Facebook Twitter

საქმე #330310015001014909

#ბს-448-445(კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 22 ივნისს შ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 მაისის #... და 2015 წლის 11 ივნისის #144138 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ... ქუჩა #62-64-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) სამკვიდრო ქონების ნაწილში, ტექნიკური ხარვეზის შესწორებისა და მ. შ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის შ. შ-ის სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2015 წლის 23 ივლისს შ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ს-ემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, კერძოდ, 2015 წლის 6 მაისის #... და 2015 წლის 11 ივნისის #144138 გადაწყვეტილებების მოქმედების შეჩერება და მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სადავო სარეგისტრაციო დოკუმენტებით განხორციელებული, ქ. თბილისში, ... ქ. #62-64-ში მდებარე ლ. ნ-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ ...), მასში მის სახელზე რეგისტრირებული 5/9 წილის განკარგვა-გასხვისების, ასევე მისი ვალდებულებებით უზრუნველსაყოფად დატვირთვის თაობაზე ნებისმიერი გარიგების რეგისტრაციის (სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება) და ამ მიზნით მისთვის საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის აკრძალვა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით შ. შ-ისა და შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის მინდობილი პირის ლ. შ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის განჩინება კერძოს საჩივრით გაასაჩივრა შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის მინდობილმა პირმა ლ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის მინდობილი პირის ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ნ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ თა. ხ-ი, თ. ხ-ი, დ. ხ-ი, მ. ხ-ი, ც. ხ-ი, ნ. ყ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში #3/4818-15 მოსარჩელე შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენელის ლ. ს-ის, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების - ლ. ნ-ის, თა. ხ-ის, თ. ხ-ის, დ. ხ-ის, მ. ხ-ის, ც. ხ-ის, ნ. ყ-ის და სააქციო საზოგადოება „...“ მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, აწ გარდაცვლილი მესამე პირის - თა. ხ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თა. ხ-ი, მესამე პირის - აწ გარდაცვლილი დ. ხ-ის უფლებამონაცვლედ - მისი შვილები მ. და ც. ხ-ები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შ. შ-ისა და შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენლმა ლ. ს-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით შ. შ-ისა და შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენლმა ლ. ს-ემ, რომლემაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმ გარემოებებზე, რაზედაც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 მაისის #... და 2015 წლის 11 ივნისის #144138 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. თბილისში, ... ქუჩა #62-64-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ...) სამკვიდრო ქონების ნაწილში, ტექნიკური ხარვეზის შესწორებისა და მ. შ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის შ. შ-ის სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ საფუძვლით, რომ შ. შ-ის აწ გარდაცვილ მამას - მ. შ-ეს და მის მეუღლე ლ. ნ-ს შორის დადებული 2008 წლის 9 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება არასწორად იქნა გადატანილი და არასწორი მონაცემებით (გაზრდილი ფართით) იქნა რეგისტრირებული მოპასუხე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, რის გამოც ვერ შეძლო მ. შ-ის დანაშთი ქონების რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, გაუქმებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, ჩანაწერში ტექნიკური ხასიათის შეცდომის შესწორება, კერძოდ, მითითებული კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1987 წლის 17 თებერვალს ი. შ-ს (გამყიდველი) და მ. შ-ეს (მყიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული მთელი საცხოვრებელი სახლის ლიტერ „ა“ და „ბ“ 5/9 ნაწილი, რომელიც მას ეკუთვნოდა 1985 წლის 14 დეკემბრის #1-1198 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ქ. თბილისის საბჭოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 02.02.1987წ. ცნობით.

2008 წლის 9 ივლისს ლ. ნ-ს (მყიდველი) და მ. შ-ეს (გამყიდველი) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მხოლოდ მ. შ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ... ქუჩა #62-64, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 194,44 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 150,00 კვ.მ, დამხმარე ფართი 140,44 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი #4, #6, #7, #8, #9 და ნაგებობა #1-ში 105,21 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მ. შ-ის კუთვნილი 5/9 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2008 წლის 10 ივლისს #... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ. ნ-მა, რომელმაც ქ. თბილისი, ... ქუჩა #62-64-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთის (მდებარე - ქ. თბილისი, ... ქუჩა #62-64, საკადასტრო კოდი #..., დაზუსტებული ფართობი 919,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა #11, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #4, #6, #8, #9, #10 და შენობა-ნაგებობა #1-ში 105,21 კვ.მ, საერთო ფართი 294,44 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 154,00 კვ.მ, დამხმარე ფართი 140,44 კვ.მ) თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ლ. ნ-ი და ლ. ვ-ი, კერძოდ, ლ. ნ-ი 5/9 წილი, ხოლო ლ. ვ-ი ნაგებობა #1-ში 1/9 ნაწილი საცხოვრებელი ფართობი 24,05 კვ.მ და დამხმარე ფართობი 5,64 კვ.მ.

2012 წლის 21 მარტს ნოტარიუს ნ. მ-ას მიერ გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის #...), რომლითაც შ. შ-ემ, როგორც მ. შ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის მთელი ქონების პასივებისა და აქტივების ½ ნაწილი, ხოლო ½ ნაწილი დარჩა ღიად.

2015 წლის 5 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ლ. შ-ემ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რეგისტრაციაზე ეთქვა უარი, ვინაიდან არ დგინდებოდა სარეგისტრაციო ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის არსებობა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 8 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენელის ლ. ს-ის წარმომადგენელმა ლ. შ-ემ და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 6 მაისის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 11 ივნისს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარდა არაერთი ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რის საფუძველზეც გაცემულ იქნა შესაბამისი ამონაწერები და დღეის მდგომარეობით სადავო უძრავი ნივთის (მდებარე - ქ. თბილისი, ... ქუჩა #62-64, საკადასტრო კოდი: ..., დაზუსტებული ფართობი 919,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 11, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 294,44 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 154,00 კვ.მ, დამხმარე ფართი140,44 კვ.მ, სხვა ფართი #4, #6, #7, #8, #9, #10, #12) მესაკუთრეებს წარმოადგენენ: თა. ხ-ი, თ. ხ-ი - 1/9 ნაწილი, მ. ხ-ი, ც. ხ-ი - 2/9 ნაწილი, ნ. ყ-ი - ნაგებობა #1-ში და #11-ში 1/9 ნაწილი, საცხოვრებელი ფართობი 24,05 კვ.მ, დამხმარე ფართობი 5,64 კვ.მ და ლ. ნ-ი - 5/9 ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან (09.07.2008წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება #1-3198 (ნოტარიუსი - რ. ჩ-ი-ჩ-ი), 30.09.2015წ. სამკვიდრო მოწმობა #151082273 (ნოტარიუსი - მ. ბ-ე), 26.03.2016წ. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა #160290036 (ნოტარიუსი - ნ. გ-ე), 24.10.1998წ. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა #2-445 (ნოტარიუსი - ნ. გ-ე) და 01.09.2009წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება #090454801 (ნოტარიუსი - ნ. ჯ-ე)), რომლის საფუძველზედაც განხორციელდა რეგისტრაციები, ნათლად ჩანდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, რაც საკმარისი იყო სარეგისტრაციო სამსახურისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებულ იქნა სათანადო გადაწყვეტილებები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე - მდებარე: თბილისი, --- ქუჩა #62-64 (საკადასტრო კოდი #---), მესაკუთრეებს წარმოადგენენ თა. ხ-ი, თ. ხ-ი - 1/9 ნაწილი, მ. ხ-ი, ც. ხ-ი - 2/9 ნაწილი, ნ. ყ-ი - ნაგებობა #1-ში და #11-ში 1/9 ნაწილი, საცხოვრებელი ფართობი 24,05 კვ.მ, დამხმარე ფართობი 5,64 კვ.მ და ლ. ნ-ი - 5/9 ნაწილი. ამ უკანასკნელზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.07.2008წ. #... გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც წინ უსწრებდა 09.07.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქუჩა #62-64-ში მ. შ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, მხოლოდ მისი კუთვნილი 5/9 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. სწორედ ეს მონაცემები იქნა გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას და ამონაწერშიც შესაბამისად იქნა ასახული. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განმცხადებლისათვის სწორად იქნა განმარტებული, რომ არ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალსწინებული „ტექნიკური ხარვეზი“, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას იგი დაეყრდნო საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებს და ინფორმაციას, რომელთა მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი