საქმე # 330310015001130117
საქმე №ბს-339-367(კ-17) 4 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ. რ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. რ-ემ 2015 წლის 22 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 14 აგვისტოს №1785838 ბრძანების ბათილად ცნობა და კ. რ-ის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. ქუთაისი) ქ. ... სახანძრო-სამაშველო განყოფილების ... (...) თანამდებობაზე აღდგენა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის კ. რ-ის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 14 აგვისტოს №1785838 ბრძანება კ. რ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაევალა, 1 თვის ვადაში საქმისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად კ. რ-ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების მე-14 მუხლი ადგენს პირის გამოსაცდელი ვადით მიღების წესს. მოსარჩელე - კ. რ-ე შსს სსიპ - საგანგებო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 2015 წლის 10 იანვრიდან გამოსაცდელი ვადით იქნა დანიშნული. ზემოხსენებული მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2015 წლის 21 ივნისის N141534 ბრძანებით 2015 წლის 10 იანვრიდან გამოსაცდელი ვადით დანიშნული კ. რ-ე 2015 წლის 14 აგვისტოს N1785838 ბრძანებით 2015 წლის 10 ავლისიდან გათავისუფლდა სამსახურიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების დამოუკიდებელ საფუძველს გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო. გარდა ზემოაღნიშნულისა, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-19 მუხლი განსაზღვრავს სამინისტროში მიღებისას დადგენილ შეზღუდვებს, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროში არ მიიღება სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგების მქონე პირი. აღნიშნული სპეციალური შემოწმება ტარდება კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით, რომლის დროსაც მიღებული/დამუშავებული ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, რომლის გაცემისა და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს ადგენს კანონი. კასატორი ასევე განმარტავს, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში სპეციალური შემოწმების ჩატარებისას უარყოფითი შედეგების არსებობის შემთხვევაში პირი თავისუფლდება სამსახურიდან. მოცემულ შემთხვევაში, კ. რ-ის მიმართ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნა უარყოფითი შედეგები, რომლის შეფასების აქტში აღწერა ან მისი გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად მითითება არ მოხდა, რამეთუ, ასეთი ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტს და კანონი მისი ამ ფორმით გაცემას არ ადგენს/მოითხოვს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს კ. რ-ის მიმართ არ დაურღვევია ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომლის თანახმად, კ. რ-ის მიმართ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საიდუმლოს და კანონი მისი ამ ფორმით გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა, რამდენადაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად საიდუმლო ინფორმაცია არის საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. კასატორი არ უთითებს, კანონით გათვალისწინებულ, რომელ საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს კ. რ-ის მიმართ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია და რომელი კანონით არის მისი დაცვის ვალდებულება დადგენილი.
საკასაციო პალატა ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პერსონალური მონაცემები და კომერციული საიდუმლოება იმ პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შესაძლოა გახდეს ხელმისაწვდომი, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია (სზაკ. 371 მუხლი). ამასთან, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას მოცემულია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლში, ხოლო აღნიშნული კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას და აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა კ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის კანონით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველობის შესახებ მოსაზრება, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესს. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ აქტის გამოცემის საფუძვლების გამოვლენისას წარედგინა მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები, სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სრულყოფილად განხორციელებულად. არ დასტურდება, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოსარჩელის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დადგენა შეფასების აქტით, რაც გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოხელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კ. რ-ემ უკვე მისი სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ მიიღო განათლების ფაქტის დადასტურების თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 17 სექტემბრის №758 ბრძანება, ადასტურებს სასამართლოს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა, სადავო აქტის გამოცემის საფუძველიც გაქარწლებულიყო.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე