საქმე # 180310014619068
საქმე №ბს-367-364(კ-17) 18 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლის 13 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „...“ მიმართ. მოსარჩელემ შპს „...“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ 995 000 ლარის, 73 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში და საბანკო გარანტიის თანხის 100000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...“ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 653 000 (ექვსას ორმოცდაცამეტი ათასი) ლარის გადახდა; შპს „...“ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 63 300 (სამოცდასამიათას სამასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით აპელანტის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „...“ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 29 ნოემბრის N29/11/15 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „...“ შორის 2011 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად ცნო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, თუმცა იქვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების მითითების გარეშე, მიუთითა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტის საფუძველზე მოითხოვდა გასამმაგებულ პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც არ გამომდინარეობდა ხელშეკრულების მოთხოვნიდან. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების (მყიდველს უფლება არ ჰქონდა გამყიდველის თანხმობის გარეშე იპოთეკით დაეტვირთა გადაცემული უძრავი ქონება) დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 336 500 ლარის ოდენობით მოიცავდა სააგენტოს მიერ ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტის საფუძველზე 2012 წლიდან 3 დეკემბრის ხელშეკრულების მოშლამდე (27.08.14) მოთხოვნილ სხვა ვალდებულებების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს თანხებს (316 500 ლარი და 25 500 ლარის ოდენობით), რასაც სააგენტო არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები (მხარეთა შორის გაფორმებული 2011 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულება, სააგენტოს 06.06.14წ N4/20705 წერილი) ამგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
კასატორის მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთაგან თითოეული დარღვევისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც აპელანტის მითითებით, ლოგიკურია, ვინაიდან უსამართლო იქნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ერთი ვალდებულების და ერთდროულად რამოდენიმე ვალდებულების დამრღვევისათვის თანაბარი ოდენობის საჯარიმო სანქციის დაკისრება. შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების საწინააღმდეგოდ განემარტა 5.2 პუნქტი და უარი ეთქვა დანარჩენი პირგასამტეხლოს (316 500 და 25 500 ლარის დაკისრებაზე, იმ მოტივით, რომ ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტი არ ითვალისწინებდა „გაორმაგებული და გასამმაგებული“ პირგასატეხლოს დაკისრებას, მაშინ, როდესაც, უდავოა, რომმოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სამი დამოუკიდებელი ვალდებულება, კერძოდ: ხელშეკრულების 3.1.4 პუნქტის მიხედვით - 3.1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ, სეზონურად 10-დან 20-მდე ადამიანის დასაქმების კონკრეტული ვალდებულების ვადის დარღვევისათვის, ხელშეკრულების 5.2.2 პუნქტის და არა 5.2.4 პუნქტის მიხედვით (როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული მყიდველს ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით, რამაც ვალდებულების დარღვევის დღიდან (03.12.2012 წლიდან) ხელშეკრულების მოშლამდე (27.08.2014 წლამდე) შეადგინა 633 დღე, დარიცხულმა პირგასამტეხლომ კი 316 500 ლარი (633 დღე 500 ლარი = 316 500). გარდა ამისა, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის მიხედვით, მყიდველს უნდა წარმოედგინა 30.12.2010 წლის N1064 განკარგულებაში მითითებული აუდიტორული კომპანიის მიერ შედგენილი დასკვნა, რაც ასევე არ განხორციელებულა.
ხელშეკრულების 3.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საინვესტიციო პირობების არსებობისას, მყიდველს არ ჰქონდა უფლებამოსილება გამყიდველის თანხმობის გარეშე იპოთეკით დაეტვირთა გადაცემული უძრავი ქონება, თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ შპს „...“ 23.10.2012 წელს იპოთეკით დატვირთა გადაცემული ქონება ფიზიკურ პირ რეზა სართის სასარგებლოდ, რისთვისაც სააგენტოს მიერ განხორციელდა პირგასამტეხლოს თანხის დარიცხვა 24.10.2012 წლიდან 27.08.2014 წლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით ხელშეკრულების 5.2.4 მუხლის საფუძველზე, რამაც ჯამში შეადგინა 673x 500 = 336 500 ლარი.
აპელანტის მოსაზრებით, თუნდაც ის ფაქტი, რომ სეზონურად 10-დან 20-მდე ადამიანის დასაქმების კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების 5.2.2 პუნქტით, ხოლო გამყიდველის თანხმობის გარეშე იპოთეკით უძრავი ქონების აკრძალვის ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტით, ნათლად ადასტურებს სასამართლოს დასკვნის უსაფუძვლობას - სააგენტოს მიერ ,,გასამმაგებული“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ და იმის თაობაზე, რომ „ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების 5.2.4 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი 24.10.12 წლიდან ხელშეკრულების მოშლამდე 27.08.14 წლამდე პერიოდზე გაანგარიშებული პირგასამტეხლო 336 500 ლარის ოდენობით მოიცავს ხელშეკრულების 5.2. პუნქტის საფუძველზე 03.12.12 წლიდან ხელშეკრულების მოშლამდე (27.08.14) მოთხოვნილ პირგასამტეხლოს 316 500 ლარს“.
რაც შეეხება ხელშეკრულების 3.1.9 პუნქტით ნაკისრ მყიდველის ვალდებულებას ხელშეკრულების შესრულების შესახებ, გამყიდველის ინფორმირების თაობაზე, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 5.2.4 პუნქტის მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით, ცალსახაა, რომ შპს „...“ ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ სააგენტოს 06.06.2014 წლის N4/2070 წერილი ჩაბარდა 23.06.2014 წელს. ვადაგადაცილების პერიოდმა შეადგინა 51 დღე (08.07.2014-27.08.2014) და შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაერიცხა პირგასამტეხლო ჯამში (51 დღე - 500) 25500 ლარის ოდენობით. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პირგასამტეხლოს ოდენობა იმთავითვე იყო შეთანხმებული 2011 წლის 2 დეკემბრის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ვინაიდან სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა (პრივატიზაცია) წარმოადგენს საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას, სადაც სახელმწიფო გვევლინება ამ ქონების ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მქონე სუბიექტად, სახელმწიფო ქონების განკარგვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, ასევე ექვემდებარება განსაკუთრებულ კონტროლს, რომლის უზრუნველსაყოფადაც სახელმწიფო მიმართავს მკაცრ საჯარიმო სანქციებს.
სააგენტოს მოთხოვნა შპს „...“ 10 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე ასევე არ დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, იმ არგუმენტაციით, რომ „ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება გამხდარიყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი და არა 10 000 აშშ დოლარით არსებული დავალიანების გაზრდის საფუძველი... ვინაიდან ვალდებულების გაზრდა ვერ მოხდება მისი უზრუნველყოფით არსებული გარანტიით მითუმეტეს იმ პირობებში, როცა საბანკო გარანტიის ვადა გასულია“.
აპელანტის მითითებით, ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო საბანკო გარანტიის შემცირების შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში შეევსო იგი სრულ ოდენობამდე. აღნიშნული საბანკო გარანტია კი უზრუნველყოფდა მის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს და შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი სრულად უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ საბანკო გარანტია მოქმედებდა 2013 წლის 2 თებერვლამდე, მისი ჩამოჭრა შეუძლებელი გახდა, რის გამოც სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, როგორც 02.12.2011 წლის ხელშეკრულებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლემ, საფუძვლიანად მოითხოვა მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრება. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, არსებული დავალიანების გაზრდის თაობაზე, აპელანტის მითითებით, დარიცხვის პერიოდი, სააგენტოს მიერ არ არის ხელოვნურად გაწელილი და მოიცავს მხოლოდ მოპასუხისათვის გაგზავნილი შეტყობინებისა და დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე პერიოდს, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იყო დაეყენებინა მოთხოვნა ვალდებულების შესრულებამდე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ა.შ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რაც კასატორის მოსაზრებით გაზრდიდა დარიცხული თანხის ოდენობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას. ამასთან, სამოქლაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა პირგასამტეხლოს განსაზღვრა ხორციელდება ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების 5.2.2. მუხლის შესაბამისად, 3.1.2, 3.1.4 და 3.1.6 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.4 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მატერიალური ვალდებულებების შესრულება დამოკიდებულია ყოველი წინა ვალდებულების შესრულებაზე და გამომდინარეობენ ერთმანეთიდან, შესაბამისად სასამართლომ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე მართებულად განმარტა ხელშეკრულების შინაარსი მისი გაფორმებისას გათვალისწინებული მხარეთა ნებიდან გამომდინარე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას საბანკო გარანტიის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 889-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე