ბს-647-643(კ-17) 28 სექტემბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-მა 16.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 22.04.2016წ. N04/33254 გადაწყვეტილების, 13.01.2016წ. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციისა და 12.02.2016წ. მინიჭებული სარეიტინგო ქულის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ნ. ჩ-ის ოჯახის ხელახალი შემოწმებისა და ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება და ხელახალი გადამოწმების შედეგად დაბალი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემთხვევაში შეწყვეტილი ფულადი სოციალური დახმარების სრული მოცულობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.2016წ. განჩინებით ნ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
25.11.2016წ. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დამატებით მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილება.
08.12.2016წ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ნ. ჩ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 03.11.2015წ. ოქმის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილებისათვის ნ. ჩ-ის სასარგებლოდ სოციალური დახმარების ანაზღაურების დავალება 2015 წლის სექტემბრიდან თვეში 60 ლარის ოდენობით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 28.12.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ჩ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების 03.11.2015წ. ოქმი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულ განყოფილებას დაევალა ნ. ჩ-ის სასარგებლოდ სოციალური დახმარების ანაზღაურება 2015 წლის ოქტომბრის თვიდან მდგომარეობის შეცვლამდე - ხელახალი გადამოწმების შედეგებამდე, თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტოს ხაშურის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 28.12.2016წ. გადაწყვეტილება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონულმა განყოფილებამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლი. 03.11.2015წ. სოციალური აგენტის მიერ განხორციელდა ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტი იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს ხელი მოეწერა სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებაზე, თუმცა, ვინაიდან ბენეფიციარმა უარი განაცხადა ხელმოწერაზე, სოციალურმა აგენტმა მიიღო გადაწყვეტილება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო კოდექსის 51.1 მუხლის გამოყენება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ დაუსაბუთებელია, რადგან სააგენტო მოსარჩელესთან არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში, არამედ იგი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობას და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური აქტითა და სზაკ-ის შესაბამისი დებულებებით. ბენეფიციარის მიერ სააგენტოს წარმომადგენლისათვის მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ დარღვევას და სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბენეფიციართა სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ პირისათვის დახმარების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას პასუხისმგებელმა ორგანომ ზედმიწევნით გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტაციის სასამართლოების მითითებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ნ. ჩ-ის მიერ სოციალური დახმარების მიღებაზე უარის თქმა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 28.08.2006წ. N145 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები ქულის განმეორებით მიჭების შემთხვევაში, ოჯახს ავტომატურად უგრძელდება საარსებო შემწეობა და მის მიერ ხელახალი თანხმობის გაცხადება სავალდებულო არ არის. შესაბამისად, ნ. ჩ-ის მიერ განცხადების ხელმოწერაზე უარის თქმა დახმარების მიღებაზე უარის თქმად ვერ შეფასდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის საფუძველზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.04.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი