Facebook Twitter

N100310016001473058

საქმე №ბს-875-871(კ-17) 6 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს "..."-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. განჩინებაზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი (მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მესამე პირი - შპს "...") ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 26.07.2016წ. N51/7970 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში მშენებლობის (რეკონსტრუქციის) ნებართვის გაცემა ქ. ჭიათურაში, ... ქუჩა N18-ში მდებარე ე. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. მესამე პირს შპს "..."-ს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. განჩინებით უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს "..."-მა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.01.2017წ. გადაწყვეტილებაზე შპს "..."-ს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რითაც იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს "..."-ის მიერ არ გასაჩივრებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად არის დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, დაუშვებელია შპს "..."-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე. მნიშვნელოვანია, რომ შპს "..." საქმეში მე-3 პირად ჩართულია ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ასკ-ის 34.2 მუხლი (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის 16.2 მუხლით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში).

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "..."-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. შპს "..."-ს (ს.კ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.08.2017წ. N354 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. ვაჩაძე