Facebook Twitter

საქმე№ბს-186-184(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები: გ. ჟ-ი, დ. მ-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი - ი. ღ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...“, დ. მ-ემ და გ. ჟ-მა 2015 წლის 19 მაისს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...“ ცვლილებების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება №113537-ის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მე-3 პირად ჩაბმულ იქნა ი. ღ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. მ-ისა და გ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოდილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. მ-ემ და გ. ჟ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ისა და გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. მ-ემ და გ. ჟ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად პოლიტიკური გაერთიანება „...“ მიერ 2015 წლის 22 მაისის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გ. ჟ-ის არჩევა არ წარმოადგენდა იმ სახის ცვლილებას, რომელიც იწვევდა პარტიის წესდებაში ცვლილების შეტანის საფუძველს, შესაბამისად კასატორების აზრით, საჯარო რეესტრის მიერ უარის თქმა თავმჯდომარის ცვლილების რეგისტრაციაზე არ არის სამართლებრივად რელევანტური ქმედება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო თავმჯდომარის ცვლილების რეგისტრაცია განეხორციელებინა, მითუმეტეს, რომ მსგავსი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის და მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული.

საკასაციო საჩივრის საფუძვლად ასევე მითითებულია, რომ იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 18 ივნისის №103 ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 ნაწილში არ არის მითითებული ცვლილებების რეგისტრაციის დროს სარეგისტრაციო მოწმობის ორიგინალის საჭიროების შესახებ. ამასთანავე, კასატორები უთითებენ, რომ მხოლოდ საქართველოს კონტიტუციისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევა შეიძლება გახდეს უარის თქმის საფუძველი და არა იუსტიციის მინისტრის ბრძანების არარსებული მოთხოვნის დარღვევა.

რაც შეეხება ბეჭედს, ემბლემას და სხვა სიმბოლიკებს, ყრილობის მიერ არ მომხდარა მათი ცვლილება და შესაბამისად კასატორების განმარტებით არც მოუთხოვიათ ამ ცვლილების რეგისტრაცია, ამიტომ მათთვის გაუგებარია რატომ უნდა წარედგინათ აღნიშნული დოკუმენტაცია და საერთოდ რატომ იყო ეს მოთხოვნა მოპასუხის მიერ დაყენებული. ამასთანავე წესდებაში იყო დაშვებული შეცდომა, რომლის გამოსწორება ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, შესაბამისად, იგი არ იძლეოდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

კასატორები ყრილობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ამტკიცებენ, რომ ის მოწვეული იყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დ. მ-ის მიერ, აღნიშნული გამოქვეყნდა საჯარო შეტყობინებით სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ მიერ შესაბამის ვებ-გვერდზე, გამომდინარე აქედან, ამ უკანასკნელმა დაადგინა, რომ დ. მ-ე იყო უფლებამოსილი პირი. ამასთანავე ყრილობაზე მოწვეული იქნა ნოტარიუსი ა. ქ-ა, რომელმაც შეამოწმა ყრილობის მომწვევთა უფლებამოსილება და დაამოწმა ყრილობის ნამდვილობა. კასატორების მოსაზრებით, საჯაო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნოტარიუსის დამოწმებული აქტების სისწორეზე დავა მისი უფლებამოსილების საზღვრებს სცდება. რაც შეეხება რიგგარეშე და მორიგი ყრილობის მოწვევას მხოლოდ თავმჯდომარის მიერ ეს ეწინააღმდეგება „...“ წესდებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით დ. მ-ისა და გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ისა და გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატობი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის წესს და პროცედურულ საკითხებს ადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე-23-ე მუხლის დებულებები, რომელთა თანახმად, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით); ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი; გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით; დ) პარტიის წესდება; ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ; ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები; ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, რომელიც წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ ან უარს რეგისტრაციაზე, პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში კი მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს. იმავე კანონის 24-ე მუხლით დადგენილია პარტიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის წესი, რომლის თანახმად, პარტია ვალდებულია წესდებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები. ამასთან, ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, ამასთან, წესდებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.

პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ დ. მ-ემ 2015 წლის 24 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა №82247/17 განცხადება 2015 წლის 22 მარტის ყრილობის საფუძველზე პოლიტიკური გაერთიანება „...“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 11 მაისის №113537 გადაწყვეტილებით დ. მ-ეს უარი ეთქვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „...“ ცვლილებით რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...“ 2015 წლის 22 მარტის ყრილობის ოქმით არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 აპრილის №75328 გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „...“ წესდების მოთხოვნებთან ყრილობის მოწვევის პროცედურული საკითხების შესაბამისობა, რაც კანონმდებლობის შესაბამისად მოწვეულ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურად ცნობის აუცილებელ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. მ-ისა და გ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორებს დაუბრუნდეთ დ. მ-ის მიერ 13.03.17წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე