Facebook Twitter

საქმე # 330310015001097831

საქმე №ბს-361-358(კ-17) 18 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. დ-მა 2015 წლის 21 სექტემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის №2632 ბრძანების ბათილად ცნობა და მ. დ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 20 ნოემბრის №2632 მ. დ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. დ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. სამინისტროს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში აღწერილი იყო ის თითოეული იურიდიული და ფაქტობრივი უსწორობა რომლებზეც ააგო თავისი გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა ნამსჯელი იმ ფაქტობრივ უსწორობებსა თუ სამართლებრივ გარემოებებზე, რაც იძლეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ასეთი გარემოებების მრავლად არსებობის მიუხედავად.

კასატორი არ ეთანხმება, როგორც პირველი ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მ. დ-ი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მაცხოვრებელ პირს 2008 წლების მოვლენების დროისათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივ მცხოვრებ პირს. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებეზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ სადავო აქტი გამოცმეულია კანონის დარღვევით, რომ მ. დ-ის მიმართ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმობისას სამინისტროს მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე იქნა გადაწყვეტილება მიღებული მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოწმეთა ჩენებების საფუძველზე დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ მ. გ-ი 2008 წლამდე წარმოადგენდა ახალგორში მუდმივად მცხოვრებ პირს. სასამართლოს ამგვარი დასაბუთება სამინისტროს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. მას თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია, წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები და გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ მოსარჩელის 2008 წლამდე ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. კერძოდ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის საკითხის შესწავლისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამისი კომპეტენტრური ორგანოდან - ახალგროგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მ. დ-ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის თაობაზე, რაზეც 2014 წლის 20 ივნისი N2-0591 წერილით ეცნობათ, რომ მ. დ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ახალგორში. აღნიშნულ წერილს თან ერთვის ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2014 წლის 6 ივნისის N599 დასკვნა სადაც განმარტებულია, რომ მ. დ-ი არ წარმოადგენს 2008 წლამდე ახალგორში მუდმივად მცოვრებ პირს. მითითებულ ცნობებში დაფიქსირებული გარემოება სასამართლო სხდომაზე, კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა მესამე პირად ჩართულმა ახალგორის გამგეობის წარმომადენელმა. მან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს ახალგორში გააჩნდა უძრავი ქონება იგი არ წარმოადგენდა ახალგორში მუდმივად მცხოვრებ პირს. ასევე სამინისტროში ჩატარებული ადმინისრაციული წარმოების დროს მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული გარემოებები არ იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ახალგორის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მცდარია და მასში ასახული გარემობა არ შეესაბამება რეალობას. მოსარჩელემ თავად აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. ზესტაფონში, 1970 წელს დაოჯახდა ახალგორში. რადგან 1973 წელს მისმა მეუღლემ ო. დ-მა სამსახურიდან ქ. თბილისში მიიღო ბინა, აღნიშულის შემდგომ საცხოვრებლად გადმოვიდნენ ქ. თბილისში, მისი შვილები რო. და რ. დ-ები სადავო პერიოდში ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ ქ. თბილისში. ასევე განმარტა, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ 2001 წელს საცხოვრებლად კვლავ გადავიდა ახალგორში შვილთან - რ. დ-თან ერთად სადაც ეწეოდა სოფლის მეურნეობას.

კასატორი ასვე აღნიშნავს, რომ რ. დ-ს არ ჰქონია მინიჭებული და შესაბამისად არ აქვს იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსი. ასევე გაუგებარია სასამართლოს განმარტება, რომ პირის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება და მისი საცხოვრებელი ადგილის დროებით, ნებისმიერი მიზნით, ხანგრძლივობის მიუხედავად, დატოვება გავლენას ვერ მოახდენს მისი საცხოვრებელი ადგილის სტატუსზე. სასამართლოს ამგავრი მსჯელობა ეწინააღმდეგება მისივე გადაწყვეტილებაში მოყვნილ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. კერძოდ, მსგავსი კატეგორიის დავებზე უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილს განმარტავს იმდაგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს და ამ საცხოვრებელ ადგილთან აკავშირებდეს გარკვეული უფლებები და მოვალეობები. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რაც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საქმეში არსებული მასლებითა და თავად მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტებებით დასტურდება, რომ 1973 წლიდან მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენა ქ. თბილისი და არა ახალგორი.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა წორედ, რომ სამინისტროს მიერ ზემოთ მითითებული მტკიცებულებები, რომელებიც საფუძვლად დაედო სადავო აქტის გამოცემას. თუმცა, სასამართლოს საერთოდ არ აქვს თავის გადაწყვეტილებაში ნამსჯელი იმ მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ გარემობებზე, რომლითაც უდაოდ დასტურდება, რომ მ. დ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2008 წლის აგვისტოს ომამდე არ წარმოადგენდა ახალგორი. სასამართლომ თავის გადაწყვეტილება დაფუძნა, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და მოწმეთა ჩვენებებს.

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, მათ მიერ არათუ დადასტურებულ იქნა მოსარჩელის 2008 წლამდე ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, არამედ სასამართლოს მიაწოდეს ზოგადი ხასიათის ინფორმაცია და ვერ მიუთითეს ვერც ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომლიც სარწმუნოდ იქნებოდა მიჩნეული. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ მოსარჩელეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააჩნდა უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი, სადაც პერიოდულად ჩამოდიდა და ეწეოდა მცირე მეურნეობას, ვერ გახდება უდავო დასტური იმ ფაქტისა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად, უწყვეტად ცხოვრობდა ახალგორში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოწმეები მოსარჩელესთან დაახლოებულ პირებს წარმოადგენენ, რომელთა ობიექტურობა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საეჭვოა და მათი ჩვენებებების კრიტიკული შეფასების გარეშე მათ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დადასტურებული თითოეული გარემოება არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ უპირობოდ გაზიარებული. მითუმეტეს, რომ მოცემულ საქმეზე მესამე პირად ჩაბმულმა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომაგენელმა, რომელიც ობიექტურია და არ წარმოადგენს შედეგით დაინტერესებულ პირს, ცალსახად უარყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი, რაც ითვალისწინებს პირისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევას ყალბი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, თუმცა სამინისტროს არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ რეგისტრაციის ბარათი შევსებულია 1999 წელს, ხოლო ანკეტა - 2003 წელს. ამასთან, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპიდან გამომდინარე, ცხოვრების ფაქტი უმეტესად წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას. დადგენილია, რომ დევნილობამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად მ. დ-ს უფიქსირდება ახალგორი, ... ქ. N138; საქმეში წარმოდგენილია, როგორც მ. დ-ის მეზობლების თანხმობები, ისე სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ახალგორში მუდმივად ცხოვრების შესახებ, ასევე მოწმეთა განმარტებები მიცემული პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააჩნდა უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი, სადაც ეწეოდა მცირედ მეურნეობას. პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს ახალგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წელს გაცემულ ცნობას, რომლითაც მ. დ-ი რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე (2008 წლის 6 აგვისტო) ნამდვილად იყო დ. ახალგორის, ... N138 მუდმივად მაცხოვრებელი პირი. სასამართლო სხდომაზეც მესამე პირის - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მ. დ-ის ახალგორის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტი 2008 წლის ომამდე, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ქვედა ისნსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად მოხდა მ. დ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე