Facebook Twitter

საქმე №ბს-382-379(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-მა 2016 წლის 8 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისში, ... ბინა №10-ზე (საკადასტრო კოდი ...) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 6 სექტემბრის №102013229073/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში, მოსარჩელე - მ. ხ-ი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცბობა, მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე–16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 6 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ... ბინა №10-ზე (საკადასტრო კოდი ...) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის ნაწილში; დაეკისრა მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს მ. ხ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ... ბინა 10-ზე. საკუთრების უფლების რგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა გარიგება, რომლის მიხედვითაც მ. ხ-ს სურდა შეეძინა შპს „...“ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. 2013 წლის 6 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა შეტყობინებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საგადასახადო გირავნობა იპოთეკის გავრცელება შპს „...“ მთელ ქონებაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი - „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით საგადასახადო გირავნობა იპოთეკა გავრცელდა შპს „...“ მთელ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ბინა 10.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. ხ-ის განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა 2013 წლის 11 სექტემბერს. შესაბამისად, უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ... ბინა 10, 2013 წლის 6 სექტემბრის მდგომარებით წარმოადგენდა ჯერ კიდევ შპს „...“ საკუთრებას, ამიტომ კასატორის მოსაზრებით მასზე გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება და შემდგომ აღნიშნული უფლების ახალ შემძენზე გადაყოლა კანონიერია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით: „თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად“.

კასატორს მიაჩნია, რომ დასახელებული სადავო საკითხი საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან შესაბამისი განმარტების გაკეთებას, ვინაიდან კონკრეტულ საქმეს გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2013 წლის 6 სექტემბერს განაცხადის წარდგენის დროისათვის უკვე არსებობდა მ. ხ-ის 2013 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი განცხადება უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. თბილისში, ... ბინა №10 საკადასტრო კოდი ...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. ამდენად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მ. ხ-ის განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე არ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობა.

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე