ბს-302-300(2კ-17) 21 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ა-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-მა 19.11.2015წ. სარჩელით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 21.10.2015წ. N02316 და N02317 ბრძანებებისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.11.2015წ. N02326 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 17.05.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 21.10.2015წ. N02316 და N02317 ბრძანებები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.11.2015წ. N02326 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქმეზე ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-მა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2016წ. განჩინებით ნ. ა-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელეად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც ნ. ა-მა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორმა ნ. ა-მა აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებები უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მის მიერ რაიმე ბრალეული ქმედების ჩადენა არ დასტურდება. გამგეობამ ერთსა და იმავე გადაცდომაზე გამოიყენა ორი სახდელი - ჯერ გაფრთხილება, შემდეგ კი თანამდებობიდან გათავისუფლება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 79.2 მუხლის თანახმად კი ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. კასატორის მოსაზრებით, სხვადასხვა ინსტანციის სასამარლოების მიერ არაერთხელაა გამოკვლეული და შეფასებული გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, ნ. ა-ი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს თანამდებობაზე და აუნაზრაურდეს იძულებით განაცდური, რადგან არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახალი მოკვლევის ჩატარების საფუძველზე მიიღოს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
კასატორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო მთლიანად დაეყრდნო მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებას და დამატებით არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები. გამგეობის მოსაზრებით, ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები წარმოადგენს მოხელის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომების ადეკვატურ ზომებს. ნ. ა-ის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის გამოყენებას და მისი სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ხასიათის, დროის სხვადასხვა შუალედში ჩადენილი ერთმანეთისგან განცალკევებული დარღვევები, შესაბამისად, ორგანომ ისინი ინდივიდუალურად გამოიკვლია და შეაფასა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დამატებით, დეტალურად იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ნ. ა-ის მიერ სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ა-ის მიერ ისეთი სიმძიმის დარღვევის ჩადენა, რაც მისი გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.06.2014წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2015წ. განჩინებებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დევალა საქმის გარემობების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ნ. ა-ის მიმართ ახალი აქტის გამოცემა, რაც ორგანოს არ განუხორციელებია. გამგეობას დამატებით არ უმსჯელია ახალ გარემოებებზე და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ დაუდასტურებია ნ. ა-ის მიერ გადაცდომების ჩადენის ფაქტი და, შესაბამისად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა. ამასთანავე, ორგანომ არ იმსჯელა მოხელისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის პროპორციულობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების განჩინებების ფორმალურ შესრულებას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორ ნ. ა-ის მითითებას, რომ სასამართლოების მხრიდან უკვე გამოკვლეული და შეფასებულია საქმის გარემოებები, რადგან სასამართლოების მიერ სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად ზემოაღნიშნული გარემოებების დამატებითი გამოკვლევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ა-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი