საქმე # 330310013296165
ბს-456-453(2კ-17) 28 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სპს ,,...“ 16.08.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა რამდენჯერმე დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 26.10.2011წ. და 01.11.2011წ. მიმართვების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.03.2013წ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 15.07.2013წ. ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.10.2011წ. და 07.11.2011წ. გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ხოლო მოპასუხეებად დამატებით მიეთითნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.11.2015წ. გადაწყვეტილებით სპს ,,...“ სარჩელი დაკმყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს 26.10.2011წ. N05/24309 მიმართვა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 28.10.2011წ. N... გადაწყვეტილება, სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 15.07.2013წ N1-1/182 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სპს ,,...“ მიერ წარდგენილ საჩივარზე არსებითი გადაწყვეტილების მიღება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2016წ. განჩინებით სპს ,,...“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს ,,...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების განვითარების ეროვნულმა საგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
კასატორმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციის სამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მეღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და თავის მხრივ აღნიშნა, რომ მართალია სპს ,,...“ (უფლებამონაცვლე შპს ,,...“) არ აქვს საკუთრების უფლება რეგისტრირებული, თუმცა საქმის ხელახლა არსებითად განხილვის პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაევალოს შპს ,,...“ საკუთრების უფლების საფუძვლების არსებობის გამოკვლევა, რაც არასწორია, რადგან თუ სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს დადგენილად შპს ,,...“ უფლებების არსებობას სადავო უძრავ ნივთებზე და ასოციაცია ,,...“ და თბილისის ... საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსს შორის 21.02.1992წ. გაფორმებული ხელშეკრულების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნევის შესაძლებლობაზე მსჯელობას მარეგისტირებელ ორგანოს ანდობს, გაურკვეველი რჩება მოსარჩელის რა კანონიერი უფლებისა და ინტერესის შელახვა გახდა სარჩელის შეტანის საფუძველი. ასევე დაუსაბუთებელია სახელმწიფოს საკუთრების წარმომშობი დოკუმენტის - 26.20.2011 წ. 05/24309 მიმართვის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სადავო ქონებაზე კერძო საკუთრების არსებობა არ დასტურდება. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევაც სასამართლოს მიერ სათანადოდ არ მოხდა, სრულად იძლეოდა დავის სწორად გადაწყვეტის შესაძლებლობას და არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ საკუთრების უფლებას, არამედ კანონიერ მოლოდინს, რომელიც შესაძლოა პირს გააჩნდეს, თუმცა კანონიერი მოლოდინი, რომელიც შპს ,,...“ მისი სუბიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით გააჩნდა არ არის დაცვის ღირსი, რადგან უძრავი ქონების შესყიდვა განხორციელდა არაუფლებამოსილი პირისაგან. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ თავისი განჩინებით სახელმწიფოს კანონიერი საკუთრების უფლებასთან შედარებით უპირატესობა მიანიჭა მხარის დაუსაბუთებელ მოთხოვნას საკუთრებასთან დაკავშირებით. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის არსებობა სრულად უგულებელყო სასამართლომ და შპს ,,...“ აბსტრაქტულად არსებული მოლოდინი, წერილობითი მტკიცებულების და საკუთრების დამადასტურებელი დაკუმენტის არარსებობის პირობებში სახელმწიფოს საკუთრების უფლებაზე უპირატესად მიიჩნია.
კასატორმა მიიჩნია აგრეთვე, რომ სააპელაციო პალატის მიერ ძალაში დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რადგან ერთი მხრივ ორგანოს დაევალა 13.03.2013წ. წერილის კანონიერებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა, ხოლო მეორე მხრივ სასარჩელო მოთხოვნა 13.03.2013წ. წერილის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, სარეზოლუციო ნაწილით ფაქტობრივად დადგინდა ორი პარალელული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სადაც ორგანოებმა ფაქტობრივად ერთსადაიმავე საკითხებზე უნდა იმსჯელონ, რისი საჭიროებაც არ არსებობდა.
კასატრომა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, რადგან 1992წ. ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ იყო უფლებამოსილი საქართველოს რეპუბლიკის კუთვნილი ქონების პრივატაზიის განხორციელებაზე, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მიღებულ იქნა რიგი ნორმატიული აქტები, რომელთა მიხედვით სამხედრო ობიქტები და მათ ბალანსზე რიცხული ქონება, ძირითადი ფონდები გადავიდა საქართველოს სახელწიფო საკუთრებაში. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს 24.03.1997წ N3/182 ბრძანებას, რომლითაც ასოციაცია ,,...“ მიერ ქონების შესყიდვა ჩაითვალა არაკანონიერად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ასოციაცია ,,...“ და ყოფილ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრის საჭიროების შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე, რომ 1971წ. მიწის კოდექსის თანახმად მიწა წარმოადგენდა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო სკ-ის 1505-ე მუხლის მიხედვით, კერძო საკუთრებად მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები გამოცხადდა, რომლებიც ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში იყო ან რომლებზეც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლები. ამდენად, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას სავალდებულოდ არ მოითხოვება რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრების უფლება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...“ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი რაიმე მტკიცებულებები არ გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,...“ უარი ეთქვა სადავო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ ძალაში დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რადგან ერთი მხრივ ორგანოს დაევალა 13.03.2013წ. წერილის კანონიერებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა, ხოლო მეორე მხრივ სასარჩელო მოთხოვნა 13.03.2013წ. წერილის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, სარეზოლუციო ნაწილით ფაქტობრივად დადგინდა ორი პარალელული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სადაც ორგანოებმა ფაქტობრივად ერთსადაიმავე საკითხებზე უნდა იმსჯელონ, რისი საჭიროებაც არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოსაზრება, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნას არ სჭირდება სათანადო დოკუმენტაციისა და დასაბუთების წარდგენა, უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი გამოცემა საჭიროებს სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა (სზაკ-ის 96-ე მუხ.) და აქტის დასაბუთების შესახებ (სზაკ-ის 53-ე მუხ.) მოთხოვნების დაცვას. სადავო მიმართვით არ დგინდება სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სადავო ქონებაზე უფლების მქონე სუბიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის არარსებობა არ გამორიცხავდა დაინტერესებული პირის არსებობას. სადავო მიმართვის გაცემისას და სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეუფასებიათ 21.02.1992წ. ხელშეკრულება და 22.02.1992წ. მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც შპს ,,...“ უფლებადამდგენი დოკუმენტები. ორგანოები უფლებამოსილები იყვნენ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით სზაკ-ის 97-ე მუხლის საფუძველზე გამოეთხოვათ მტკიცებულებები, შეეგროებინათ დამატებითი დოკუმენტაცია, მოესმინათ დაინტერესებული პირისათვის, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შესახებ, რადგან სარეზოლუციო ნაწილში ასახული შედეგი გაგებულ უნდა იქნეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვეაში მართალია სასარჩელო მოთხოვნა 13.03.2013წ. წერილის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, თუმცა სამოტივაციო ნაწილიდან დგინდება, რომ აღნიშნულის საფუძველი წერილის მართლზომიერად მიჩნევა არ ყოფილა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს წერილის კანონიერებაზე, რადგან ორგანომ ხელახლა უნდა განიხილოს შპს ,,...“ ადმინისტრაციული საჩივარი და არსებითად უნდა გადაწყვიტოს სადავო საკითხი. სასამართლოს არ დაუდგენია 13.03.2013წ. წერილის კანონშესაბამისობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი