საქმე #330310015001017466
#ბს-466-463(კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 24 ივნისს შ. ც-მა, თ. ც-მა, მ. ც-მა, ი. მ-მა და ა. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა შ. ც-ისათვის, ი. მ-ისათვის, თ. ც-ისათვის, მ. ც-ისა და ა. ც-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 მაისის #833, #831, #830, #832 და #829 ბრძანებების გამოცემის დღიდან ბათილად ცნობა, მათთვის დევნილის სტატუსის აღდგენა და მოპასუხისათვის დევნილის სტატუსის უკანონო ჩამორთმევით მიყენებული ზიანის, 2015 წლის მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათის თითოეულ თვეზე 45-45 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ახალგორის მუნიციპალიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ც-ის, თ. ც-ის, მ. ც-ის, ი. მ-ისა და ა. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ 2015 წლის 20 მაისის #832 ბრძანება, 2015 წლის 20 მაისის #833 ბრძანება, 2015 წლის 20 მაისის #831 ბრძანება, 2015 წლის 20 მაისის #829 ბრძანება, 2015 წლის 20 მაისის #830 ბრძანება და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა დაევალა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. ც-ის, თ. ც-ის, მ. ც-ის, ი. მ-ისა და ა. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა შ. ც-ის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 მაისის #833 ბრძანება შ. ც-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე; შ. ც-ს აღუდგა დევნილის სტატუსი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შ. ც-ის სასარგებლოდ 2015 წლის მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის თვეზე 45 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს მტკიცებულებები და შესაბამისად, არასწორად იქნა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, შ. ც-ის ნაწილში. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეთა მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოთხოვილ იქნა არაერთი ინფორმაცია მათი 2008 წლამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. კერძოდ, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაგზავნილ იქნა წერილი (7.10.2014წ. #27132) შ. ც-ისა და მისი ოჯახის 2008 წლის მოვლენებამდე სოფელ ... მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. იმავე წლის 27 ოქტომბრის #48134 საპასუხო წერილით გვეცნობა, რომ შ. ც-ი, თ. ც-ი, ა. ც-ი, მ. ც-ი და ი. მ-ი 2008 წლამდე არ წარმოადგენდნენ ახალგორის რაიონის სოფელ ... მუდმივად მცხოვრებ პირებს. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2015 წლის 9 თებერვალს სამინისტროს მიერ განმეორებით იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია შ. ც-ისა და მისი ოჯახის წევრების 2008 წლამდე ახალგორის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. 2015 წლის 23 მარტს, ბოლის თემის რწმუნებულის მიერ გამოგზავნილი #26 საპასუხო წერილის თანახმად, შ. ც-ი და მისი ოჯახი 2008 წლის ომამდე არა მუდმივად, არამედ სეზონურად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონში. ასევე ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში შ. ც-ის მეუღლემ ი. მ-მა მიმართა სამინისტროს განცხადებით, რომელზეც თანდართული იყო ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული #934 დასკვნა, სადაც მითითებული იყო, რომ მოსარჩელეები 2008 წელს განვითარებულ მოვლენებამდე სეზონურად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონში. შესაბამისად, სამინისტროს ჰქონდა არაერთი დოკუმენტი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელეები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე არ წარმოადგენდნენ ახალგორის რაიონში მუდმივად მცხოვრებ პირებს. კასატორის მითითებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობას ამყარებს აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების დროს ჩატარებული გასაუბრების მასალები, რაზეც სასამართლოს მიერ საერთოდ არ იქნა ყურადღება გამახვილებული.
კასატორს მიაჩნია, რომ თემის რწმუნებულის განმარტება არ არის სარწმუნო, მისი მხრიდან ადგილი აქვს სიტუაციის გამოსწორებას, რომელიც, როგორც ჩანს, მოსარჩელეთა მიმართ სხვაგვარი სუბიექტური დამოკიდებულებით არის გამოწვეული.
კასატორის განმარტებით, შ. ც-ი, ი. მ-ი და თ. ც-ი, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულნი არიან 2009 წლიდან, მათ ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად მითითებილია ახალგორის რაიონი სოფელი ....
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთა შესახებ არსებული მონაცემები წინააღმდეგობაშია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, იმპერატიულადაა დადგენილი, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი პირობაა, რომ პირს იძულებით ჰქონდეს დატოვებული მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. სტატუსის მინიჭების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას და ზოგადად დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.
კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ძირითად მოტივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის - შ. ც-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ შეიძლება მიჩნეულიყო ახალგორის რაიონის სოფ. ..., ვინაიდან, როგორც მან გასაუბრებისას აღნიშნა, სოფ. ... სახლი საცხოვრებლად არ ვარგოდა, რის გამოც მთავრობამ ჩაასახლა ..., სკოლის მახლობლად. შვილები სკოლაში სწავლობდნენ კასპში და დაამთავრეს კასპის საშუალო სკოლა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-1896-1849(კ-10) და #ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 25 მაისის #980 ცნობა, რომლის საფუძველზეც, კომისიის წევრები ადასტურებენ შ. ც-ის ახალგორის რაიონის სოფ. ... ცხოვრების ფაქტს. ასევე საქმეშია შ. ც-ის სახელზე 2003 წელს ახალგორის შს განყოფილების მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომლის შესაბამისად, შ. ც-ის რეგისტრაციის პერიოდი არ უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომ პერიოდს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შ. ც-ი იძულებული გახდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის გამო. შ. ც-ის ჩამოყალიბებული ყოფითი კავშირები და მისი ოჯახური პირობები ქმნის ახალგორის რაიონის სოფ. ... უტყუარი კავშირების დადასტურების შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი