საქმე №ბს-543-540(კ-17) 17.10.2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ო. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და აჭარის ა/რ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. რ-ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და აჭარის ა/რ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ და მოითხოვა იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და აჭარის ა/რ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად დაფიქსირდება აფხაზეთი, გარის რაიონი, სოფ. ... .
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ო. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ო. რ-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ო. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. რ-ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. რ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს - ო. რ-ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება არაერთხელ (ოთხჯერ) გაეგზავნა კასატორს - ო. რ-ას როგორც საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ასევე, კასატორთან სატელეფონო ზარის განხორციელებისას დადგენილ მისამართზე. მიუხედავად ამისა, ხარვეზის შესახებ განჩინების მხარისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ვინაიდან სასამართლოს მიერ მხარისათვის გზავნილის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი საშუალებით ჩაბარება შეუძლებელი იყო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კასატორს - ო. რ-ას საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ, სადაც ასევე მითითებულია ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. შეტყობინება განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა სასამართლო შეტყობინების სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2017 წლის 19 სექტემბრიდან დაიწყო და 2017 წლის 26 სექტემბერს ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. რ-ას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე