#ბს-418-415(კს-17) 13 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. წ-ი
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ... #50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, ... #9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „...“ დირექტორის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ... #50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ... #9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. წ-ლისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მთავრობისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. წ-ლის სახელზე გაეტარებინა რეგისტრაციაში ქ. ქუთაისში, ... #9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო „...“ დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1146,10 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ... #50ა-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი - 1752,90 კვ.მ, ხოლო დანარჩენი ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... #48ა-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, ხოლო მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს „...“ უარი ეთქვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ა. წ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
ა. წ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელზედაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #3/ბ-520-16) ა. წ-ლის განცხადება დარჩა განუხილველი.
2016 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. წ-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, 2000 წლიდან 16 წლის განმავლობაში აღკვეთილი ჰქონდა გასცნობოდა საჯარო რეესტრში დაცულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომელიც მხოლოდ 2016 წლის 11 სექტემბერს გახდა მისთვის ხელმისაწვდომი. ქუთაისის მერიისა და საჯარო რეესტრის მიერ განზრახ არ გაიცემოდა აღნიშნული მტკიცებულებები. ამასთან, განმცხადებლის მტკიცებით, ყალბია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, რაც საქმის ხელახლა განხილვის საფუძველს წარმოშობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით (#ბ-1238-7 (ა-16)) ა. წ-ლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. წ-ლის განცხადება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. წ-ლის სარჩელით დაწყებული საქმის წარმოება დასრულდა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთხელ უკვე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელზედაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით (საქმე#3/ბ-520-16) ა. წ-ლის განცხადება დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. წ-ლის განცხადება, როგორც დაუშვებელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განცხადება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დასაშვებობის სხვა კრიტერიუმების შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსამართლე მურთაზ მეშველიანს არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, ვინაიდან იგი 2005 წლის 21 ივლისს სასამართლო შემადგენლობაში ხათუნა ხომერიკსა და ფრიდონ ბასილაიასთან ერთად მონაწილეობდა, რაც მისი, როგორც მოსამართლის საქმეში მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენდა.
კასატორის მოსაზრებით, 2016 წლის 18 ნოემბერს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ა. წ-ლის განცხადების საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განუხილველად დატოვების თაობაზე, საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით მოხდა. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასამართლოს დავის საგანზე საერთოდ არ უმსჯელია, არ დაუდგენია და არც მიუთითებია იმ ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებზე, რომელთა გამოც სასამართლომ განცხადების განუხილველად დატოვება მიიჩნია მიზანშეწონილად.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად განცხადებაში მითითებულია მთელ რიგ ფაქტებზე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ წარმოდგენილი ფაქტები და მტკიცებულებები არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მან არ იცოდა აღნიშნული ფაქტის თაობაზე. ამასთან, მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით ა. წ-ლის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. წ-ლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ... #50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, ... #9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ამავე გადაწყვეტილებით შპს „...“ დირექტორის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ... #50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ... #9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ლის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. წ-ლისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მთავრობისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. წ-ლის სახელზე გაეტარებინა რეგისტრაციაში ქ. ქუთაისში, ... #9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო „...“ დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1146,10 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ... #50ა-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი - 1752,90 კვ.მ, ხოლო დანარჩენი ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... #48ა-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, ხოლო მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს „...“ უარი ეთქვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ა. წ-ლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
ა. წ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელზედაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #3/ბ-520-16) ა. წ-ლის განცხადება დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო განცხადების შეტანის 5-წლიანი ვადა.
2016 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. წ-მა, რომელმაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმავე საფუძვლით მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ა. წ-ლის განცხადება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ ა. წ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთხელ უკვე მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელზედაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ა. წ-ლის განცხადება დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მართებულად დარჩა განუხილველად ა. წ-ლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. წ-ლის განცხადებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ ერთხელ უკვე იმსჯელა სასამართლომ, შესაბამისად, იმავე საფუძვლებით წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე მურთაზ მეშველიანს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ვინაიდან იგი 2005 წლის 21 ივლისს სასამართლო შემადგენლობაში ხათუნა ხომერიკსა და ფრიდონ ბასილაიასთან ერთად მონაწილეობდა, რაც მისი, როგორც მოსამართლის, საქმეში მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსამართლე მურთაზ მეშველიანმა 2005 წლის 21 ივლისს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმავე ინსტანციის სასამართლოში არ არსებობდა მისი, როგორც მოსამართლის აცილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. წ-ლის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. წ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი