Facebook Twitter

საქმე №ბს-582-579(კ-17) 3 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: მა. ა-ა, თ. ა-ა, მ. ა-ა, მ. ბ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მა. ა-ამ, თ. ა-ასმ, მ. ა-ამ და მ. ბ-ამ 2016 წლის 29 თებერვალს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მა. ა-ას (მ. ა-ას, მ. ბ-ას) ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის N304 ბრძანებისა და თ. ა-ას (არასრულწლოვანი ნ. ს-ის) ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის N289 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მა. ა-ას, თ. ა-ას, მ. ა-ას და მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის N304 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუელბით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 8 იანვრის N289 ბრძანება; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მა. ა-ას, მ. ა-ას და მ. ბ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე; დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ა-ასა და თ. ა-ას არასრულწლოვანი შვილის ნ. ს-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.

კასატორი მიუთითებს, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეები: მა. ა-ა, თ. ა-ა, მ. ა-ა და მ. ბ-ა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რეგისტრირებულნი არიან ქ. თბილისი, სამგორი, აეროპორტის დასახლება, „აეროპორტის სასტუმრო“. მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელებული აღწერისას, იძულებით გადაადგილებული პირები: მა. ა-ა, თ. ა-ა, მ. ა-ა და მ. ბ-ა სასტუმრო "აეროპორტში" ფაქტიურ მაცხოვრებელთა შორის არ დაფიქსირებულან. ამასთანავე, აღწერის მასალების გადამოწმება ხდებოდა პერიოდულად, რის საფუძველზეც შეიქმნა შესაბამისი რეესტრის ელექტრონული ვერსია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 28 სექტემბრის N2437295 წერილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე თ. ა-ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით 2009 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 სექტემბრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. "წითელი ხიდის" გავლით. ამავე წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების: მა. ა-ას, მ. ა-ას და მ. ბ-ას მიერ საზღვრის კვეთის ფაქტები დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. "ყაზბეგის", "წითელი ხიდის" და "სარფის" გავლით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 სექტემბრამდე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი N124), მოწინააღმდეგე მხარეებს: მა. ა-ას, თ. ა-ას, მ. ა-ას და მ. ბ-ას უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკაყოფილებაზე მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელეები თავიან ახსნა-განმარტებაში მიუთითებდნენ, რომ ოჯახის ყველა წევრი ცხოვრობდა ერთ ოთახში, რაც ასევე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა მე. ა-ამ. მან განაცხადა, რომ მონიტორინგისას სამინისტროს თანამშრომლებს უჩვენა საწოლი მატრასები და მიუთითა, თუ როგორ თავსდებოდნენ ოჯახის წევრები, ხოლო შეკითხვაზე, ასეთ მცირე ფართში როგორ ახერხებდა ახლადშერთულ ცოლთან, დედასთან და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრებას, მე. ა-ამ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ ძმა და მისი ოჯახი არ ცხოვრობდა მის ოთახში და ცხოვრობდა ქირით. ამის შემდგომ, მოსარჩელეებმაც განაცხადეს ქირით ცხოვრების შესახებ, რაც მანამდე არ დაუფიქსირებიათ არც სარჩელში და არც ახსნა-განმარტების დროს. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებას და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება, რომლიც მიხედვითაც, მონიტორინგის განხორციელების დროს, სამინისტროს თანამშრომელს მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ მისამართზე არ უნახავს.

კასატორი მიუთითებს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძეევადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად, თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად შემუშავებული დევნილთა გრძელვადიანი საცხვრებლი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების პროექტები მხოლოდ ეტაპობრივად ქმნის დევნილი ოჯახებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზების შესაძლებლობას, ხოლო ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის შესახებ“ (დანართი №8) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) გულისხმობს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კომისია განიხილავს და დააკმაყოფილებს მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ საცხოვრებელ ფართებში.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, 2015 წლის 17 აგვისტოს ჩატარებული კომისიის სხდომის შედეგად (ოქმი N97), მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქ. თბილისში, 14 ნგრევადი ობიექტის ერთობლივად დათვალიერების შედეგად შერჩეული ორი, ყველაზე მასშტაბური ნგრევადი ობიექტის - სასტუმრო „კოლხეთისა“ და სასტუმრო „აეროპორტის“ მაცხოვრებელი დევნილი ოჯახები დაკმაყოფილებულიყვნენ საგამონაკლისო წესით. კომისიის ამავე სხდომის დროს გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო იმ დევნილი ოჯახების მონიტორინგი, რომლებისთვისაც სამომავლოდ იგეგმებოდა მოცემული ფართების საკუთრებაში გადაცემა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში. სამინისტროს მიერ, შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების არსებობის პირობებში, იმ დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭება, რომელიც ფაქტობრივად არ სარგებლობს სახელმწიფოს მიერ გადაცემული საცხოვრებელი ფართით, იმ დევნილ ოჯახთან შედარებით, რომელიც ფაქტორბრივად ცხოვრობს ნგრევად ობიექტში და არ გააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი, დისკრეციული უფლებამოსილების არასწორად გამოყენება იქნებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა.

კასატორი არ ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრვი გარემოებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია და შესაგებელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოწინააღნდეგე მხარეები არ წარმოადგენდნენ სასტუმრო „აეროპორტის“ ფაქტობრივ მაცხოვრებელს, რაც სწორედ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩატარდა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რის შედეგადაც გამოცემული იქნა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული იქნა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „აეროპორტი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, ხდება აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს მა. ა-ას, თ. ა-ას, მ. ა-ასა და მ. ბ-ას ფაქტობრივად ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, სასტუმრო „აეროპოტრის“ შენობაში რეგისტრაციისა და ცხოვრების ფაქტი და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საწინაარმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, სამგორის რაიონის, აეროპორტის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „აეროპორტი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, ხდება აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მართებულად დაევალა გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მა. ა-ას, თ. ა-ას, მ. ა-ასა და მ. ბ-ას, როგორც ნგრევად ობიექტში (ქ. თბილისი, სამგორი, აეროპორტის დასახლება, სასტუმრო „აეროპორტი“) მცხოვრები ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე