საქმე # 010310015756772
საქმე №ბს-174-172(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხეები)
მესამე პირები: ტ. ჯ-ე, რ. ჯ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტებრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციილ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. კ-ემ 2015 წლის 20 მარტს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 3 აპრილის Nს-160 ბრძანების; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 18 თებერვლის N04/1100 წერილის ბათილად ცნობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, კერძოდ: დ. კ-ის მიერ 2006 წლის 6 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ტ. ჯ-ისაგან შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1300,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, მდებარე ქ. ბათუმი, ..., განახორციელოს ცვლილებები 2014 წლის 3 აპრილის Nს-160 ბრძანების საქმისწარმოების მასალებში არსებული ი/მ ,,ლ. თ-ის“ მიერ 2013 წლის 19 დეკემბერს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 45 935,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1794,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებში, რომლის შედეგად ი/მ ,,ლ. თ-ის“ მიერ 2013 წლის 19 დეკემბერს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული დ. კ-ის მიერ შეძენილი, ქ.ბათუმში, ... მდებარე 1300,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მოქცეული არ იქნება სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით და N... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მე-3 პირებად ჩაბმულ იქნენ ტ. და რ. ჯ-ეები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ დ. კ-ემ ტ. ჯ-ისაგან 2006 წელს საკუთრების უფლებით შეიძინა ქ. ბათუმში, ... მდებარე 1 300,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაირეგისტრირა კიდეც საჯარო რეესტრში. 2008 წელს დ. კ-ემ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა ე.წ. დაზუსტებული სახით, ანუ საკოორდინატო ბადის მიხედვით. როგორც შემდეგში გაირკვა, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციისას, კერძოდ კი რეგისტრაციის მიზნით აზომვითი ნახაზის შედგენისას დაშვებული იქნა შეცდომა, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები (კოორდინატები) არასწორად იქნა აღებული, რის გამოც 2006 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი დ. კ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ადგილმონაცვლეობით, სულ სხვა ადგილზე. როცა დ. კ-ისათვის ცნობილი გახდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეცდომით ანუ ადგილმონაცვლეობით რეგისტრაციის თაობაზე, საჯარო რეესტრში წარადგინა გასწორებული აზომვითი ნახაზი და მის მიხედვით მოითხოვა საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, მაგრამ ამ დროისათვის მიწის ნაკვეთი უკვე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს სახელზე, რის გამოც დ. კ-ემ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ვერ დაირეგისტრირა იმ მონაცემების მიხედვით, როგორც მდებარეობს ფიზიკურად. აღნიშნულის შემდეგ დ. კ-ემ მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სთხოვა, სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები დაეკორექტირებინა იმდაგვარად, რომ დ. კ-ეს შეძლებოდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალური ადგილმდებარეობის მიხედვით რეგისტრაცია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 3 აპრილის ¹ს-160 ბრძანებით დ. კ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის შემდე დ. კ-ემ უკვე მიმართა სასამართლოს და სასამართლო წესით მოითხოვა მისი დარღვეული უფლებების აღდგენა.
დ. კ-ის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნა, 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტი, აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული მიწის ნაკვეთის გეგმა და 2006 წლის ოქტომბერში მომზადებული დ. კ-ის მიერ შეძენილი 1 300,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა. საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დამატებით მტკიცებულებებს, რომლებსაც ეფუძვნებოდა დ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა, წარმოადგენდა მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებები.
კასატორმა აღნიშნა, რომ 2006 წლის 6 ოქტომბრს სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ. კ-ემ ტ. ჯ-ისაგან შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ... მდებარე 1300,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 2006 წლის 16 ოქტომბერს. აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა დ. კ-ის დაკვეთით ინდ. მეწარმე „ჟ. ბ-ს“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, უფრო სწორად, რომლის მიხედვითაც 2006 წლის ოქტომბერში მომზადებულია დ. კ-ის მიერ შეძენილი 1 300,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა. ხოლო ამ უკანასკნელი დოკუმენტების მონაცემები სრულად შეესაბამება 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება-ჩაბარების აქტის მონაცემებს. 2006 წლისათვის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრაცია ხდებოდა დაუზუსტებელი სახით. მხოლოდ 2008 წლის ივნისის შემდეგ დაიწყო მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით, საკოორდინატო ბადის მიხედვით რეგისტრაცია. რაც შეეხება ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შედგენილი ნახაზს, 2012 წელს დ. კ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ ტ. ჯ-ისაგან შეძენილი, ამჟამად ქ. ბათუმში, ... მდებარე 1301,00 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავო ქონების) საკადასტრო კოდი: ...) საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით რეგისტრირებული იყო არასწორად, კერძოდ, საკოორდინატო ბადის მიხედვით არასწორად იყო შედგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რის გამოც იგი არ შეესაბამებოდა მიწის ნაკვეთის ე.წ. ქაღალდური ვერსიის საზღვრებს. აღნიშნულის გამო დ. კ-ის მიერ მომზადდა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ... მდებარე 1 301,00 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავო ქონების) საკადასტრო კოდი: ...) გასწორებული აზომვითი ნახაზი და 2012 წლის 29 ნოემბერს სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში. ამ დროს აღმოჩნდა, რომ დ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო მონაცემები ფარავდა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს, ანუ ხდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მონაცემებსა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ მონაცამებს შორის ზედდება. აღნიშნული რეგისტრაციისას დ. კ-ის მიერ წარდგენილი იქნა ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი. ანუ, ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ითხოვს დ. კ-ე მისი საკუთრების საჯარო რეესტრში გასწორებული ადგილმდებარეობის მიხედვით რეგისტრაციას და შესაბამისად ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი წარმოადგენს ერთერთ სარეგისტრაციო დოკუმენტს. სწორედ ამის გამოა, რომ სასარჩელო მოთხოვნით ზედდების გაუქმება მოთხოვნილია ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით. თავის მხრივ ი/მ „ლ. თ-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი შეესაბამება 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება-ჩაბარების აქტს, აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულ მიწის ნაკვეთის გეგმას და 2006 წლის ოქტომბერში მომზადებულ დ. კ-ის მიერ შეძენილი 1 300,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკას.
კასატორი მოსაზრებით ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, იმ აზომვითი ნახაზის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ითხოვს დ. კ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცის. აღნიშნული აზომვითი ნახაზი სრულად ემთხვევა 1998 წლის 12 დეკემბერის №22/1-3 გეგმა–ნახაზს. რაშიც არ ემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ საფუძველი იყო მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა, რადგან 1998 წლის 12 დეკემბერის №22/1-3 გეგმა–ნახაზის მიხედვით მათ უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემების დასავლეთის და აღმოსავლეთის გვერდების ნაწილში 8,0 მ და 8,0 მეტრამდე გაუქმება, ხოლო ნაცვლად ამისა, გაუქმებას ითხოვდნენ 6,8 მ და 6,8 მეტრამდე ნაწილში ანუ იმაზე ნაკლებ ნაწილში, ვიდრე მოთხოვნის უფლება გააჩნდათ. კასატორის მოსაზრებით ექსპერტიზის ხსენებული დასკვნა არის ცალსახა და არაორაზროვანი. შესაბამისად, რთული იყო მის განხილვაზე თავის არიდება, როგორც ეს გააკეთა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და რის გამოც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უსაფუძვლოდ აქცია. პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ახსენა და განიხილა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნა, მაგრამ განხილვის შედეგად ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მიწის ნაკვეთების ფიზიკურ ადგილმდებარეობას კი არ ასახავდა, არამედ ექსპერტიზის დასკვნა, მიწის ნაკვეთების ფიზიკური ადგილმდებარეობის გარკვევის გარეშე ადგენდა 1998 წლის 12 დეკემბერის №22/1-3 გეგმა–ნახაზსა და ი.მ. „ლ. თ-ის“ მიერ შესრულებულ (19.12.2013წ.) საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მხოლოდ ზომების იდენტურობას. აღნიშნული მსჯელობით სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ერთერთ ძირითად მტკიცებულებას მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რითაც იმთავითვე განისაზღვრა სარჩელის ბედი და რასაც ლოგიკურ შედეგად მოჰყვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მოპასუხე მხარისთვისაც კარგად იყო ცნობილი, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემულ №000232514 დასკვნა საქმისათვის წარმოადგენდა ერთერთ ძირითად მტკიცებულებას, რის გამოც ისინი მთელი სასამართლო წარმოებისას ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ექსპეტრიზის დასკვნა შედგენილი იყო არა ადგილზე გასვლის შედეგად და შესაბამისად ის კი არ ადასტურებდა დ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეცდომით, ადგილმონაცვლეობით რეგისტრაციას, არამედ თითქოს ექსპერტიზის დასკვნით მხოლოდ აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები იქნა გაზომილი ადგილზე გაუსვლელად. სამინისტროს ხსენებული პოზიცია არ იქნა გაზიარებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, რის გამოც მის მიერ საერთოდ არ იქნა შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი სრულად გაიზიარა მოპასუხეების შეფასება და ექსპერტიზის დასკვნას მისცა ზემოხსენებული არასწორი შეფასება.
კასატორი მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ჩაეთვალა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნა მიწის ნაკვეთების ფიზიკურ ადგილმდებარეობას კი არ ასახავდა, არამედ ექსპერტიზის დასკვნა, მიწის ნაკვეთების ფიზიკური ადგილმდებარეობის გარკვევის გარეშე ადგენდა 1998 წლის 12 დეკემბერის №22/1-3 გეგმა–ნახაზსა და ი.მ. „ლ. თ-ის“ მიერ შესრულებულ (19.12. 2013წ) საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მხოლოდ ზომების იდენტურობას. ყოველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსგავსი მსჯელობის უფლება არ ჰქონდა მანამ, სანამ თავად ექსპერტს არ დაკითხავდა მოწმის ან სხვა სახით და თავად მოწმე არ განმარტავდა, თუ რას ადგენდა მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტს დასკვნაში გარკვევით უწერია, რომ მან დასკვნა გასცა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის ადგილზე გასვლით შემოწმების შედეგად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ყოველგვარი წინაპირობის, მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე კი არ უნდა გადაეწყვიტა ექსპერტიზის დასკვნის სამართლებრივი შეფასება, არამედ, თუ არსებობდა საეჭვო გარემოება და დასკვნის განსხვავებულად წაკითხვის ალბათობა, თავად დასკვნის შემდგენი ექსპერტი უნდა დაეკითხა და მისგან უნდა მოესმინა, ექსპერტმა მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა განსაზღვრა თუ მხოლოდ ორ სხვადასხვა დოკუმენტში მითითებული საზღვრების ზომების იდენტურობა დაადგინა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია, რის გამოც მისი მიერ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნის შეფასება არის უკანონო და უსაფუძვლო. შესაბამისად, ისევე როგორც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განხორციელებულმა შეფასებამ განსაზღვრა შემდგომში მთლიანად სარჩელის ბედი, ცალსახად იგივენაირად უნდა განსაზღვროს ამავე დასკვნის საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასებამ საკასაციო საჩივრის ბედი. ეს შეფასება კი, ცალსახად ვართ დარწმუნებული ვერანაირად ვერ იქნება, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას, რადგან მას არ ჰქონდა უფლება ექსპერტის დაკითხვის გარეშე ჩაეთვალა, თუ რა სამუშაო შეასრულა ექსპერტმა, კერძოდ, განახორციელა მან მიწის ნაკვეთების ადგილზე გასვლით იდენტიფიცირება, თუ დაადგინა მხოლოდ ორ სხვადასხვა დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მხოლოდ ზომების იდენტურობა. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება. კერძოდ, თუ კი სააპელაციო სასამართლო თვლიდა, რომ განმარტებას საჭიროებდა ექსპერტიზის დასკვნა, ვალდებული იყო დაეკითხა დასკვნის შემდგენი ექსპერტი ის საკითხების ირგვლივ, რაც განმარტებას საჭიროებდა. აღნიშნულს საპროცესო მხარეები ვერ იშუამდგომლებდნენ, რადგან საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საერთოდ არ დასმულა კითხვები ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე, მათ შორის არც მისი ცალკეული ჩანაწერების წაკითხვის თაობაზე. მეტიც, ასეთი კითხვები რომც დასმულიყო, საპროცესო მხარეები მათზე ამომწურავ პასუხს ვერ გაცემდნენ, რადგან, თუ ექსპერტიზის დასკვანა სხვადასხვაგვარად იკითხება, მხოლოდ ექსპერტმა იცის მის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და მხოლოდ მას უნდა გაეცა მის მიერ დასკვნის ცალკეული ჩანაწერების განმარტების თაობაზე პასუხი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებული შეფასება ერთგვარ კოზირად შემოინახა და დასკვნას მისცა ისეთი შეფასება, რამაც შემდგომში ავტომატურად გადაწყვიტა სარჩელის ბედი. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის არასწორად შეფასება საკმარისი საფუძველია გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსაფუძვლოდ ჩათვლისათვის და გაუქმებისათვის. საქმეზე საერთოდ არ იყო საჭირო ექსპერტიზის ჩატარება, რადგან დ. კ-ის მიერ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი შედგა არა მარტო 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის № 22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე, არამედ შეძენილი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში 2006 წლის ოქტომბერში რეგისტრაციისას დ. კ-ის დაკვეთით ინდ. მეწარმე „ჟ. ბ-ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, უფრო სწორად, რომლის მიხედვითაც 2006 წლის ოქტომბერში მომზადებულია დ. კ-ის მიერ შეძენილი 1 300, 00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა. ხოლო ამ უკანასკნელი დოკუმენტების მონაცემები სრულად შეესაბამება 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტის მონაცემებს. ასევე, ამ დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს დ. კ-ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რომელთაგან ადგილმდებარეობის ათვლის დასადგენად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის გვერდი, რომლის სიგრძე არის 42,00 მეტრი და იგი უშუალოდ ემიჯნება სასოფლო გზას და დასავლეთის 26,0 მეტრიანი გვერდი, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ბათუმის №16 ბაღის მიწის ნაკვეთს ანუ იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც დღეისათვის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე 1 767,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 355,30 კვ.მ. შენობა–ნაგებობის სახით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...). დ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს კი დღესათვის რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით ჩრდილოეთით ესაზღვრება არა სასოფლო გზა, არამედ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 45 935,00 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო დასავლეთით მთლიანად ესაზღვრება საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 1 794,00 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
კასატორი ასევე აღნიშანვს, რომ გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, საქმეზე სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ასევე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიც. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული იქნენ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის № 22/1-3 მიღებაჩაბარების აქტისა და მასზე თანდართული გეგმა ნახაზის შედგენაში. მოწმის სახით დაკითხულმა ყველა პირმა ჩვენების მიცემისას ცალსახად დაადასტურა, რომ დ. კ-ის მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა ის ტერიტორიები, რაც მითითებულია 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის № 22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტის გეგმაში. მეტიც, მოწმის სახით დაკითხული პირების მიერ ჩვენებები მიცემული იქნა არა ზეპირად, არამედ თითოეულ მათგანს სასამართლოს მიერ წარედგინა საქმის მასალები, მათ შორის 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის № 22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტის გეგმა, დ. კ-ის სახელზე დაზუსტებული სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი სიტუაციური რუკა და იმ მიწის ნაკვეთის სიტუაციური რუკა, რომლითაც ითხოვს დ. კ-ე საკუთრების უფლების რეგისტრაციას და დაესვათ კითხვა, რომელი მათგანი ასახავდა დ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. კითხვაზე ყველა მოწმის მიერ ცალსახად იქნა პასუხი გაცემული, რომ ის ადგილმდებარეობა, რომლის მიხედვითაც დ. კ-ეს მიწის ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული დაზუსტებული სახით, არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის რეალურ ადგილმდებარეობას, არამედ დ. კ-ის მიწის ნაკვეთის რეალურ ადგილმდებარეობას ასახავს ის ნახაზები, რომლითაც დ. კ-ე ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ანუ შეცდომით რეგისტრირებული მონაცემების გასწორებას და რაზეც მიმდინარეობდა დავა. ხაზს ვუსვამთ, რომ მოწმის სახით დაკითხული ყველა პირი უშუალოდ მონაწილეობდა ტ. ჯ-ეზე მიწის ნაკვეთის მიზომვაში. მეტიც, მოწმის სახით დაკითხული პირებიდან ბ. ჯ-ე წარმოადგენს ტ. ჯ-ის ძმას, რომელმაც მინდობილობის საფუძველზე განახორციელა მიწის ნაკვეთის დ. კ-ეზე მიყიდვა. ტ. ჯ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ დაზუსტებული სახით რეგისტრაციის მიზნით მიწის ნაკვეთის ნახაზები შედგენილი იქნა მის მიერ, რა დროსაც დაშვებული იქნა შეცდომა და მიწის ნაკვეთების ნახაზები მომზადდა შეცდომით, რომლებიც არ ასახავდა მათ რეალურ ადგილმდებარეობას. ჩვენების მიცემისას ბ. ჯ-ეს განემარტა, თუ აცნობიერებდა, რომ მისი ჩვენების საფუძველზე თუ დადასტურდებოდა, რომ დ. კ-ეს არასწორად ჰქნოდა დაზუსტებული სახით მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული, მაშინ რ. ჯ-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაც ჩაითვლებოდა უკანონოდ, რაზეც ბ. ჯ-ემ განაცხადა, რომ აღნიშნულს აცნობიერებდა, მაგრამ მას სახელმწიფო ვეღარ მოსთხოვდა რ. ჯ-ის სახელზე არასწორი ადგილმდებარეობით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გასწორებას, რადგან მიწის ნაკვეთზე მათ მიერ მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და სანამ მშენებლობას დაიწყებდა, ისინი შეხვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და სთხოვეს შეცდომით რეგისტრირებული მონაცემების გასწორებაში დახმარება, რადგან აპირებდნენ საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მაგრამ სამინისტრომ არაფერი გააკეთა რეგისტრირებული მონაცემების გასასწორებლად, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ მიემართათ მუნიციპალიტეტისათვის და იმ მიწის ნაკვეთზე მოეთხოვათ მშენებლობის ნებართვის აღება, რომელიც რ. ჯ-ეს რეგისტრირებული ჰქონდა საკუთრების უფლებით დაზუსტებული სახით. შესაბამისად, ისინი მშენებლობას აწარმოებდნენ ნებართვის საფუძველზე და მათ მიმართ სახელმწიფო ვერ განახორციელებდა ვერანაირ ღონისძიებებს.
კასატორის მოსაზრებით მოწმის ხსენებული ჩვენებები აზუსტებდნენ 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტიდან და მასზე თანდართული გეგმა ნახაზიდან გამომდინარე სადავო საკითხებს, რის გამოც ეს ჩვენებები ითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად. სააპელაციო სასამართლომ კი ეს მტკიცებულებები საერთოდ არ შეაფასა და მათი გაქარწყლება მოახდინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნის შეფასებით, რომლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნით მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა კი არ დადგინდა, არამედ დადგინდა ორ სხვადასხვა დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მხოლოდ ზომების იდენტურობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმის სახით დაკითხული ყველა პირი უშუალოდ მონაწილეობდა ტ. ჯ-ეზე მიწის ნაკვეთის მიზომვაში, ანუ 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის № 22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტისა და მასზე თანდართული გეგმის შედგენაში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნის სააპელაციო სასამართლოსეული შეფასება სულაც არ იყო საკმარისი მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებების გასაქარწყლებლად, არამედ საჭირო იყო დამატებითი არგუმენტაცია, თუ რატომ მიანიჭა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნას უპირატესობა იმ პირთა ჩვენებებთან შედარებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ტ. ჯ-ეზე მიწის ნაკვეთის მიზომვაში, ანუ 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტისა და მასზე თანდართული გეგმის შედგენაში. ასეთ დამატებით არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რომ სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნით მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა კი არ დადგინდა, არამედ დადგინდა ორ სხვადასხვა დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მხოლოდ ზომების იდენტურობა, არ ეფუძვნება კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს, რადგან სასამართლოს დასკვნის შემდგენი ექსპერტისაგან არ მოუსმენია დასკვნის სადავო საკითხებზე ჩვენება, მაშინ როცა მხოლოდ ექსპერტმა იცის მის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და მხოლოდ მას უნდა გაეცა პასუხი მის მიერ დასკვნის ცალკეული ჩანაწერების განმარტების თაობაზე. ამდენად, ცალსახად დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებების გაქარწყლება მხოლოდ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემული №000232514 დასკვნის სასამართლოსეული შეფასებით, არის უსაფუძვლო და უკანონო. მეტიც, იმ საკითხებზე, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაში ბუნდოვნად იქნა მიჩნეული, ცალსახად იქნა პასუხი გაცემული მოწმეთა ჩვენებებით, რომელთა მიხედვით მხოლოდ ერთი რამ დასტურდება, რომ ის ადგილმდებარეობა, რომლის მიხედვითაც დ. კ-ეს მიწის ნაკვეთი აქვს რეგისტრირებული დაზუსტებული სახით, არ შეესაბამება მიწის ნაკვეთის რეალურ ადგილმდებარეობას, არამედ დ. კ-ის მიწის ნაკვეთის რეალურ ადგილმდებარეობას ასახავს ის ნახაზები, რომლითაც დ. კ-ე ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას და რაზეც მიმდინარეობდა დავა. სწორედ ზემოთხსენებული მტკიცებულებები წარმოადგენდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, რომლებითაც უნდა დადასტურდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტობრივი გარემოება, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას დ. კ-ის მიერ იქნა თუ არა დაშვებული შეცდომა და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შეცდომით, შეცვლილი ადგილმდებარეობით დარეგისტრირდა თუ არა საჯარო რეესტრში. სამწუხაროდ, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არცერთი ზემოხსენებული მტკიცებულება არ შეაფასა სწორად და ობიექტურად, რის გამოც სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორი შეფასება მიეცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკვანძო ფაქტობრივ გარემოებებს.
კასატორი მიუთითებს, რომ 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის №22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტით; 2006 წლის ოქტომბერში მომზადებული საკადასტრო რუკით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 16 იანვარს გაცემულ №000232514 დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ დ. კ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ტ. ჯ-ისაგან შეძენის შემდეგ სწორი ადგილმდებარეობით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, ხოლო 2008 წელს ამავე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, დაშვებული იქნა შეცდომა და მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით, ე.წ. საკოორდინატო ბადის მიხედვით დარეგისტრირდა სულ სხვა ადგილზე და არა მისი ფიზიკური ადგილმდებარეობის მიხედვით. დ. კ-ის მიერ დაშვებული შეცდომის საბოლოო სამართლებრივი შედეგი არ უნდა იყოს ის, რომ მან ვეღარ შეძლოს საკოორდინატო ბადის მიხევით მიწის ნაკვეთის იმ სახით რეგისტრაცია, როგორი სახითაც ჰქონდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკადასტრო რუკის ქაღალდური ვერსიის მიხედვით და რეალურად როგორც მდებარეობს მიწის ნაკვეთი. სახელმწიფოს მაგივრად რომ ყოფილიყო სხვა პირი, იგივე მოთხოვნას დავაყენებდით ამ სხვა პირის მიმართ. სახელმწიფოს მაგივრად მოპასუხე რომ ყოფილიყო სხვა პირი, ოღონდ არა ადმინისტრაციული ორგანო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ სარჩელი აღიძრა არა როგორც საჯარო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არამედ როგორც ერთი ჩვეულებრივი მესაკუთრის მიმართ, რადგან საკუთრებით უფლებებში სახელმწიფო არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს იმ მარტივი მიზეზით, რომ საკუთრება შეიძლება ჰქონდეს სამართლის ნებისმიერ სუბიექტს და არა მხოლოდ სახელმწიფოს. საჯარო უფლებამოსილების მახასიათებელი კი არის სწორედ ის, რომ ეს უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სადავო საკითხისათვის არ უნდა მიეცა იმაზე მეტი დატვირთვა, ვიდრე მას ჰქონდა. მეტიც, თუ მაინცადამაინც სასამართლო ითვალისწინებდა მოპასუხე მხარის სტატუსს, სწორედ სასამართლო იყო ვალდებული სასამართლო კონტროლის ჯეროვნად განხორციელებით ადმინისტრაციული ორგანოებისათვის შეეხსენებია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, განსხვავებით ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილებისაგან, ამავდროულად ნიშნავს მის ვალდებულებასაც. შესაბამისად, სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოებისათვის უნდა მიეთითებინა, რომ, როცა ადმინისტრაციული ორგანო ხედავს, რომ მისი აქტით ან ქმედებით ირღვევა სხისი უფლება, არც უნდა დაჭირდეს სასამართლო წარმოებები, ისე უნდა აიცილოს თავიდან სხვათა უფლებების დარღვევა, ხოლო დარღვეული უფლებები აღადგინოს დაუყონებლივ.
კასატორი მხარისათვის გაურკვეველია რატომ არ არიან დაინტერესებული საქმის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები, რომ საქმის განხილვა მოხდეს სწორად და დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. საქმის ვითარება, მათ შორის სადვაო ტერიტორიების რეალური სურათი ვინც იცის, მათგან არავინ დაიჯერებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები იცავენ სახელმწიფოს ინტერესებს, რადგან, როცა დ. კ-ეს არ უთავისუფლებენ საკუთარ ტერიტორიას და მათ მოთხოვნას უპირისპირებენ ტ. ჯ-ეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს, ამ პოზიციით სახელმწიფოს ინტერესებს კი არ იცავენ, მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს აყენებენ სახელმწიფოს. კერძოდ, დ. კ-ისა და ტ. ჯ-ის მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით შეცდომით რეგისტრაციის შემდეგ ტ. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ემიჯნება საავტომობილო გზას, მაშინ როცა სწორად რეგისტრაციისას ტ. ჯ-ის მიწის ნაკვეთი იქნებოდა არა საავტომობილო გზის მომიჯნავედ, არამედ სხვა მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ და მისასვლელი ექნებოდა მხოლოდ შიდა მისასვლელი გზა. ამასთან, რ. ჯ-ე არასწორად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებს საცხოვრებელ სახლს, ხოლო დარჩენილ მიწის ნაკვეთზე, ანუ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მისი იქნებოდა დაზუსტებული რეგისტრაციის სწორად განხორციელებისას, შემოღობილი აქვს და აკეთებს საცხოვრებელი სახლის ეზოს. მთლიანობაში, რ. ჯ-ე საკუთრების შეცდომით რეგისტრაციის გამო კი არ დაზარალებულა, არამედ უკეთს მდგომარეობაშიც არის, რადგან მისი საკუთრება აღმოჩნდა საავტომობილო გზის მომიჯნავედ და სწორად რეგისტრაციის შემთხვევაში რომ მიეკუთვნებოდა, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად დამატებით ფლობს ერთი იმდენით მეტს მიწის ნაკვეთს. ამასთან, შეცდომით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებს საცხოვრებელ სახლს, ხოლო დარჩენილ ტერიტორიას იყენებს ეზოდ. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობა. მეტიც, დ. კ-ესთან დ. რ. ჯ-ეს უქმნიან როგორც არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ისე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების ფლობის კანონიერ საფუძვლებს. ამ მოცემულობაში ცხადია რ. ჯ-ეE არ არის დაინტერესებული, რომ მან გააგრძელოს მისი ქონების საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით შეცდომით რეგისტრაციის გამო დავა. ხომ დადასტურებულია, რომ №882010652647 განაცხადით ტ. ჯ-ემ მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა, გასწორებულიყო მისი საკუთრების დაზუსტებული სახით რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომა და მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განხორციელებულიყო 1998 წლის 12 დეკემბრის მიწის ნაკვეთის № 22/1-3 მიღება–ჩაბარების აქტისა და მასზე თანდართული გეგმის მიხედვით, რა გააკეთეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, რომ შეესწავლათ საქმის ვითარება და გაერკვიათ, დ. კ-ესთან წინააღმდეგობით და ტ. თუ რ. ჯ-ის რეგისტრაციის დაცვით ისინი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ თუ პირიქით, აზარალებენ სახელმწიფო ინტერესებს და რ. ჯ-ეს სამომავლოდ უქმნიან როგორც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საბოლოოდ დასაკუთრების პერსპექტივას, ისე ნამდვილად აქცევენ რ. ჯ-ეზე არასწორად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას. დ. კ-ე რეგისტრაციის გასწორების თაობაზე დავას აწარმოებს იმის გამო, რომ არასწორად რეგისტრაციის შედეგად მასზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აღარ აქვს მისასვლელი და არის არასამშენებლო მიწის ნაკვეთი. სწორედ ეს არის დ. კ-ის მიერ დავის წარმოების მიზეზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო საჩივრის ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების - მოწმის ჩვენებისა და ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებაზე სასამართლოს უარის დასაბუთებულობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის 2014 წლის 16 იანვრის №000232514 დასკვნა ცალსახად არ ადგენს ადგილმდებარეობის მიხედვით შეესაბამება თუ არა ი.მ. „ლ. თ-ის“ მიერ შესრულებული (19.12.2013 წ.) საკადასტრო აზომვითი ნახაზი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №22/1-3 აქტის (12.12.1998 წ.) გეგმა-ნახაზს და უთითებს მხოლოდ ნაკვეთის გვერდების სიგრძეების იდენტურობას ისიც გარკვეულ ნაწილში. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად არ ადასტურებს დ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესაბამისობას ი.მ. „ლ. თ-ის“ მიერ სედგენილ აზომვით ნახაზტან, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები:
1. საქმის მასალებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით გთხოვთ განსაზღვროთ დ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ... 1300,00 მიწის ნაკვეთი ს/კ. ...) ზუსტი ადგილმდებარეობა, კოორდინატებისა და კონფიგურაციის ჩვენებით; გთხოვთ, დაამზადოთ მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში;
2. 1998 წლის 12 დეკემბერს გაცემული №22/1-3 მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და ინდივიდუალური მეწარმე ლ. თ-ის მიერ 2012 წლის 26 ნოემბერს მომზადებული (გაცემული) მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები შეესაბამება თუ არა ერთმანეთს (იდენტურია თუ არა);
3. 1998 წლის 12 დეკემბერს გაცემული №22/1-3 მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და საჯარო რეესტში დ. კ-ის საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემები შეესაბამება თუ არა ერთმანეთს (იდენტურია თუ არა);
4. 1998 წლის 12 დეკემბერს გაცემული №22/1-3 მიღება-ჩაბარების აქტზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები და საჯარო რეესტში შპს ,, ...-ს “ ს/ნ ... (ძველი მესაკუთრეები, ჯერ ტ. ჯ-ე, ხოლო შემდეგ რ. ჯ-ე) საკუთრებად დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო მონაცემები შეესაბამება თუ არა ერთმანეთს (იდენტურია თუ არა);
5. შეადგინოს 1998 წლის 12 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით და ინდ. მეწარმე ჟ. ბ-ის მიერ 2006 წლის 02 ოქტომბერს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ადგილზე მისვლით, რეგისტრირებული ფართობისა და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული საანგარიშო ზომებისა და კონფიგურაციის გათვალისწინებით, ხელსაწყო JPS-ს გამოყენებით, რომელიც ჩართული იქნება საქართველოს მუდმივმოქმედი რეფერენს სადგურების ქსელში (GEOCORS), ამასთან, აზომვის საშუალო სიზუსტე უნდა იყოს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული;
6. საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი აღწეროს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან (ტერიტორიასთან) მიმართებაში, მათ შორის მიუთითოს საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთს რა ფუნქციური დანიშნულების მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან;
7. მოახდინოს საჯარო რეესტრში დ. კ-ეზე 2010 წლიიდან ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღწერა ადგილზე გასვლით და დაადგინოს, საჯარო რეესტრში დ. კ-ეზე 2010 წლიდან ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს რა ფუნქციური დანიშნულების მიწის ნაკვეთები და/ან ტერიტორიები ესაზღვრება, მათ შორის დაადგინოს, დ. კ-ეზე 2010 წლიიდან ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება და/ან ესაზღვრებოდა თუ არა სასოფლო გზა, ხოლო დასავლეთიდან ესაზღვრება და/ან ესაზღვრებოდა თუ არა ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორია.
საქმეზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ განჩინებით ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვებს პასუხი ვერ გაეცა, რადგან მოთხოვნის შესაბამისად დაინტერესებული/აპელანტი მხარის მიერ წარდგენილი ვერ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, განჩინებაში დასმულ კითხვებზე სრულფასოვანი პასუხების გაცემის შეუძლებლობის გამო საქმე შეუსრულებლად დაუბრუნდა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მართებულად დაადგინა, რომ დ. კ-ემ 2006 წელს სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის შემდეგ მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია და 2008 წლის შემდეგ დაზუსტებული მონაცემებით აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლებით. სადავო მიწის ნაკვეთებზე დაზუსტებული ფორმით რეგისტრაციის თაობაზე დ. კ-ის მიერ 2008 და 2011 წელს წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდება არ დაფიქსირებულა. ზედდება არ დაფიქსირებულა, ასევე, სახელმწიფოს სახელზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 17 დეკემბრის N01-22/5404 მიმართვის საფუძველზე, დაზუსტებული სახით 1794.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო კოდი: ...), ასევე 2008 წლის 14 მაისის №01-22/1445, 2009 წლის 16 დეკემბრის №01-22/4404 და 2011 წლის 10 თებერვლის N01-10/532 მიმართვების საფუძველზე, დაზუსტებული სახით 45935.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, (სარეგისტრაციო კოდი: ...) და 2012 წლის 28 თებერვლის N01-10/1064 მიმართვის საფუძველზე, დაზუსტებული სახით 1767.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო კოდი: ...) რეგისტრაციის მომენტისათვის. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (ს/კ ... და ს/კ...) ზედდება დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 28 ნოემბერს, დ. კ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს და უძრავ ნივთზე (ქ.ბათუმი, ...) დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულ უფლებაში კვლავ მოითხოვა ცვლილებების რეგისტრაცია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 3 აპრილის Nს-160 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, კანონიერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 18 თებერვლის N04/1100 წერილი და იგი გამოცემულია სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და დ. კ-ეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება;
3. კასატორს დაუბრუნდეს 24.01.2017 წლის №1 საგადახდო მოთხოვნით გელა მახარაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე