საქმე # 330310015001120906
ბს 306-304(კ-17) 21 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.08.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.შ-ამ 13.10.2015წ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.05.2015 №MOD01500001496, 17.09.2015წ №MOD81500003212 ბრძანებების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. შ-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. შ-ას სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2016წ. გადაწყვეტილებით თ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.05.2015წ. №MOD01500001496, 17.09.2015წ. №MOD81500003212 ბრძანებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა თ. შ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების ... სარდლობის შტაბის ... სამმართველოს ... (საშტატო კატეგორია ,,...“, შტატი №8/932-01) თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თ. შ-ას სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2015 წლის 15 სექტემბრიდან თანამდებობაზე აღდგენის პერიოდისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.2016წ. განჩინებით 28.01.2016წ. გადაწყვეტილება თ. შ-ას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.08.2016წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.08.2016წ განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.01.2016 გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სარჩელი ხანდაზმულია თავდაცვის მინისტრის 15.05.2015წ. №MOD01500001496 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, რადგან კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ თავდაცვის მინისტრის 15.05.2015წ. ბრძანებას თ. შ-ა გაეცნო 02.07.2015წ., ხოლო აღნიშნული ბრძანება სადავო გახდა 09.11.2015 წ., რაც ადასტურებს აქტის სასკ-ით დადგენილი ვადის დარღვევით გასაჩივრებას.
კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელე კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011წ №583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ 13.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამამდებობის პირის გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის არჩევამდე, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, ამასთანავე, მოსამსახურის კადრების განკაგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. თუ პირი აღნიშნული ვადის ამოწურვამდე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, მოსამსახურე ითვლება გათავისულებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია შესაბამისი პირის დისკრეციული უფლებამოსილება და არა იმპერატიული ვალდებულება, კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირისათვის მოიძიოს ალტერნატიული თანამდებობა. კონკრეტულ შემთხვევაში, დისკრციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის მოსაზრება 15.05.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგან შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებამდე, მათ შორის კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსარჩელეს ჰქონდა თავის თანამდებობაზე აღდგენის მოლოდინი, კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმთავითვე არ გულისხმობს 4 თვის გასვლის შემდგომ პირის გათავისუფლებას, პირის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში ორგანოს ეკისრება ვალდებულება მოიძიოს მისი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, რათა უზრუნველყოს მოხელის სამსახურში აღდგენა. მხოლოდ ასეთი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის მაქსიმალური ვადის გასვლა იწვევს პირის გათავისუფლებას. ამდენად, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებამდე თ. შ-ას ჰქონდა სამსახურში აღდგენის ობიექტური მოლოდინი, შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნამდე მას მიაჩნდა, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ აყენებდა უშუალო ზიანს, შესაბამისად არ მოახდინა აქტის გასაჩივრება.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, კადრების განკარგულებაში მოსარჩელის დაუსაბუთებლად გადაყვანის და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, რადგან ერთი მხრივ, თ. შ-ა კადრების განკარგულებაში გადაყვანილ იქნა სამსახურებრივი გადაადგილების საფუძვლით, თუმცა სამსახურებრივი გადაადგილების არსებობა არ დასტურდება, ხოლო მეორე მხრივ თ. შ-ას კადრების განკარგულებაში ყოფინისას სამინისტრომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის მოძიების და საჭიროების შემთხვევაში, თ. შ-ას კვალიფიკაციის შემოწმების შესახებ, რაც სადავო აქტების გამოცემას ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელს ხდის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.08.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი