Facebook Twitter

საქმე №ბს-219-217(გ-17) 17 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა გ. ჩ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ჩ-ემ 2017 წლის 10 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრისა და 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გარდაბანში, სოფელ ... №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის გ. ჩ-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ. ჩ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა განსჯად რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გარდაბანში, სოფელ ... მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციაზე. დასახელებული გარემოება კი ცხადყოფს, რომ სარჩელი ნივთობრივი განსჯადობით უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც სადავო უფლების ობიექტი - უძრავი ქონება მდებარეობს. ამგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით დაცული იქნება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის, საქმის სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპები.

რუსთავის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნულ განჩინებას და 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის რეალურ მიზანს წარმოადგენს აღძრული სარჩელით განახორციელოს გარდაბანი, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილება მხარეს შეუძლია მოითხოვოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრის პირველივე სტადიაზე უნდა შეფასდეს მხარის კანონიერი ინტერესები, რა სურს რელურად მხარეს და როგორ უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბებული, ისე, რომ მას სწორი მსვლელობა მიეცეს სარჩელის განხილვის ეტაპზე, რამდენადაც არასწორად აღძრული სარჩელი შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე მხარეს დაევალოს უძრავ ქონებაზე მდებარე გარდაბანი, სოფელი ... ს.კ. ... მესაკუთრედ ცნობა. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში დასაზუსტებელია მოთხოვნა. კერძოდ, მოპასუხის მხრიდან მოითხოვს ქმედების განხორციელებას თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამასთან, მოსარჩელემ მოთხოვნის დაზუსტებისას სარჩელში უნდა მიუთითოს შესაბამისი მოპასუხე და მისი მისამართი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია გარდაბანში, სოფელ ... ს.კ. 81.07.17.075 მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების გაუქმება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა უძრავ ნივთზე - გარდაბანში, სოფელ ..., მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და ამ უფლებაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრულ სარჩელებზე - საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები.

იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მდებარეობს გარდაბანში, სოფელ ... და საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ გ. ჩ-ის სარჩელი უნდა განიხილოს სწორედ რუსთავის საქალაქო სასამართლომ, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება, მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა გამოიწვევს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას.

სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ნაკადის დივერსიფიცირებულ მართვას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავაზე, სადავო ქონების ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, გ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე