Facebook Twitter

ბს-309-307(კ-17) 21 სექტემბერი,.2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2016წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-ემ 31.07.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 06.04.2015წ. N739790 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.20105წ. გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2016წ. განჩინებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ,,ვ“ პუნქტები, რომელებიც ავალდებულებენ მოსამსახურეს არ განახორციელონ ზნეობრივი და ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო, თანამშრომლის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, აგრეთვე ქმედება რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. სასამართლომ ერთმანეთისაგან არ გამიჯნა ზნეობა, ეთიკა, ღირსება, როგორც თითოეული ინდივიდისათვის დამახასიათებელი და ზნეობა, ეთიკა თუ ღირსება, რასაც კანონმდებელი შეიძლება ავალდებულებდეს მოსამსახურეს. კასატორის აზრით, კანონში შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ მოსამსახურის, როგორც მოხელის მიერ სამსახურებრივად განხორციელებული საქმიანობის ღირსეულ წარმართვაზე და არა ზნეობაზე, რომელიც პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, თუ რას ნიშნავს უღირსი საქციელი, რომელიც სამინისტროს დისკერდიტაციისაკენ არის მიმართული. ესა თუ ის არაეთიკური, არაზნეობრივი საქციელი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იგი დისციპლინურ გადაცდომად შეფასდეს, ამგვარი შეფასებისათვის აუცილებელია, რომ მოსამსახურის არაზნეობრივი საქციელი მიმართული იყოს სამინისტროს დისკრედიტაციისაკენ და ლახავდეს მის ავტორიტეტს. სასამართლომ ვერ დაასაბუთა თუ როგორ ლახავდა მოსარჩელის პირადი ურთიერთობები სამინისტროს ავტორიტეტს, როცა საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

ამასთანავე, კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა არის არამართლზომიერი და სრულად შეუსაბამოა მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან. სასამართლოს არ უმსჯელია სამინისტროს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონის შესაბამისად განხორციელებაზე, გამოყენებული სახდელის თანაზომიერებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია სამინისტროს შენობაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, ამიტომ შეუძლებელია მომხდარიყო სამინისტროს ან მისი მოხელის დისკრედიტაცია და აღნიშნავს, რომ მოხელის ან დაწესებულების დისკრედიტაციისათვის აუცილებელი წინაპირობა არ არის კონკრეტული ქმედების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოთ საზოგადოების ფართო მასებს. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სამინისტროს შენობაში, კონფლიქტს შეესწრნენ იქ მომუშავე პირები და უშუალოდ ჩაერთვნენ სიტუაციის განმუხტვაში, როგორც შსს გენერალური ინსპექციის მიერ თანამშრომელთათვის ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, მათ კონფლიქტის მხარეებისგან მიიღეს ინფორმაცია დაპირისპირების გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამდენად, მესამე პირებისათვის, ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ცნობილი გახდა კონფლიქტისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. გ-ის პირადი ურთიერთობები სამინისტროს ინტერესის სფეროში მოექცა მხოლოდ კონფლიქტის წარმოშობის შემდეგ, კონფლიქტის წარმომშობი მიზეზების დასადგენად მიმდინარე წარმოებისას. ა. გ-ეს სახდელი შეეფარდა არა კონკრეტული ურთიერთობების არსებობის, არამედ ამ ურთიერთობების საფუძველზე სამსახურებრივი წესრიგის დამრღვევი ფაქტების განვითარების გამო. ა. გ-ის ქმედებებმა განაპირობეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების წარმოშობა, რაც უდავოდ წარმოადგენს როგორც მოხელის, ასევე დაწესებულების ავტორიტეტის შემლახავ ქმედებას. ამასთანავე, საქმის მასალებით, მათ შორის ა. გ-ის ახსნა-განმარტებით, დასტურდება, რომ გ. დ-სა და რ. წ-ს შორის მომხდარ ინციდენტამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ა. გ-ესა და გ. დ-ს შორის, რასაც ასევე შეესწრნენ მესამე პირები.

რაც შეეხება სანქციის თანაზომიერებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ დარღვევის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან კონფლიქტის უშუალო წარმომშობი იყო ა. გ-ის ქმედებები, სახდელის სახედ სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.12.2016წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი