ბს-285-283(კ-17) 05 ოქტომბერი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. მ-ემ 01.05.2015წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოპასუხის 02.04.2015წ. N02/171 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით ქ. რუსთავში, ... ქ. N...-ში მდებარე ბინის ჯ. მ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის დავალების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა კოლეგიის 08.02.2016წ. გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის მერიის 02.04.2015წ. N02/171 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და ჯ. მ-ისათვის ქ. რუსთავში, ... N...-ში მდებარე უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2017წ. განჩინებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.02.2016წ. გადაწყვეტილება, რაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. დადგენილების რეგულირების ფორმა და გამოყენების ფარგლები. სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ქ. რუსთავში, ... ქ. N...-ში მდებარე უძრავი ნივთის გადაცემის თაობაზე უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც განსაზღვრულია ზემოხსენებული დადგენილების 4.3 მუხლით. საქმეში არ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ადმინისტრცაიული ორგანოს მიერ ჯ. მ-ისათვის ბინის გადაცემას ან/და კანონიერად სარგებლობას, რაც დადგენილების 5.8 მუხლის შესაბამისად მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო მსჯელობს ჩუქების ხელშეკრულების ფორმით უძრავი ნივთის უსასყიდლოდ გადაცემაზე, რომლის განხორციელების უფლებამოსილება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ქ. რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჯ. მ-ის გამარჯვება. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიღება, მასში გამარჯვება, მისთვის უძრავი ქონების მისამართისა და გასაღების გადაცემა ქმნიდა კანონიერ ნდობას კონკურსის მიმართ და კანონიერ მოლოდინს იმისა, რომ მას უსასყიდლოდ გადაეცემოდა უძრავი ქონება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე საცხოვრებლად გადავიდნენ და დღემდე ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ ბინაში. შესაბამისად, დარსტურდება ჯ. მ-ის მიერ ქ. რუსთავში, ... ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონებით კანონიერად სარგებლობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი