Facebook Twitter

საქმე # 330310015001042691

საქმე №ბს-201-199(კ-17) 16 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. თ-ი(მოსარჩელე)

მესამე პირები: გ. ქ-ე, შ. ქ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტებრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. თ-მა 2015 წლის 21 ივლისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის №882015059823-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ქ-ე და შ. ქ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის №882015059823-03 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივრის საფუძვლად უთითებს, რომ შ. თ-სა და გ. ქ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით, შ. თ-მა გაყიდა, ხოლო გ. ქ-ემ იყიდა მთელი საცხოვრებელი სახლის 2/3 წილი. შესაბამისად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შ. თ-ის საკუთრებაში არსებული ქონების 2/3. რაც შეეხება ხელშეკრულების მეორე პუნქტში 119.53 კვ.მ-ის მიუთითებლობას, კასატორი განმარტავს, რომ როგორც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება, აღნიშნული ფართი წარმოადგენს სამეურნეო ფართს, ხელშეკრულების დადების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელშეკრულებაში არ ხდებოდა ცალკე სამეურნეო ფართის მითითება, იგი განიკარგებოდა საცხოვრებელ ფართთან მფლობელობაში, როგორც მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი.

კასატორი საკასაციო საჩივრის საფუძვლად ასევე უთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, თუ მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის ინდივიდუალური საკუთრების საგანი განკარგულია იმგვარად რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში საგნის ფართობი მოცემულია ნაწილობრივი მონაცემებით, სადაც მრიცხველსა და მნიშვნელში წარმოდგენილია განკარგული საგნისა და მთელი შენობა ნაგებობის მხოლოდ საცხოვრებელი ფართების შეფარდება, ხოლო ამ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ წინარე დოკუმენტში მითითებულია ამ ნივთის სრული დახასიათება, ბოლო მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს გარიგების საგნის მთლიანი ფართის შესაბამისად. აღნიშნული წესით წარმოებს რეგისტრაცია ასევე ამ უძრავ ნივთთან ერთად განკარგულ სხვა არასაცხოვრებელი დანიშნელების ფართებზე თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, ხელშეკრულებაში სამეურნეო ფართის მიუთითებლობა არ ნიშნავდა, რომ მისი განკარგვა არ მომხდარა საცხოვრებელი ფართის პროპორციულად. ამასთანავე, ვ. თ-ის ანდერძისმიერ სამვიდრო მოწმობაში ასევე არ არის მითითებული სადავო 119.55 კვ. მ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით სასამართლოს მიერ არ იქნა ყურადღება გამახვლებული ისეთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, როგორიცაა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღრიცხვა. კერძოდ, უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტის ჩანაწერების, ცნობა-დახასიათებებისა და სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით დასტურდება, რომ გ. ქ-ე თავიდანვე აღირიცხა ... ქ. №61-ში მდებარე უძრავი ქონების 2/3-ის მესაკუთრედ. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში გ. ქ-ის ამ სახით აღრიცხვა მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

კასატორი სადავო აქტის კანონიერების საფუძვლად მიუთითებს, რომ 1983 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებაში სამეურნეო ფართის გასხვისების შესახებ ჩანაწერის არარსებობა არ გამორიცხავდა ამ ფართის გასხვისებასაც და სახეზე იყო შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომლის გამოსწორების მიზნითაც გამოცემულ იქნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მესამე პირების ინტერესს წარმოადგენს 1983 წლის 28 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსის გაგება იმგვარად, რომ გ. ქ-ეზე გასხვისებულ უძრავ ქონებაში მოიაზრებოდეს 119,53 კვ.მ. სამეურნეო ფართის 2/3 წილიც იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა თბილისში, ... ქუჩა (ამჟამად ... ქუჩა) 61-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლის - ერთსართულიანი სახლის 4 ოთახის - 72,22 კვ.მ. საცხოვრებელი ფართიდან და 30,20 კვ.მ. დამხმარე ფართიდან 2/3 წილი. ამდენად, რადგან დამხმარე ფართი წარმოადგენს ნასყიდობის საგანს, სამეურნეო ფართიც შესაძლოა გამხდარიყო ნასყიდობის საგანი ხელშეკრულების მხარეთა ნების არსებობის შემთხვევაში, რაც არ არის გათვალისწინებული სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულ უფლების დამდგენი დოკუმეტით - 1983 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სამართლებრივ შეფასებას, რომ ადგილი არ ჰქონია საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებასთან, აღმოჩენისთანავე შეესწორებინა თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, გამოწვეული დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ქონების მდგომარეობის ამსახველ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორების, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ახალი ამონაწერის გაცემის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს მის მიერ 09.03.17წ. N05230 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე