებას. კანონიერი ნდობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ ორგანოს მიმართ, რომელმაც გამოსცა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და არა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, შესაბამისად არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული აქტებისადმი არსებული კანონიერი ნდობა არ შეიძლება გახდეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა მშენებლობის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული აქტების ძალაში ყოფნის პერიოდში და რომ აღნიშნული აქტებისადმი მოსარჩელეებს ჰქონდათ კანონიერი ნდობა, რადგან რეალურად მოსარჩელეებმა ღობის მშენებლობა მოახდინეს არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი ფოტომონტაჟის დარღვევით, რის შემდეგაც მოითხოვეს კორექტირებული ფოტომონტაჟის შესაბამისად მშენებლობის შესაძლებლობის დადასტურება, რაც გამორიცხავს მათ კანონიერ ნდობას, რადგან აქტის გამოცემას საფუძვლად ედო დაინტერესებული პირების უკანონო ქმედება. ამასთანავე, აღმჭურველი აქტებისადმი კანონიერი ნდობა არ გამორიცხავს სადავო მშენებლობის უკანონოდ მიჩნევის შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ მშენებლობის წარმოებაზე უფლება მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებით“ გათვალისწინებული პოცედურების დაცვით, რადგან საქმის მასალებით საწინააღმდეგო არ დასტურდება. მოსარჩელეთა განცხადებების შესახებ არქიტექტურის სამსახურმა ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისად, იგულისხმება, რომ მან ამდენჯერვე გამოიკვლია საქმის გარემოებები და შეაფასა დაგეგმილი მშენებლობის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა. ის, რომ სადავო მშენებლობის დასრულების შემდგომ გაუქმდა მშენებლობის საფუძვლები, არ ადასტურებს აქტების მოქმედების პერიოდში განხორციელებული მშენებლობის უკანონობას. დაინტერესებული მხარეები ენდობოდნენ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტების კანონიერებას, რის საფუძველზეც გაწიეს მნიშვნელოვანი მატერიალური დანახარჯები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ნებართვის მიღებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მშენებლობის საფუძვლად არსებული აქტების არამართლზომიერად მიჩნევა არ შედიოდა მოსარჩელეების პასუხისმგებლობის სფეროში. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, ხოლო კასატორებმა ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელეებმა მშენებლობა დაიწყეს და დაასრულეს აქრიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული აქტების ძალაში ყოფნის პერიოდში. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ კასატორებმა ვერ დაადასტურეს მშენებლობის წარმოება მის საფუძვლად არსებული აქტების დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.2016წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი