Facebook Twitter

№ბს-457-454(კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 17 ივლისს ა. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმარრთველოს მე-7 განყოფილების უფროსის, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის 2015 წლის 19 მაისის №1067084, 2015 წლის 19 მაისის №1068044 და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსის მოადგილის 2015 წლის 23 ივნისის №1356432 მიმართვების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებას დავალებოდათ უზრუნველეყოთ ქ. თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული 166,5 კვ.მ მიწის ფართსა და მასზე აღმართულ ნაგებობაზე მისი საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთა ... ქ. №2/4-ში მცხოვრები მეზობლებისგან, იმგავრად, რომ ... ქ. №2/4-ში მცხოვრებლებმა არ მოახდინონ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედაპირზე (ნაკვეთზე) თავიანთი ავტომანქანების გაჩერება-დგომა, ასევე მოითხოვა ზიანის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის - 15 000 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსისათვის პირადად - 15 000 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისათვის პირადად - 10 000 ლარის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებისათვის - 15 000 ლარის, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსისათვის პირადად - 15 000 ლარის და ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლისათვის პირადად - 15 000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეებად მიუთითა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმარრთველოს მე-7 განყოფილების უფროსი, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინარული დევნის 1-ლი სამმართველოს უფროსი, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინარული დევნის 1-ლი სამმართველოს თანამშრომელი და დამატებით მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს ადმინისტრაციის გენერალური ინპექციის დისციპლინური დევნის 1-ლი სამმართველოს უფროსის 2015 წლის 23 სექტემბრის №2104381 მიმართვის ბათილად ცნობა, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინარული დევნის 1-ლი სამმართველოს უფროსისათვის პირადად - 15 000 ლარის და საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინარული დევნის 1-ლი სამმართველოს თანამშრომელისთვის პირადად - 10 000 ლარის გადახდის დაკისრება, მისთვის მიყენებული ზიანისათვის, არაჯეროვნად შესრულებული მოვალეობისა და დაუდევრობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი საკასაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებს იმავე გარემოებებზე, რაზეც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. გ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი