საქმე # 330310016001223100
ბს-389-386(კ-17) 28 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ი-მა 22.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის 22.12.2015წ. N2851721 ბრძანების ბათილად ცნობა, გ. ი-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და ყოველთვიური განაცდურის სახით 1100 ლარის ანაზღაურება.
21.04.2016წ. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.08.2016წ. გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 22.12.2015წ. N2851721 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა გ. ი-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გ. ი-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენამდე ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2017წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 04.08.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და ის მიღებულია საქმის ყოველმხრივი შესწავლის, შესაბამისი გარემოებების მოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სასამართლოს მხრიდან არ არის დაკონკრეტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელი ქმედება (ან უმოქმედობა) ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან რომელი მტკიცებულებით დასტურდება გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ დაირღვა „პოლიციის შესახებ“ კანონით, პოლიციის ეთიკის კოდექსითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ გათვალისწინებული ნორმები. მისი ქმედებები შეუფერებელი იყო სამინისტროს თანამშრომლისათვის, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. კასატორმა აღნიშნა, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. ი-ს სადავოდ არ გაუხდია და სწორედ აღნიშნული გარემობები გახდა შემდგომში ბრძანების გამოცემის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ არც გენერალური ინსპექციის შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევების სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, არ არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიჩნეული გ. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოუსწორებლად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა. კონკრეტულ შემთხვევაში, არ დასტურდება გ. ი-ის მიერ ისეთი სიმძიმის დარღვევის ჩადენა, რაც მისი გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთანავე, პალატა აღნიშნავს, რომ გენერალური ინსპექციის მიერ გამოკითხული სამი პირიდან ერთ-ერთმა საერთოდ უარყო გ. ი-ის მხრიდან რაიმე გადაცდომის ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა არაპროპორციული და არათაზომიერია. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო პასუხისმგებლობის ზომის შერჩევისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც მას სზაკ-ის მე-6, მე-7 და 53-ე მუხლების შესაბამისად უნდა განეხორციელებინა და კონკრეტული გადაცდომების შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი