¹276აპ-10 28 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივან _ ო. დ-ის
პროკურორ _ ლ. ქ-ის
ადვოკატ _ მ. ჩ-ის
მსჯავრდებულ – ჯ. ძ-ის
დაზარალებულ – მ. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ძ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განაჩენით ჯ. ძ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ჯ. ძ-ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი.
განაჩენის მიხედვით, ჯ. ძ-ს მსჯავრი დაედო თვითნებობისათვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მ. ა-ე იყო ინდსაწარმოს დამფუძნებელი და მფლობელი. მას საკუთრებაში ჰქონდა 7 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც იგი, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, 1999 წლიდან ეწეოდა ცეცხლსასროლი და გლუვლულიანი იარაღით, საბრძოლო მასალითა და სამონადირეო ინვენტარით ვაჭრობას. ამავე მაღაზიაში 2005 წლის მარტში 85 კვადრატული მეტრი ფართობი შეიძინა ჯ. ძ-მ, რომელმაც, მ. ა-სთან სიტყვიერი შეთანხმებით, მასთან ერთად აღნიშნულ მაღაზიაში დაიწყო ზემონახსენები ინვენტარის შემოტანა და ვაჭრობა, რასაც ახორციელებდა მ. ა-ს ლიცენზიის საფუძველზე. 2006 წლის სექტემბერში მ. ა-სა და ჯ. ძ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის შემდეგაც მ. ა-ე იძულებული გახდა, დაეტოვებინა მაღაზია, სადაც შესანახად დატოვა თავისი საბრძოლო და სამონადირეო ინვენტარი, რომლის მოვლისა და არგასხვისების ვალდებულება თავის თავზე აიღო ჯ. ძ-მ. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მ. ა-ზე განაწყენებულმა განიზრახა ამ ქონების თვითნებურად განადგურება. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან თვითნებურად, მ. ა-სათვის შეუტყობინებლად, ე.წ. ,,ბარგალკის” მეშვეობით განზრახ გაანადგურა და შემდეგ მდინარე მტკვარში გადაყარა მისთვის მიბარებული, თავისივე თანხით შეძენილი და მ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული, სულ 10 987 (ათი ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი) ლარად და 20 (ოცი) თეთრად ღირებული იარაღები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ძ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ჯ. ძ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ძ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მის ქმედებაში არ არსებობს თვითნებობის ობიექტური მხარის დამახასიათებელი ნიშნები, კერძოდ, აღნიშნული ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის ისეთი სავალდებულო ნიშანი, როგორიცაა მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან მის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა თვითონ მას და არა _ სხვა პირს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენი ჯ. ძ-ს მსჯავრდების თაობაზე და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.
საკასაციო პალატამ განჩინებით მიიჩნია: იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილითა და 496-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, გამოურკვეველი და დაუდგენელი დარჩა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: ჯ. ძ-ს ქმედებამ გამოიწვია თუ არა რაიმე ზიანი; თუკი ასეთი ზიანი არსებობს, რაში გამოიხატება იგი, რა მოცულობის ან რა ზომისაა ეს ზიანი და არის თუ არა იგი მნიშვნელოვანი; ვის მიადგა ეს ზიანი _ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ მ. ა-ს, სახელმწიფოს, თუ სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რის გამოც შეუძლებელი გახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯ. ძ-ს ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ჩატარებულიყო სრული სასამართლო გამოძიება, რომლის გარეშე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა ვერ მოხერხდებოდა. საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით ხელახლა უნდა გამოკვლეულიყო მტკიცებულებები, ხოლო ამ გზით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებისა და ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სამართლებრივი შეფასება უნდა მისცემოდა მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს ქმედებას, მისი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თვალსაზრისით. მხოლოდ ასეთ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი მოცემულ საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 იანვრის განაჩენი ჯ. ძ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. ძ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
დაზარალებული მ. ა-ე შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. იგი აღნიშნავს, რომ არის ინდმეწარმე, ჰქონდა ფართი და ლიცენზია, რის საფუძველზეც ყიდდა იარაღსა და საბრძოლო მასალას.
მისი განმარტებით, იარაღი, რომელიც ჯ. ძ-მ გაანადგურა, შეძენილია მის მიერ, მისი თანხით, რის შესახებაც საქმეში არის არაერთი მტკიცებულება - შეძენის ანგარიშფაქტურები, რომლებიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ქონების მესაკუთრე არის მ. ა-ე. ამ ფაქტის დადასტურება ასევე შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ მას აწვდიდნენ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ჯ. ძ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ჯ. ძ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაზარალებულმა მ. ა-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა პალატის წინაშე სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ლ. ქ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან მასში არ არის მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური ანალიზი. ის რომ, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენები არ იყო საკმარისად დასაბუთებული, საფუძველი გახდა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებისა, რომლითაც გაუქმდა მიღებული გადაწყვეტილებები ჯ. ძ-ს ბრალდების ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ამასთან, განჩინებით მიეთითა, რომ არ არის ცალსახად გარკვეული საკითხი, თუ რა სახის ზიანი მიადგა მ. ა-ს და რა მოცულობისა იყო ზიანი.
მითითებული განჩინების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ. ძ-ს მიმართ. შესაბამისად, გამოიტანა განაჩენი, სადაც სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ქონება (იარაღი) შეძენილია ჯ. ძ-ს კუთვნილი თანხებით, მაგრამ ვინაიდან იგი არ უარყოფს, რომ განადგურებული ქონება იყო ფორმალურად ინდმეწარმე მ. ა-ს საკუთრება, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობა ცნებას «ფორმალური საკუთრება» არ იცნობს, ამიტომ განადგურებული ქონება იყო ინდ.საწარმოს საკუთრება, შესაბამისად, სწორედ ეს უკანასკნელი არის დაზარალებული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და მას მიადგა ზიანი 10987.20 ლარის ოდენობით.
პალატა თვლის, რომ მოცემული მსჯელობა არ არის მართებული შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კანონმდებლობით – კერძოდ, «მეწარმეთა შესახებ» კანონით მეწარმე სუბიექტი - ინდმეწარმე სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს როგორც ფიზიკური პირი (იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს). შესაბამისად, უფლება-მოვალეობების მხრივ ფიზიკური პირის – მ. ა-ს გამიჯვნა ინდმეწარმისგან არ არის მართებული.
პალატა მიიჩნევს, რომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე და ასევე სასამართლო გამოძიებისას დადგენილია, რომ განადგურებული ქონება შეძენილია ჯ. ძ-სა და გ. ზ-ს კუთვნილი სახსრებით. ის ფაქტი, რომ იარაღის ყიდვა-გაყიდვის უფლებაზე ლიცენზიის ფლობის გამო შეძენილი ქონება ტარდებოდა ინდმეწარმე «მ. ა-ს» სახელით, არ ადასტურებს გარემოებას, რომ აღნიშნული ქონება არის მისი საკუთრება, ვინაიდან იმავე სამოქალაქო კანონმდებლობით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსით, განსაზღვრულია საკუთრების წარმოშობის საფუძვლები, სადაც აღნიშნულია, რომ საკუთრების უფლება წარმოიშობა შეძენის საფუძველზე. აღნიშნული ნორმატიული აქტი ასევე იცნობს კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტს და რომ თუ ამა თუ იმ ნივთზე დადგინდება მისი არაკეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი, ეჭვქვეშ დგება ამ ნივთზე საკუთრების უფლების მართლზომიერება.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ზემომითითებული საკითხი გამოკვლეული და შესწავლილი არ არის. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სამოქალაქო სარჩელი განუხილველად არის დატოვებული.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არათუ მტკიცება, არამედ მსჯელობაც არ არის მართებული ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ საქმეზე დაზარალებულს ზიანი არ მისდგომია. კერძოდ, ვერც წინასწარი გამოძიებისას და ასევე ვერც სასამართლო განხილვის ვერც ერთ ეტაპზე დაზარალებული მ. ა-ე ვერ განსაზღვრავს, თუ რა ზიანი მიადგა მას და რაში გამოიხატა აღნიშნული ზიანი. უფრო მეტიც: საკასაციო პალატის სხდომაზე მ. ა-მ განაცხადა, რომ მას იარაღის განადგურების გამო სახელმწიფოს, ასევე სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის წინაშე რაიმე სახის ქონებრივი ვალდებულებები არ წარმოშობია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და დადგენილი გარემობების გათვალისწინებით მ. ა-ე, როგორც პიროვნება და როგორც ინდმეწარმე, დაზარალებული ვერ იქნება, ხოლო დავა აღნიშნულ საკითხსა და დავის საგანზე, როგორც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, უნდა გადაწყდეს არა სისხლის სამართალწარმოების გზით.
ზემომითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ჩატარდეს სრული სასამართლო გამოძიება, რომლის გარეშე მითითებული მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა ვერ მოხერხდება, რა დროსაც უნდა მოხდეს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევა საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით, ხოლო ამ გზით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებებისა და ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს ქმედებას, დადგინდეს ჯ. ძ-ს მიერ იარაღის განადგურების შედეგად, განადგურდა თუ არა სხვისი ქონებაც და თუ განადგურდა, მიადგა თუ არა ზიანი სხვა პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ძ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ჯ. ძ-ს მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.