Facebook Twitter

საქმე №ბს-446-443(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ზ. გ-ი, ი. ჟ-ა, ა. ჟ-ა, ქ. გ-ი, დ. გ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. გ-მა, ი. ჟ-ამ, ა. ჟ-ამ, ქ. გ-მა და დ. გ-მა 2015 წლის 3 ივნისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №656, №657, №658, №659 და №660 ბრძანებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელეების დევნისლის სტატუსის აღდგენა და დევნილის მოწმობების გაცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის, ი. ჟ-ას, ა. ჟ-ას, ქ. გ-ისა და დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №656 ბრძანება მოსარჩელე - ქ. გ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №657 ბრძანება მოსარჩელე - ი. ჟ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №658 ბრძანება მოსარჩელე - ზ. გ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №659 ბრძანება მოსარჩელე - დ. გ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №660 ბრძანება მოსარჩელე - ა. ჟ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ზ. გ-ს, ი. ჟ-ას, ა. ჟ-ას, ქ. გ-სა და დ. გ-ს აღუდგათ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი და მოპასუხეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელეების სახელზე გასცეს დევნილის მოწმობები. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორს მიუთითებს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გაუგებარია სასამართლოს განმარტება თითქოსდა სამინისტრომ აქტები გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შეფასების გარეშე, მაშინ, როდესაც სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელე ოჯახის საკითხი და საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ საკითხის შესწავლის დროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიც დაიხმარა, რომ დაედგინა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კერძოდ: მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტს მუდმივად ცხოვრების ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. გამოიკვლია სამოქალაქო რეესტრისა და საჯარო რეესტრის მონაცემები, მიმართა შსს ორგანოებს ოჯახის მუდმივი საცხოვრებლის დადგენის მიზნით. სამინისტრომ დაიცვა ყველა პროცედურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულია მსგავსი საკითხის გადასაწყვეტად. სამინისტრომ ჩაატარა პროცედურით გათვალისწინებული გასაუბრება, მისცა მოსარჩელეს თავისი მოსაზრების წარდგენის საშუალება, რითაც დაიცვა ადმინისტრაციული სამართლის ერთ ერთი ძირითადი პრინციპი. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად დაედო დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 01-01/06-3452 2015 წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნა დევნილის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ 2013 წლის ოქტომბრის თვეში გაიარა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გადაემოწმებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ომამდე. სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები, მუდმივი საცხოვრებლის დასადგენად მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლის საპასუხო წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ მოსარჩელე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. სამინისტროში ჩატარებულ გასაუბრებაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 2008 წლის 7 აგვისტოს. სამინისტრომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეასრულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, როგორც 601 მუხლით, ასევე 96-ე მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულება - სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის, გარემოების ობიექტურად შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება. სამინისტრომ მოსარჩელის მიმართ დაიცვა ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპი, რაც გამოიხატა იმ მხრივ, რომ სამინისტროში ჩატარებული გასაუბრებისას ასევე საქმეზე გამართული ზეპირი მოსმენისას მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან დაცული იქნა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები: თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. სამინისტრომ აქტს საფუძვლად დაუდო დევნილთა დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც მოსარჩელეს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი.

კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული აქტის გამოცემას: გასაუბრების დროს მოქალაქე ზ. გ-მა აღნიშნა, რომ დაიბადა 10.04.1966 წელს ახალგორში. დაამთავრა ახალგორის საშუალო სკოლა. 1986 წელს უმაღლესი სასწავლებელი ქ. თბილისში. 2002 წელს დაქორწინდა ახალგორში. მეუღლე და შვილები არიან ორმაგი მოქალაქეები. როგორც თავად აღნიშნა ახალგორში ცხოვრობდა დედასთან-ვ. ბ-თან, მეუღლესთან-ი. ჟ-ასთან და შვილებთან: დ. გ-თან და ა. ჟ-ასთან ერთად. 2002-2009წწ. მუშაობდა შპს. „...“ ლილოში დირექტორად. 27.04.1999 წელს სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში უფიქსირდება მისამართი: ქ.თბილისი ... ქ.N43, ხოლო 23.09.2008 წელს მისამართი: ახალგორი ... ქ. N16-ში უფროსი შვილი შევიდა რუსულ საშუალო სკოლაში (დაახლოებით 2002-2003წწ.) ქ.თბილისში და ცხოვრობდა დედასთან ერთად ქირით, ხოლო თავად ამ პერიოდში ცხოვრობდა ახალგორში. სამსახურში (ლილოში) დადიოდა ახალგორიდან. 2008 წლის ომამდე რამოდენიმე თვით ადრე შეიძინა სახლი ქ.თბილისში. მისი განცხადებით ახალგორი დატოვა 2008 წლის 7 აგვისტოს. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან-ი. ჟ-ასთან და შვილებთან: დ. გ-თან და ა. ჟ-ასთან ერთად მისამართზე: ქ.თბილისი … N…14. ამავე გასაუბრებისას ზ. გ-მა აღნიშნა, რომ მის შვილს უჭირდა ქართულად ლაპარაკი, ამიტომ საჭირო იყო შეეყვანათ რუსულ სკოლაში - ქ. თბილისში, დაახლოებით 2002-2003 წლებში. დაბა ახალგორში საბჭოთა კავშირის დროიდან ფუნქციონირებდა 2 რუსული სკოლა, აქედან ერთი გახლდათ #3 საჯარო სკოლა, რომელსაც ლიცენზია გაუუქმდა 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 9 სექტემბრის N151 ბრძანების საფუძველზე, თუმცა სკოლა დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას, ოღონდ სხვა სტატუსით, როგორც მოგეხსენებათ ახალგორი დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ხორციელდება. მეორე რუსული სკოლა გახლდათ 9 კლასიანი სკოლა-ინტერნატი, რომელმაც იმ პერიოდისათვის (2002-2003 წლებისათვის) მიიღო საშუალო სკოლის სტატუსი და შესაბამისად სრულფასოვან ზოგად განათლებას აძლევდა მოსწავლეებს. ამდენად, ახალგორის რუსულენოვან მაცხოვრებლებს ჰქონდათ საშუალება განათლება მიეღოთ რუსულ ენაზე და არ იყო აუცილებელი განათლების მისაღებად ბავშვები გაეგზავნათ დედაქალაქში.

კასატორი აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისია ფაქტს ადგენს ზეპირი მეხსიერებისა და გადმოცემის საფუძველზე, რადგან არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა პირის უტყუარად ცხოვრების ფაქტს. ომის დროს განადგურდა საკომლო ჩანაწერები ვერ იქნა გამოტანილი ვერც ერთი დოკუმენტი. კომისია საცხოვრებელი სახლის არსებობას და იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ნათესაური კავშირის დადასტურებას საკმარის ფაქტად მიიჩნევს, მისი მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას. ხსენებული კომისიის შქმნამდე ახალგორის მუნიციპალიტეტი ყველა პირზე ვისაც, რაიმე სახის კავშირი გააჩნდათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გასცემდა ცნობებს, რათა ადამიანებს შეძლებოდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და მამაპაპისეული სახლ-კარის მიხედვა მათ შორის იმ პირებზეც, ვინც ითვლებოდა სეზონურ მაცხოვრებლად. ცნობის გარეშე მათ არ შეეძლოთ ე.წ. ბლოკ-პოსტების გადალახვა. სწორედ ამ ფაქტით აიხსნება ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების გაცემა. ეს ცნობები არ წარმოადგენდა მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამდგენ ცნობებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ხშირად უწევდათ და უწევთ მისივე გაცემული ცნობების საპირისპიროს მტკიცება სამინისტროსა თუ სასამართლო პროცესებზე. ცთომილების ალბათობა საკმაოდ დიდია და მათ მიერ დადასტურებული ფაქტი ყოველთვის უტყუარად არ შეიძლება მივიჩნიოთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური პროფილის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სარწმუნოობის და სანდოობის თვალსაზრისით, ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნის შემოწმების შედეგად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მათში გადმოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და არ არის გასაზიარებელი. საყოველთაოდ ცნობილი და დადგენილი გარემოებაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა მუნიციპალიტეტებმა ვერ მოახერხეს მუნიციპალიტეტების დოკუმენტაციის ევაკუაცია. შესაბამისად, ვერ მოხერხდა საკომლო წიგნებისა თუ სხვა პირველადი დოკუმენტაციის გამოტანა, რომელიც დაადასტურებს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ამა თუ იმ პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მიუხედავად ამგვარი დოკუმენტაციის არარსებობისა, მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ უწევთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემა. ვინაიდან მათ ხელთ არ აქვთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება უწევთ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ზეპირი მეხსიერების გამოყენებით. ეს კი საკმაოდ არასარწმუნოს ხდის ამგვარ ინფორმაციას. მითუმეტეს, ზემოხსენებული კომისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლებისგან, რომელთაგან თითოეული ნაკლებად, ან საერთოდ არ იცნობს სხვა სოფლის მუდმივ თუ არამუდმივ მაცხოვრებლებს. შესაბამისად, სახეზეა ამგვარი მოცემულობა, რომ კომისიის დასკვნას ხელს აწერენ პირები, რომელთათვისაც სტატუსის მაძიებელი პირის არსებობის თაობაზე ზოგჯერ მხოლოდ საკითხის განხილვის დროს გახდა ცნობილი. ამ გარემოების გამო, ზემოხსენებული დასკვნები ხასიათდება ძალიან დაბალი სარწმუნოობით და დამაჯერებლობით. მითუმეტეს, რომ ამგვარ დასკვნებში არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით, რა ხასიათის კვლევისა და რა კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მივიდა კომისია ამგვარ დასკვნამდე. ამ მოსაზრების სარწმუნოობას ადასტურებს მინიციპლიტეტებისა და კომისიების მიერ ერთსა და იმავე პირებზე გაცემული დასკვნების ურთერთგამომრიცხავი შინაარსი. არაერთია შემთხვევები, როდესაც პირებს დევნილის სტატუსი მიენიჭათ მუნიციპალიტეტების ინფორმაციის საფუძველზე, შემდგომში, იმავე მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგო ინფორმაციის საფუძველზე, იმავე პირისათვის მოხდა სტატუსის ჩამორთმევა, შემდეგში კი იმავე მუნიციპალიტეტმა იმავე პირზე კვლავ დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. ამგვარი შემთხვევები არაერთია ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული გარემოებების გამო, ეს დასკვნები ხასიათდება სარწმუნოობის ძალიან დაბალი ხარისხით და ისინი გაზიარებულ არ უნდა იქნას, რადგან წინააღმდეგობაში მოდიან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული და გამოკვლეული სხვა, მაღალი სანდოობის მქონე მტიცებულებებთან.

კასატორის მოსაზრებით, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილებაა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი: 1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; 2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. როგორც ვხედავთ, ადმინისტრაციული ორგანოს (ამ შემთხვევაში სამინისტროს) დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება პირველ რიგში, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს. ამ უფლებამოსილების მინიჭებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. სამინისტრო მასზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელმძღვანელობს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287-ე ბრძანება). ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

კასატორის მითითებით, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები, შეფასება მისცა ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ დასკვნას და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაადგინა მოსარჩელის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი, მოსარჩელის და მისი ოჯახის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი ომამდე იყო ქ. თბილისი და არა ახალგორი, როგორც სარჩელში აღნიშნავს. ხოლო სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას მიანიჭოს დევნილის სტატუსი პირს, რომელიც არ არის მუდმივი მცხოვრები იმ ტერიტორიისა, საიდანაც იგი იქნა გამოდევნილი. მოსარჩელე შესაძლოა ახალგორში ფლობდა საცხოვრებელ სახლს, მაგრამ ეს ფაქტი არ ადასტურებს მოსარჩელის ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ისინი პერიოდულად ჩადიოდნენ ახალგორში, რათა მიეხედათ მამაპაპისეული სახლ-კარისათვის. პირები, რომლებიც პერიოდულად დადიოდნენ მამაპაპისეულ სახლებში ითვლებიან ე.წ. სეზონურ მცხოვრებლებად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს შესაბამის ნორმას დევნილის სტატუსი მიანიჭოს პირებს, რომლებიც იქ მუდმივად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ გააჩნდათ ქონება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ომის შედეგად დაზარალდნენ.

იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო უგულებელყოფდა ხსენებული კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს შეუნარჩუნებდა პირს რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რდაგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა) რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანააა დაკავშირებული. მოგეხსენებათ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს - სამინისტროს სახით სხვადასხვა სახის ვალდებულება გააჩნია. სამინისტროს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდდამხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირზე, ხოლო პირს, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი ვერ იქნება სამინისტროს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხად. ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა რეგისტრაციისას აღმოჩენილი დარღევების ყურადღების მიღმა დატოვება კი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სამინისტრო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სამინისტროს სწორედ ასეთი საკითხების გადასაწყვეტად აქვს მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება და იგი ვალდებულია განახორციელოს ეს უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც მოსარჩელის შემთხვევაში განახორციელა კიდეც - ჩამოართვა დევნილის სტატუსი პირს, რომელსაც იგი არასწორად ჰქონდა მინიჭებული. კასატორის მოსაზრებით მისი გამოუყენებლობა იქნება უკანონო მმართველობითი ღონისძიება, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას და ზოგადად დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ძირითად მოტივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩეელეების: ზ. გ-ის, ი. ჟ-ას, ა. ჟ-ას, ქ. გ-ისა და დ. გ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ შეიძლება მიჩნეულიყო ახალგორი, ... ქ. №46, ვინაიდან, მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში და 2008 წლის საომარ მოქმედებებამდე რეგისტრირებული იყვნენ ასევე ქ. თბილისში.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-1896-1849(კ-10) და №ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ მოსარჩელეები ა. ჟ-ა, დ. გ-ი, ზ. გ-ი, ი. ჟ-ა და ქ. გ-ი რეგისტრირებული იყვნენ დევნილებად და დევნილის მოწმობაში იძულებით გადაადგილებამდე მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იყო - ქ. ახალგორი, ... ქუჩა N16; ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 19 ნოემბრის №2-1197 წერილის თანახმად 2008 წლის რუსეთ -საქართველოს კონფლიქტამდე ვ. ბ-ი და ზ. გ-ი მუდმივად ცხოვრობდნენ დაბა ახალგორში. ვ. ბ-ის ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ მ. გ-ი და ი. ჟ-ა, რომელთაც მიღებული აქვთ საცხოვრებელი კოტეჯი წეროვანის დევნილთა დასახლებაში რიგი .., კოტეჯი N..., ხოლო ზ. გ-ი დარეგისტრირებულია N1668 კოტეჯში დ გ-თან, ქ. გ-თან და ა. ჟ-ასთან ერთად; ახალგორის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობამ 2014 წლის 19 ნოემბრის N 2-1194 წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ ი. ჟ-ა 2008 წლის რუსეთ - საქართველოს კონფლიქტამდე მუდმივად ცხოვრობდა დაბა ახალგორში და მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ ვ. ბ-ი და მ. გ-ი. მიღებული აქვთ საცხოვრებელი კოტეჯი წეროვანის დევნილთა დასახლებაში რიგი ..., კოტეჯი N...; ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამადე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ 2014 წლის 11 ნოემბერს გაცემულ იქნა დასკვნა N783, რომლითაც დადგენილ იქნა ვ. ბ-ისა და ზ. გ-ის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე დაბა ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი; ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამადე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ 2014 წლის 11 ნოემბერს გაცემულ იქნა დასკვნა N785, რომლითაც დადგენილ იქნა ი. ჟ-ას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე დაბა ახალგორში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 20 აპრილის №656, №657, №658, №659 და №660 ბრძანებები იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რაც აქტების ბათილად ცნობისა და მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე