318აპ-10 8 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და დაზარალებულების _ ნ. და ბ. ხ-ბის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გ. ხ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის შემდგომი მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის VI ნაწილის თანახმად, 177-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) _ 9 წლით, ხოლო 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,დ», ,,ე» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით გ. ხ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. ხ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად კი მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 26 ივნისიდან.
გ. ხ-ეს «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლის ვადით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
არ დაკმაყოფილდა დაზარალებულ ნ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელი.
გ. ხ-ეს განაჩენით მსჯავრი დაედო:
ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით;
მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცებისათვის;
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის სექტემბრის დასაწყისში გ. ხ-ე დანაშაულებრივად დაუკავშირდა სააქციო საზოგადოება „ტურისტის“ იმჟამინდელ მძღოლ რ. რ-ეს და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს. მათ გადაწყვიტეს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად შეეღწიათ ნ. და რ. ხ-ბის საცხოვრებელ ბინაში, წინასწარ ფარულად მოემზადებინათ გასატაცებელი ქონება, რის შემდეგაც რ. რ-ე მასზე განპიროვნებული სამგზავრო ავტობუსით მივიდოდა ზემოთ მითითებულ საცხოვრებელ ბინასთან და უზრუნველყოფდა ქონების ავტობუსით გადაზიდვასა და ასევე თანამზრახველი პირების დანაშაულის ადგილიდან უსაფრთხო გადაყვანას.
1999 წლის 8 სექტემბერს გ. ხ-ე თანამზრახველ პირებთან ერთად ხ-ბის ბინაში შევიდა საპირფარეშოს კარის შეტეხვის გზით. მათ გასატაცებლად მოამზადეს საოჯახო ნივთები და სხვადასხვა მატერიალური ფასეულობანი, ხოლო რ. რ-ე შეთანხმებისამებრ ავტობუსით მივიდა ე.წ. „წულუკიძის“ ბაღთან. დაახლოებით 13 საათისათვის მან ქუჩის მხრიდან ავტობუსი მიაყენა ბინის შესასვლელ კართან და გ. ხ-ემ თანამზრახველ პირებთან ერთად ავტობუსში შეზიდა ხ-ბის ბინიდან გატაცებული ქონება _ 57176 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობის ზიანი. ასევე გაიტაცეს ბ. ხ-ის პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტი: საერთაშორისო სწავლების ცენტრის „თასისისა“ და საერთაშორისო ინფორმატიკის ცენტრის კურსების დამთავრების სერტიფიკატები.
ხ-ბის ქურდობის ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩა იქვე, ახლოს, დაახლოებით 8 მეტრში მყოფ, კერძო მოვაჭრე მოქალაქეს _ ლ. კ-ს, რომელმაც სიგარეტ „ვაისროის“ კოლოფის ნახევზე ჩაიწერა ავტობუსის ნომერი და საშველად მოუხმო მეზობლებს. რ. რ-ე თანამზრახველ პირებთან და გატაცებულ ქონებასთან ერთად ავტობუსით, რომელსაც თვითონვე მართავდა, სწრაფად გასცილდა დანაშაულის ადგილს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით _ 3 წლის გამოსაცდელი ვადით (2007 წლის 23 დეკემბრამდე).
2007 წლის 14 თებერვალს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, გ. ხ-ე დაჯარიმდა 500 ლარით.
2007 წლის 14 სექტემბერს გ. ხ-ე კვლავ ამხილეს პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განაჩენით გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი – 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 14 სექტემბრიდან.
მიუხედავად ამისა, გ. ხ-ე არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე, განზრახი დანაშაული, კერძოდ, მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, წონით _ 0, 3343 გრამი.
2009 წლის 26 ივნისს, 13 საათზე, რესტორან „ე-ის“ წინამდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს გ. ხ-ე, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისი შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდში რვა ე.წ. „ჩეკად“ დაფასოებული, მოყვითალო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის ¹162/სქ დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით _ 0, 3343 გრამს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: სახელმწიფო ბრალმდებელმა _ მ. ბ-მა, დაზარალებულებმა _ ნ. და ბ. ხ-ბმა და მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ.
აპელანტმა, სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მ. ბ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ გ. ხ-ეს რ. რ-სთან ერთად სოლიდარულად დაკისრებოდა ნ. და ბ. ხ-თვის მიყენებული ზიანის _ 57176 ლარის გადახდა.
აპელანტებმა, დაზარალებულებმა _ ნ. და ბ. ხ-ბმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება და სამოქალაქო სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ: გ. ხ-სათვის რ. რ-თან ერთად, სოლიდარულად, მათთვის მიყენებული ზიანის _ 57176 ლარის დაკისრება.
აპელანტმა, მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალად შერაცხული დანაშაულები არ ჩაუდენია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ და დაზარალებულებმა _ ნ. და ბ. ხ-ბმა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა _ მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ აღნიშნა, რომ არის უდანაშაულო. მან ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა.
კასატორებმა – ნ. და ბ. ხ-ბმა ითხოვეს ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება, სასჯელის გამკაცრება და დაზარალებულ ნ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება გ. ხ-ისათვის სოლიდარულად 57176 ლარის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ პალატის წინაშე იშუამდგომლა და შესაგებლით ითხოვა დაზარალებულებისათვის უარის თქმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე, ასევე ითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა და გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და დაზარალებულების _ ნ. და ბ. ხ-ბის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ გ. ხ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.
პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე. ასევე არ იზიარებს დაზარალებულების _ ნ. და ბ. ხ-ის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმების, სასჯელის გამკაცრებისა და დაზარალებულ ნ. ხ-თვის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში გ. ხ-ემ განაცხადა, რომ მას არც ნარკოტიკი ჰქონია და არც ქურდობა ჩაუდენია, მაგრამ, პალატის აზრით, ასეთი ჩვენების მიცემა განაპირობა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზანმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის განაჩენით რ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ», ,,გ» ქვეპუნქტებით, 212-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელი.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენების მოტივაციას ნ. და ბ. ხ-ბისათვის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ სამოქალაქო სარჩელზე სასამართლომ იმსჯელა 2002 წლის 4 თებერვალს _ რ. რ-ის ბრალდების საქმის განხილვისას, რა დროსაც სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად და მსჯავრდებულ რ. რ-ეს დაეკისრა 57176 ლარის გადახდა ხ-ბის ოჯახის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლით: ,,მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა». აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე მოცემული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ხ-ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და რაც, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსამართლოდ.
სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ეჭვმიტანილის დაკავების, პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეების: შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების _ ლ. მ-ისა და ბ. ნ-ის ჩვენებებით, დაზარალებულების: ნ. რ. და ბ. ხ-ბის, მოწმეების: თ. და ა. რ-ბის, ლ. და ნ. კ-ბის, ნ. ხ-ის, მ. პ-ის, ც. ჯ-ის, თ. ხ-ის ჩვენებებით, საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის თანახმად პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტებით: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლისა და 2003 წლის 24 ივნისის განაჩენებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, რომელთა მიხედვით რ. რ-ეს შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაეკისრა ნ. და რ. ხ-ბის სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 57176 ლარის გადახდა და, ასევე საქმის სხვა მასალებით გ. ხ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, 1999 წლის რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს, ხოლო იმავე მუხლის III ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი (ქურდობა, ბინაში უკანონო შეღწევით, 1999 წლის რედაქცია), _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 5-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე, იმავე მუხლის III ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი კი _ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და ,,გ» ქვეპუნქტებიდან (1999 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 29 დეკემბრის კანონი).
ამასთან, პალატა თვლის, რომ გ. ხ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ხ-ისა და დაზარალებულების _ ნ. და ბ. ხ-ბის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
მსჯავრდებულ გ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ და ,,გ» ქვეპუნქტებიდან (1999 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის IV ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 29 დეკემბრის კანონი).
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.